რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-პალესტინის ომის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.
ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.
ბლინკენის ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯაბის პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში, სადაც ხაზგასმული იქნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა ყველაზე სწორი არჩევანია. თუმცა, ეს არჩევანი საინტერესო არ აღმოჩნდა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის. ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა ძირი გამოეთხაროს უკვე შეთანხმებულ პრინციპებს.
როგორც ფაშინიანი აცხადებს ახლა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის ბრიუსელში შეხვედრის ჩატარების საკითხი განიხილება, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივა, რომ შეხვედრის მოედნის თვალსაზრისით თბილისი იყოს განხილული, მოლაპარაკების პლატფორმის შეცვლას ნიშნავს.
„გრანადაში ჩატარდა შეხვედრა, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების პრინციპები ევროკავშირის პლატფორმაზე იყო დაფიქსირებული. გასაგებია, რომ როდესაც შეხვედრა ბრიუსელში იმართება, საუბარი ამ პრინციპებიდან გამომდინარე უნდა გაიმართოს და ეს პრინციპები, მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერში სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება, მაგრამ სომხეთმა ეს პრინციპები გაიზიარა და აზერბაიჯანმაც გაიზიარა ის. ახლა კი, როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ და გვაქვს გარკვეული ჩარჩოები, ხოლო აზერბაიჯანი სხვა პლატფორმას გვთავაზობს, ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც აქამდე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალების მცდელობა აზერბაიჯანის მხრიდან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ბაქო მზად არის, რომ ერევანთან მოლაპარაკება თბილისში გამართოს, მაგრამ ამისთვის სომხეთის თანხმობაც არის აუცილებელი, თუმცა ფაშინიანი თბილისში ჩამოსვლას არ გეგმავს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისტორიული ასპექტები იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მათ შორის გეოგრაფიული, საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. ბაქოში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მედიაცია კარგი იდეაა. ერევანში ამ ფორმატისადმი ეჭვები აქვთ, რასაც მეტწილად ალიევისადმი უნდობლობა განაპირობებს. თბილისში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ამ შესაძლებლობის გამოყენება, თუმცა თბილისს სრულყოფილ მომლაპარაკებლად ვერ აღიქვამენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ალიევის ვიზიტი საქართველოში და ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივა საქართველოს შუამავლობით ამიერკავკასიის სამეულის მოლაპარაკებისას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს მნიშვნელობა მშვიდობის დამყარების გზაზე კავკასიაში უალტერნატივოა და ძალიან დიდ პერსპექტივას ქმნის კავკასიის მომავლისათვის, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობა კავკასიაში ბევრს არ უნდა, ხოლო ამის ალტერნატივა მხოლოდ კავკასიის ნგრევა და ომია.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ Politico-ს მიერ გაჟღერებულ ინფორმაცია, სადაც საუბარი ეხებოდა რამდენიმე კვირაში აზერბაიჯანის მოსალოდნელ შეჭრას სომხეთის ტერიტორიაზე, რათა კონტროლის ქვეშ აიყვანოს ე.წ. ზანგეზურის 40-კილომეტრიანი დერეფანი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს აღნიშნულ კომუნიკაციას, დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-ჯერსიდან სოციალურ ქსელებში პირდაპირ დაწერა, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი შედგა.
„ამას მოჰყვა საექსპერტო ვარაუდები, რომ ეს ომი შეეხება მთელ სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში შედგა ბლინკენის ნახევრად დადასტურებული „წინასწარმეტყველების“ შემდეგ მე-5 დღეს. „ჰამასი“ უკვე ისრაელშია, ღაზას სექტორი - ნანგრევებშია, მაგრამ მოდით, ვივარაუდოთ, რომ ილჰამ ალიევისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაცია უკვე ცნობილია და მის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერს ჰქონდა საუბარი.
როგორ გგონიათ, რეგიონის აყვავების პერსპექტივებზე, სტრატეგიულ ეკონომიკურ წინსვლაზე შემაჯამებელი ბრიფინგის მიღმა იმალებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მზაკვრული გეგმები სამხრეთ კავკასიის ისრაელიზაციის თაობაზე იმ ფონზე, როცა ქვეყანა 33 წლის შემდეგ თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ზეიმობს? რასთან გვაქვს საქმე? ამერიკელთა სურვილების „მატერიალიზაციის“ მცდელობასთან, ვითარების „ჰამასიზაციის“ მიზნით?“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ სცოდნოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა საუბარი შედგა ენტონი ბლინკენსა და კანონმდებლებს შორის, რადგან ალიევის ჩამოსვლის და ბრიფინგის მთელი პათოსი ეხებოდა მშვიდობას, სამშვიდობო შეთანხმებას, სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო როლს რეგიონში, მომავლის ეკონომიკური და ენერგეტიკულ პროექტებს.
„თითქოს ეს იყო გზავნილი იმ ძალების მისამართით, რომლებიც პროგნიზირებენ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის არევას და თითქოს ეს იყო პირდაპირი პასუხი, რომ ნუ ცდილობთ მეგობრებო, არაფერი არ გამოგივათ, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში სულ სხვა ტიპის ამოცანებით ვართ დაკავებული და არანაირ ომს, როგორც არ უნდა გინდოდეთ, ჩვენთან ადგილი არ ექნება. ეს ყველაფერი ამოკითხული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დატოვა საქართველო და ამის შემდეგ, მეორე, თუ მესამე დღეს აი, გასკდა ბლინკენის ე.წ. წინასწარმეტყველური განცხადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგი, მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თამარ კიკნაძე თვლის, რომ ერთი არის განცხადებები, მაგრამ მეორეა, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ძალიან პოზიტიური როლი შეუძლია შეასრულოს. რაც შეეხბა ბლინკენის ამ განცხადებას, ამბობს, რომ იგეგმება სტივენ მანის „მართვადი ქაოსის“ თეორია.
„ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი აქვს აშშ-ს. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ როდესაც ამერიკა გავა რეგიონიდან, დატოვებს ამ ქაოსს და რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ისევ მოიკრებს ძალებს, ისევ დაბრუნდება. აი, ეს პრინციპი შეიძლება არსებობდეს. ვხედავთ, რომ ცხელი წერტილებია გარშემო.
ვიცი სომხეთი შეუერთდა რომის სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰააგის ტრიბუნალმა გასცა ორდენი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე, წინააღმდეგობები ძალიან ბევრია. უკანასკნელ ხანს სომხეთი ძალიან მკვეთრად პროდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს და ძალიან დიდ კრიტიკას, მაგრამ უნდა მოინახოს საერთო ენა.
ვხედავთ რაც ხდება მსოფლიოში. ყველაგან არის ცხელი წერტილები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ასეთი წერტილების გაჩენა ზოგიერთ ძალებს ძალიან უნდათ. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა გახდება იმის წინაპირობა, რომ ეს აფეთქება რეგიონში არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.