რუსეთიდან გადმორიცხვებმა მკვეთრად დაიკლო. პარალელურად, მეზობელი ქვეყნიდან შემოსული მიგრანტები საქართველოს ტოვებენ. ეს კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და გადმორიცხვები კიდევ დაიკლებს. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც ქვეყანაში რუსული მიგრაციის ფინანსური გავლენის შემცირებაზე მიუთითებს.
მცირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხოვნობაც. 9 თვის მდგომარეობით, საქართველო 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ.
ISET-ის კვლევითი ცენტრის მაკროეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელის ირაკლი შალიკაშვილის შეფასებით, ის ერთჯერადი ეფექტი, რაც მიგრანტების შემოდინებას ჰქონდა ქვეყანაში წლის ბოლომდე ამოიწურება, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით უბრუნდება საწყისს, საბაზო მდგომარეობას.
„ის, რომ ბოლო პერიოდში გზავნილებმა კლება დაიწყო, მიგრანტების ხარჯზე მოდის და ვხედავთ, რომ წინა თვეებში ამ შემცირების ძირითადი კონტრიბუტორი რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სომხეთი იყო, რაც კავშირში იყო მიგრანტებთან. მოსალოდნელიც იყო ეს კლება, რადგან როცა პირველად შემოვიდნენ, გადმორიცხეს თანხები საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომში საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ვიცოდით მაშინაც, რომ ეს იყო ერთჯერადი გადმორიცხვები და არ იყო კლასიკური გზავნილები. ისიც ვიცოდით, რომ მიგრაციის ასეთი ნაკადები არ იქნებოდა მომავალში და ამიტომ ეს ეფექტი, სადღაც ამოიწურებოდა და ახლა სწორედ ამ ამოწურვის პროცესს ვაკვირდებით, ამიტომაც არის, რომ ახლა რუსეთი არის მთავარი მიზეზი, რომ ბოლო პერიოდში ფულადი გზავნილები იკლებს.
მიგრანტების გადინების მაჩვენებელი ეკონომიკაზე, საბოლოო ჯამში, ასახვას პოვებს, მით უმეტეს, თუ წარსულში ამას ჰქონდა დიდი პოზიტიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ მიგრანტები მასობრივად გავლენ ქვეყნიდან, ეს სარკისებურად ნეგატიურ შოკს წარმოშობს ეკონომიკაში. ეს შეეხება ყველა სექტორს, ტურიზმის სექტორს, მომსახურების სექტორს და საქონლის და მომსახურების ბაზრებს.
ყველა ის ერთჯერადი ეფექტი უკვე მილევის ფაზაშია და წლის ბოლოსთვის მილეული იქნება, მაგრამ საინტერესოა სანამ მიგრანტები ქვეყანაში რჩებიან, ისინი კვლავ ქმნიან მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაში და კვლავ ახორციელებენ ინვესტიციებს და შეაქვთ კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში. როცა გავლენ ქვეყნიდან მთლიანად ამოიწურება ეს ეფექტი. მანამდე ერთჯერადი ეფექტები თითქმის ამოწურულია და საკმაოდ სწრაფი ტემპით უბრუნდება ეკონომიკა საწყისს, საბაზო მდგომარეობას“, - განმარტა „ბიზნეს მედიასთან“ კეშელავამ.
რუსეთიდან ფულად გზავნილების მოცულობა მცირდება, თუმცა პირველ ადგილზე ამ ქვეყნის პოზიცია უცვლელია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ფულედი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან კლების ტრენდს შეინარჩუნებს და არ იქნება ისეთი მასშტაბური, რასაც 2022 წელს ჰქონდა ადგილი.
როგორც ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკური კანონზომიერებას იყო აცდენილი, ქაოსურად მიმდინარეობდა პროცესი და თანდათან ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.
„2022 წელს რუსები საქართველოში შემოვიდნენ გრძელვადიანი მიზნებით, აქ გადმოიტანეს ბიზნესები და დიდი ფულის მოძრაობას შეუწყვეს ხელი. შესაბამისად, ფულადი კონვერტაციები იყო ძალიან აქტიური, ფული აქტიურად გადადიოდა ერთი ანგარიშიდან მეორეზე - ზოგი ბინას ყიდულობდა, ზოგი ქირაობდა და სხვა.
ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით რუსები გადიან ქვეყნიდან, ეს მოცემულობა არ გვაქვს, თუმცა ფულადი ნაკადების მოძრაობა შემცირებულია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსული ფული ყოველთვის შეიცავს რისკს და სუფთა ეკონომიკური კუთხითაც, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა არის სახიფათო, ვინაიდან იგი არასდროს არ ყოფილა სანდო პარტნიორი“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.