კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი „ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ღია ომს უცხადებს

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი „ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ღია ომს უცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ცნობილია. 2023 წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ექვსი სამის წინააღმდეგ, ვერდიქტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმების რაოდენობის ზღვარზეა მიღებული. გადამწყვეტი ერთი ხმა აღმოჩნდა, სადაც 6-მა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტებით, რომლის უფლებაც პრემიერს არ მიუცია, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაა.

ახლა კი ყველა იმის მოლოდინშია, გადააყენებენ თუ არა პრეზიდენტს პარალმენტში იმპიჩმენტის მეშვეობით. პოლიტიკური გაყრის ოფიციალურ გაფორმებამდე დღეებია დარჩენილი. უმრავლესობა მიმდინარე კვირაში გეგმავს იმპიჩმენტის კენჭისყრას. საკმარისი ხმები ჯერ არ აქვთ, ამიტომ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობიდან თავად გადადგეს.

საკუთარი სურვილით რომ არ გადადგება, ეს ზურაბიშვილმა „ოცნებას“ სპეციალურად გამართული ბრიფინგიდან უკვე შეუთვალა. უფრო მეტიც, ის პარლამენტში კენჭისყრას დაესწრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს „კოჭლი იხვი“ უწოდა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუკი ზურაბიშვილს ღირსება შერჩა, ის უნდა გადადგეს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მმართველმა პარტიამ კი მიზანს მიაღწია.

„როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, - ამბობს კობახიძე.

„არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება“, - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ხელისუფლების მოწოდებას, რომ საკუთარი სურვილით გადადგეს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს.

„არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან მიმართა ოპოზიციას და მოუწოდა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. მათი გადასაწვყეტია და მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ. მინდა ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა გამოვალ, ისედაც და ყველაფერს ვირტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძლოთ ბოლომდე“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ე.წ. მესამე ძალის პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინოს და მან იმპიჩმენტის საკითხი, პირიქით, წამებულის მანტიად მოირგოს.

 „არ არის გამორიცხული ზურაბიშვილი ე.წ. მესამე ძალის წარმომადგენლად მოგვევლინოს. შეეცადოს, რომ იმპიჩმენტის საკითხი სწორედ პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს, თუკი საქართველოში მას პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ეს არის ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტი. ფაქტია, რომ ის გადადგომას არ აპირებს და პირიქით, ამ ყველაფერს ეცდება პოლიტიკური კონტექსტი მისცეს. ასევე ჯერ, ჩვენ არ ვიცით პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ მოიქცევა. ისინი კი იძახიან, რომ ხმას არ მივცემთ, დარბაზში არ შევალთ და ა.შ. თუმცა თვითონ პარტიაში ისეთი სიტუაციაა, რომ მისი ერთი ნაწილის მოქმედება, რომლებიც საჯაროდ არ ჩანს, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.

 კი „ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ხმები არა აქვთ და 90 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ეს შესაძლოა ხელისუფლების მანევრი იყოს და ხმები მოაგროვონ. მეორე ვარიანტია, რომ კანდიდატის მიღების წინ, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი არანაირად არ უნდა აწყობდეს. ამას დასავლეთში ძალინ მწვავე რეაქცია მოჰყვება. ხოლო თუ თავისი სურვილით გადადგება, ეს „ოცნებისთვის“ უმტკივნეულო გამოსავალი იქნება. რეალურად, თუ ევროპელები და ამერიკელები რაციონალურად მიუდგებიან, სახეზე კონსტიტუციის დარღვევაა. ამიტომ ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში, პრეზიდენტი ასეთ სიტუაციაში თავად უნდა გადადგეს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება იმას, თავად სალომე ზურაბიშვილისთვის რა შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, დარჩეს 2024 წლამდე კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად თუ გადადგეს და ოპოზიციაში გადავიდეს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, წაართვა. ამიტომ მას საპრეზიდენტო საქმიანობის განხორციელება ძველ ფორმაში გაუჭირდება.

„შიდა ფრონტზე, იმ ამომრჩეველში, რომელმაც ზურაბიშვილს ხმა მისცა, მათთვის ლეგიტიმაცია პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგული აქვს. იგივე შესაძლოა დასავლეთის თვალშიც ითქვას, რადგან მას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის სტატუსი აქვს უკვე. რაც შეეხება მის ოპოზიციონერობას და საუბარს იმაზე, რომ შესაძლოა მას გვერდით გიორგი გახარია და სხვა პატარა პარტიები დაუდგნენ, ამაში ეჭვი მეპარება“, - ამბობს ანჯაფარიძე.

„პრეზიდენტის დილემა“, ასე უწოდებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს ასევე მესამე გადაწყვეტილების შესაძლებლობაც აქვს, გადადგეს, აიღოს ბილეთი და საფრანგეთში დაბრუნდეს. თუმცა, მისი აზრით, ახლა ქვეყანას ზურაბიშვილის არც იმპიჩმენტი და არც გადადგომა საკუთარი ნებით არ აწყობს. ამის მიზეზად საყვარელიძე მოახლოვებულ კანდიდატის სტატუსს მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილისთვის ოპოზიციაში მოღვაწეობა დიდი არაფრის მომცემი არ იქნება. ოპოზიციას აგერ მიშა ჰყავს სააკაშვილი, თანაც ციხეში და „მომაკვდავი“, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ზურაბიშვილი, რომელმაც სხვების დახმარებით პრეზიდენტობა მოიპოვა, დამოუკიდებლად ქართულ პოლიტიკაში რაიმე სერიზულს ვერაფერს შეძლებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გადადგეს, ბილეთი აიღოს და წავიდეს. ალბათ, მას დასავლურ პოლიტიკურ წრეებში მოღვაწეობა უფრო ხიბლავს. ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯები, რომ მათ თვალში უფრო მიმზიდველი იყოს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეცეპტებით მოქმედებდეს და მისნაირი პერსონისთვის „ნაცმოძრაობა“ ასეთი მიმზიდველი იყოს. მას უფრო შორი მიზნები აქვს და ეს დასავლეთია“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება იმის ალბათობას, რომ თუ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შეძლო და იპოვა იმპიჩმენტისთვის მხარდამჭერი დეპუტატები, ეს დასავლეთის თვალში როგორ შეიძლება გამოჩნდეს, საყვარელიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ზურაბიშვილის მიმართ საკამოდ მძიმე იქნება და დასავლეთისთვის ამის ახსნა, როგორც ოპოზიციას, ასევე ზურაბიშვილს გაუჭირდებათ.

„თუკი ხელისუფლების მხრიდან წამოწეული და მხარდაჭერილი იმპიჩმენტი შეიძლება, როგორც პრორუსული ძალის პროდასავლელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლად გასაღდეს, ხოლო თუ ოპოზიცია მას მხარს დაუჭერს, მაშინ ეს სცენარი ჩავარდება. ასეთ შემთხვევაში საკამოდ გაუგებარი სიტუაცია თავად ოპოზიციისთვის შეიქმნება. ამიტომ არის სავარაუდო, რომ არ დაუჭერენ, რომ თავად გაუგებარ მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ. პრინციპში ოპოზიციას ზურაბიშვილის გადაყენება აწყობს, რადგან ამით ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მეტი არგუმენტები ექნება. თუმცა, დასავლეთში ამის ახსნა გაუჭირდებათ, ამიტომ ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს საყვარელიძე.

ლაზი ოპოზიციას რომ მოუწოდებს, მე პარლამენტში ვიქნები, თქვენ გარედან დამიჭირეთ მხარიო (თანაც, ალბათ ცხელ-ცხელ კრუასანებს დაურიგებენ), ეს ფაქტიურად რევოლუციური დღის წესრიგია. ტრამპს ამდენი მოწოდებაც არ გაუკეთებია და პატიმრობით ემუქრებიან. რაც აშშ-ში დანაშაულია ჩვენთან ევროპულობაა?
დაანონსებულია კრუასანების რევოლუცია!
1 წლის უკან
Gami 1. ანჯაფარიძის ვერ გავიგე - ამბობს მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდებაო, მერე ამბობს, მაგის ოპოზიციონერობაში და სხვებთან კავშირში ეჭვი მეპარებაო... რა გავიგოთ? 2. მადამ სალომეს გათვლა თავიდანვე იყო, ევროპული პოლიტიკის თვალსაწიერში მოხვედრა, მისი პოლიტრეამინაცია; პრეზიდენტობა ამის ტრამპლინი იყო. 3. ზოგადად ძალინ შტერია ეს ქალი, პლიუს ასაკი! ამიტომ მაგის დაძახილი და ლიდერობა არ გაიშვა. ერთხელ რომ დაიძახა და შეყარა ხალხი, რა ქნა, რო???
რა გავი
1 წლის უკან