BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მთავარი ფიგურანტის „მისტერ ოფშორის“ გარშემო წრე ვიწროვდება. ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისო ბანდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, 33 წლის მულტიმილიონერი ამანთ ჟოზიფი დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით დააკავეს და ახლა მადრიდში ექსტრადიციას ელოდება.
ირკვევა, რომ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა 17 ათასი მოქალაქე დააზარალა, ჯამში კი პენსიონერებისგან ორმილიარდნახევარი ევრო მოიპარა. ესპანური გამოცემის „ელ პაისის“ ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის, რომელიც ახლა თავს კვიპროსს აფარებს.
დავით კეზერაშვილი და მისი უახლოესი ბიზნეს-პარტნიორები ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში არიან ჩართული. ამ თაღლითური ბიზნესის ფილიალი გახსნილია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც. სქემის მოქმედი პირები არიან ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს-კომპანიების მმართველ მენეჯერებს. რატი ჭელიძე ხუთი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი.
რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ „ქოლ-ცენტრებს“, მათი ძირითადი შტაბ-ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში და ორივე - კიევში „Milton group“ - თან არის დაკავშირებული. ალბანეთში გახსნილი „ქოლცენტრი“ დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით - კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და უკვე დაკავებული ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნესპარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ „ქოლცენტრებს“ ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა, რომელსაც „მისტერ ოფშორად“ მოიხსენიებენ. რაც შეეხება კეზერაშვილის უკრაინულ ხაზს, ევროპაში მიმდინარე „ქოლცენტრების“ შემოწმების გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი იქნა რუსეთ-უკრაინის სინდიკატი, რომელიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. გამოძიებით ირკვევა, საკომუნიკაციო ნომრების და თანხების გამოსატანად საჭირო ანგარიშების მომწოდებლები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზარების განსახორციელებელი ძირითადი ოფისები განლაგებულია უკრაინაში. ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეული ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში - მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით.
უკრაინული „კეზერ-ქოლცენტრები“, რუსეთის პარალელურად, აგრძელებენ თანამშრომლობას დასავლეთთან, ასევე წყაროს ინფორმაციით - იყენებენ ფულის გათეთრების ანალოგიურ სქემებს საქართველოს და ბალტიისპირეთის მცირე ბანკებთან კოოპერაციაში, რისი მეშვეობით თავისუფლად ახორციელებენ ტრანზაქციებს უკრაინაში.
თავად კეზერაშვილი უარყოფს მის მონაწილეობას ამ თაღლითურ საქმეში და ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ქვეყანაც დატოვა და საცხოვრებლად კვიპროსსზე გადავიდა.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით გაიმეტებენ თუ არა „გლობალური ომის პარტიის“ აგენტოკრატები თავის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გავლენის აგენტს სასამართლოს საბრალდებო სკამზე მოსათავსებლად, ამას უახლოესი დრო დაგვანახებს.
„BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ კრიმინალიზაციის სახე მიიღო, როდესაც საერთაშორისო კორპორაციასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირზე გავიდნენ. ესპანეთში იქნა დაკავებული 33 წლის მულტიმილიარდერი ალბანეთის მოქალაქე ჯოეფი, რომელიც არის კეზერაშვილს ბიზნესპარტნიორი და რომელიც ფიგურირებს უამრავ და მათ შორის ფოტო დოკუმენტში კეზერაშვილის ამ კონსორციუმის უშუალო წევრებთან ერთად.
დაკავებულს ედავებიან ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით შექმილ პირამიდას. ანუ, ბრალად სდებენ „ქოლცენტრების“ საქმეში ორგანიზატორის როლს.
არ ვიცი ბატონი ჟოზეფი ატარებს თუ არა დავით კეზერაშვილივით ორმაგი პერსონის სტატუსს. მაგრამ, შემიძლია დადასტურებით ვილაპარაკო კეზერაშვილთან მიმართებში, რომ დიახ, ის არის კრიმინალი და დიახ, ის არის გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სწორედ ეს უკანასკნელი სტატუსი იცავს დღემდე კეზერაშვილს იმისგან, რომ ვერ იქნა დაკავებული მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში, რომელიც ხშირად არის ლონდონში, საბერძნეთში და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არის კვიპროსი.
„ყველამ ყველაფერი იცის, დავით კეზერაშვილს დიდი ძებნა არ უნდა, მაგრამ მას არ აკავებენ და არ აკავებენ ზუსტად იმიტომ, რომ ის არის ორმაგი დანიშნულების პერსონა. კრიმინალთან ერთად ის არის გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი და ეს ტრანსნაციონალური, ტრანსკორპორაციული წარმონაქმნი, რომელიც მეტასტაზებივით მოდებულია მთელს მსოფლიოს, თავის აგენტურას ბოლომდე იცავს. ბოლომდეც პირობითი ცნებაა - იცავს მანამ, სანამ თვითონ არის ძლიერი და იცავს მანამ, სანამ ეს გავლენის აგენტი მას ესაჭიროება რაღაცა კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუკი ეს კორპორაცია მიხვდება, რომ ამ გავლენის აგენტმა დაკარგა თავისი ოპერატიული შესაძლებლობები და ვეღარ უმკლავდება მის წინაშე დასმულ ამოცანებს, არ არის გამორიცხული, რომ მან შესწიროს საერთაშორისო მართლმსაჯულებას საკუთარი აგენტი და დააჭერინოს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამა თუ იმ ძალისხმევისა და გლობალური შემოტევისა, კიდევ ერთი გავლენის აგენტის ბედთან დაკავშირებით, როგორც არის მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ლიდერების დონეზე ხელისუფლებაზე ზეწოლა არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ კეზერაშვილმა გლობალური ომის პარტიის თვალში მიიღო უკვე მეორეხარისხოვანი სარგებლობის მომტანი პერსონის სტატუსი, თუ დაკავებული ჟოზეფი ალაპარაკდა და ამ გლობალური დანაშაულის ირგვლივ საინტერესო ჩვენებები მისცა, რომელიც უკვე კეზერაშვილის მიმართ უტყუარი მტკიცებულებების სახეს შეიძენს, ასეთ შემთხვევაში, დავით ქართველიშვილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულება მივა კეზერაშვილამდე.
„არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რომელსაც ვერსიის სახით აქვს არსებობის უფლება, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წელიწადნახევარია აშშ განაგრძნობს ინტენსიურ საერთაშორისო აუდიტს და შიდა კვლევას იმასთან დაკავშირებით, რა იქნა უკრაინისთვის გამოყოფილი ასზე მეტი მილიარდი დოლარის დახმარება, მათ შორის სამხედრო დანიშნულების დახმარება. არის უამრავი პირდაპირი, თუ ირიბი მტკიცებულება, რომ შეიარაღების ნაწილი ტოვებს უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით და დაინტერესებული მყიდველის ხელში გადადის.
ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების პარალელურად, ამერიკის კონგრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ დასვა კითხვა: „ხომ არ ეომება „ჰამასი“ ისრაელს სწორედ, რომ უკრაინის გავლით, მის ხელში მოხვედრილი იარაღით“. ჩვენ ვიცით, რა დიდი გამოცდილება აქვს კეზერაშვილს იარაღის უკანონო ყიდვა-გაყიდვის სქემებთან ჯერ კიდევ 2006-08 წლებიდან გამომდინარე. დაკავებული ბატონი ჟოზეფი იყო ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი თანაშემწე. ჩვენ გვესმის ღია წყაროებიდან, რომ იარაღის გაყიდვის ერთ-ერთი „შავი ბაზარი“ არის ალბანეთში.
არ ვიცი კონკრეტულად „ქოლცენტრების“ საქმის გამო იქნა დაკავებული ეს ალბანელი ე.წ. ბიზნესმენი, თუ იარაღის უკანონო ვაჭრობის საქმეზე. არ არის გამორიცხული, რომ მასთან ამ უკანონო ბიზნეს საქმიანობაში ჩართული იყოს დავით კეზერაშვილი. ყოველ შემთხვევაში, მოვლენები დაიწყო, ის არ დასრულებულა. ვნახოთ, რა ჩვენებებს მისცემს კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი და ამ ჩვენების მიხედვით გამოძიება რა შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არსებობს იარაღის ვაჭრობის როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური არხები. ყველა არხი კონტროლირებადია უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ. ყველა ქვეყანა, რომელსაც, პრაქტიკულად, იარაღის ინდუსტრია გააჩნია, ამ ორივე გზას ძალიან აქტიურად იყენებს. მისივე თქმით, კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობის პერიოდში და მის შემდეგ, მართავენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები. ეს შეიძლება იყოს ერთი ქვეყანა, ან კოორდინირებულად რამდენიმე ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
„კეზერაშვილის ორმაგი აგენტობის თემაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, გაცილებით მძიმედ არის საქმე. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად, მის შესახებ უფრო მეტ დანაშაულებებში მონაწილეობაზე ინფორმაციები გააჩნდა უცხო სახელმწიფოებს, რომლებმაც ის შეიფარა, ეს არ მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ ეს შეიძლება იყოს კეზერაშვილისთვის დასასრული.
ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გარკვეული მფარველობის ქვეშ კვლავ იქნება და ჩვენ, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება მასთან ფიზიკური კომუნიკაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი სპეცოპერაციის ჩატარება და საქართველოში ჩამოყვანა იქნებოდა იდეალური ვითარება ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ მარტო კეზერაშვილი იქნება ამ სქემაში. მასშტაბები საკმაოდ დიდია და იქ, ალბათ, აღმოჩნდება ძალიან ბევრი დიდი ფულისა და ბიზნესის მქონე ადამიანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.