“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და ირწმუნება, რომ მალე ქართულ პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დაიწყება. ამასთან, ექსლეიბორისტი არ გამორიცხავს, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს:
- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის დითირამბების მომღერალი პარტია არ ვართ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თუკი მან პოსტი მართლა დატოვა, ეს ქვეყანაში საშინელ არეულობას და უმრავლესობის დაშლას გამოიწვევს, თუმცა ეს პროცესი ისედაც დაწყებულია. მეტსაც გეტყვით: უმრავლესობის ერთ-ერთი სუბიექტი აპირებს “ნაცმოძრაობის” ფრაქციასთან ალიანსი შექმნას და შეიძლება, საქმე ისე წავიდეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მალე “ნაციონალები” აღმოჩნდნენ.
- ბატონო სოსო, მაინც, ვინაა ეს ერთ-ერთი სუბიექტი?
- დასამალი არაფერია - “რესპუბლიკური პარტია”. სწორედ ის ცდილობს წყლის ამღვრევას, თუმცა მისგან ასეთი საქციელი არახალია. “ქართული ოცნებიდან” კობა დავითაშვილი წამოვიდა, მას მალე “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძეც მიბაძავს. გუბაზ სანიკიძესა და მის გუნდს უმრავლესობა, პრაქტიკულად, დატოვებული აქვთ, თუმცა ამის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ. ასე რომ, უმრავლესობა დაშლის პირასაა და თუკი ბატონი ბიძინა პოსტს მიატოვებს, ამით კოალიციის დაშლის პროცესს დააჩქარებს. ივანიშვილმა, პოსტიდან წასვლამდე, უნდა მოახერხოს და დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რათა პარლამენტში ისინი შევიდნენ, ვინც ხალხის ინტერესს გამოხატავს.
- ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლას დავით ბაქარაძეს უწინასწარმეტყველებენ. თქვენც ასე ფიქრობთ?
- პრეზიდენტობის კანდიდატთა ასეთი სიმრავლე ხელს მხოლოდ “ნაცმოძრაობას” აძლევს, რადგან მეორე ადგილი უნდა, რითიც განამტკიცებს ლოზუნგს, რომ ისაა ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა. ამას ხელს ე.წ კოჰაბიტაციაც უწყობს. ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, ვერ ვახერხებ სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეებს ვერ ვაპატიმრებ, რადგან ამერიკელები ამას მიკრძალავენო. ისე, ასეთ გულღია პოლიტიკოსს, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს დაუფარავად აკეთებს და არაფერს მალავს, არ შევხვედრივარ.
- ბატონო სოსო, არჩევნებში მხარს ვის დაუჭერთ?
- “მემარცხენე ალიანსი” საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტურად ნეიტრალური იქნება და შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე არც გამოვცხადდეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არაა იმ იდეების გამტარებელი, რაც ჩვენ მართებულად მიგვაჩნია. საპრეზიდენტო კანდიდატებიდან მემარცხენე პოლიტიკოსი ერთიც არაა. პროცესებს, უბრალოდ, შორიდან ვაკვირდებით და ჩვენი მთავარი სამიზნე 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებია.
- ადრე განაცხადეთ, რომ რამდენიმე პარტიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდით და შეიძლება, კოალიციაც შეგექმნათ...
- პოლიტიკური პარტიების ნაწილთან უკვე მოვილაპარაკეთ. ნაწილთან კი, კონსულტაციები გვაქვს. როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, განცხადებას გავაკეთებთ, ადგილობრივ არჩევნებში კოალიციის სახით მივიღებთ მონაწილეობას თუ არა.
- იაცეკ ვოლსკიმ, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, განაცხადა, რომ საქართველო რეგრესს განიცდის, რადგან ქვეყანაში არიან ისეთი პოლიტპატიმრები, როგორიც, მაგალითად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილია.
- ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეს ძალიან მალე დატოვებენ! ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ პრემიერი ხელფეხ შებორკილია და ამერიკლების გარეშე ვერაფერს ბედავს. მერაბიშვილის და ახალაიას ციხეში ყოფნას გარკვეული მიზანი აქვს - ამით ხელისუფლებას აღელვებული საზოგადოების დაწყნარება სურს, ნახეთ როგორ დავსაჯეთ ყოფილი ჩინოსნები და მალე მათ უგულავაც მიჰყვებაო. ახალაია ციხეში მხოლოდ იმისთვის უნდა იჯდეს, რომ ვაშლს თლიდა და ჯარისკაცს დედა შეაგინა? დავიჯერო, მეტი ცოდვა არაა მის კისერზე? თითქმის ყველა ბრალდება, რაც ჰქონდა, მოუხსნეს, რადგან აშშ-სა და დასავლეთს “ნაციონალების” ტოტალური გასამართლება არც აწყობთ. სამართალი პურს მაშინ ჭამდა, ივანიშვილი ვაშინგტონს რომ არ უსმენდეს. პირველი, რაც ახალ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება იყო, თუ როგორ აიძულეს შევარდნაძისა და აბაშიძის დეპუტატები, რომ სააკაშვილს დამორჩილებოდნენ. ვინ გასცა 7 ნოემბერს და 26 მაისს მიტინგის დარბევის, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დემონტაჟისა და რიყეზე ბიზნეს-ობიექტების წართმევის ბრძანება? - ამის გაგებას ერთი საათი უნდა. ამ ხალხს დავაპატიმრებდი და სამართალს აღვადგენდი.
- ბევრს საუბრობენ მომავალ პრემიერ-მინისტრზე...
- როგორც კი ბატონი ივანიშვილი გადადგება, მთელი მთავრობა გადაყენებულად ითვლება, რის შემდეგაც მინისტრების ხელახალი დანიშვნა მოხდება. ეს კი, პოლიტიკურ მეორედ მოსვლას დაემსგავსება. ამიტომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ხალხმა პრემიერად ივანიშვილი აირჩია. თუ ასე არ მოხდა, თბილისში, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, აქციები დაიწყება.
- “ნაციონალები” ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი, ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. სინამდვილეში, საქმე როგორაა?
- ჩემს ხელთ არსებული ინფრომაციით, ბიუჯეტში გარღვევა 800 მლნ ლარია, რომელიც გარეგნულად არ ჩანს. ბიუჯეტი წელს სეკვესტრს არ განიცდის, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისში ეს პრობლემა თავს აუცილებლად იჩენს. რამდენიც უნდა მალონ, ეკონომიკა, მართლაც, გაჩერებულია და საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით.