"ახლა გადავეწყვეთ ახალ "პირველზე", თუ სააკაშვილი გვიან დგებოდა და გვიან იძინებდა, ახლა გადავწყვიტეთ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა. წარმოდგენა არ გვაქვს, რას ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლება, საზოგადოება, რა ფუნქცია აქვს მედიას, პარტიებს. სამწუხაროდ, ვერ გავთავისუფლდით მართვის საბჭოთა სისტემისგან. ერთ ადამიანზე იდენტიფიცირებული ხელისუფლება, საზოგადოება, მედია მართვის საბჭოთა სისტემისგან ვერ გათავისუფლდება, ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ გარედან მოხდეს პროცესებში ჩარევა. სანამ არ გამოვალთ ამ სისტემური კრიზისიდან, არაფერი გვეშველება", - აცხადებს "სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გიორგაძე: "საქართველოში სამართლიანობა როდის იყო, რომ მისი აღდგენა მოხდეს?"
"რა მნიშვნელობა აქვს ნაცმოძრაობის ლიდერების ქმედებებსა და ახლანდელი ხელისუფლების ქმედებებს. ტელევიზიები შაყირობდნენ, აქვს თუ არა ნაკლი მიხეილ სააკაშვილს - ვერც ერთი დეპუტატი ნაცმოძრაობიდან ვერ ბედავდა მის ნაკლზე საუბარს, დღეს კი "ქართული ოცნების" დეპუტატები ვერ ბედავენ იმის თქმას, რა ნაკლი აქვს ივანიშვილს - ეს არის ბოლშევიზმი. კი არ მოვუწოდებ ვინმეს, ამ ნაკლზე ისაუბრონ, მაგრამ ადამიანები დათრგუნულნი არიან, ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს ერთგულებაში და ნახეთ, როგორ იქცევიან ოცნების წარმომადგენლები. აქ მთავარი არ არის იდეოლოგიური მოსაზრებები და პრინციპები- როცა ამბობენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვდგავარ პიროვნების გვერდით და არ მაინტერესებს მისი პრინციპები, იქ მთავრდება ყველაფერი. გუდურასავით რომ შეიტანენ და დასვამენ პარლამენტში ვიღაცას და იქიდან გვმოძღვრავს, თითქოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გიორგაძე.
"რაც შეეხება ადეიშვილი ქებას - ჩვენ არ უნდა დაგვიჩლუნგდეს მოვლენების შეფასების უნარი. როცა პირველი განცხადება გაკეთდა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს პოლიტიკაში და ორი პოლიტიკური სუბიექტი უნდა დავრჩეთ მოედანზე, ეს იმის გზავნილი იყო, - ჩვენ და ნაციონალების გავარკვევთ ურთიერთობებსო. ამის შედეგია, ის რაც ხდება. ვარდების რევოლუციის იდეების გადარჩენაზეა საქმე. საპარლამენტო უმრავლესობაშიც რაღაც მოხდება, ვიღაც ოპოზიციაში წავა, ვიღაც უმრავლესობას გამოეყოფა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრების არსი თუ არ გვესმის, არაფერი გვეშველება. რა აქვთ ამათ ერთმანეთთან გასაყოფი, პიროვნულ ურთიერთობებს მოაგვარებენ. თუ 10 წელია თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მომავალშიც ითანამშრომლებენ. ის ფაქტი, რომ ერთი წელია, ადეიშვილი გადაცემული არ არის ძებნაზე, განმარტებებს საჭიროებდა - ეს გააკეთა ივანიშვილმა, აქ მოულოდნელი არაფერია", - დასძენს მამუკა გიორგაძე და შეკითხვას - "ხალხი აღარ უნდა ელოდოს სამართლიანობის აღდგენის პროცესს?" - პასუხობს:
"ამ ტერმინში მნიშვნელოვანი კოდია ჩადებული - როდის იყო საქართველოში სამართლიანობა? როცა "რუსთავი 2"-ს ჰყავს 5 მეპატრონე, რომელი პერიოდიდან ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას ამ ტელევიზიისთვის? საუბარი უნდა იყოს არა სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ სამართლიანობის დამკვიდრებაზე. რას ნიშნავს სამართლიანობის დამკვიდრება, ესეც უნდა გავარკვიოთ. ამის პარამეტრებს თუ გავარკვევთ, ეს შეუზღუდავს ხელისუფლებას თვითნებობას. დავიწყოთ სამართლიანი არჩევნებიდან - ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები ახლა, ადგილობრივი არჩევნები, ასევე საპარლამენტო არჩევნები".