ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას ისრაელმა 24 საათში ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ნახევარი მილიონი პალესტინელი სამხრეთისკენ უკვე დაიძრა, თუმცა საინტერესოა, სად უნდა წავიდეს 1,1 მილიონი ადამიანი, თუკი ეგვიპტემ ღაზასთან საზღვარი ჩაკეტა? პალესტინელ სამოქალაქო პირებს (და არა ბოევიკებს) წასასვლელი არსად აქვთ. გაერომ და ევროკავშირმაც გააპროტესტეს ისრაელის მიერ გამოცხადებული სრული ბლოკადა, რომ არ შეიძლება ისრაელი ასე მოექცეს მშვიდობიან პალესტინელებს, რამაც შეიძლება კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ისრაელ- პალესტინას შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დღეს მსოფლიოში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ისრაელის მსგავსად, პალესტინელებსაც აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება და ერთის ნაცვლად პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო - ისრაელისა და პალესტინის.
არსებობს თუ არა გამოსავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის? ამის შესახებ for.ge- ს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა:
- ისრაელს არ შეუშლია ხელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის, ამას ხელი შეუშალეს თვითონ არაბულმა ქვეყნებმა. ასე რომ, მთლიან არაბულ ოჯახშია არეულობა და გაუტანლობა. რაც შეეხება, სად უნდა წავიდნენ პალესტინელები, როცა წასასვლელი არსად აქვთ, სად უნდა წავიდნენ ისინი, ვინც დახოცეს არაბებმა?! ისრაელი ახლა მოქმედებს პრინციპით, „სისხლი სისხლის წილ“. ისრაელი დანდობას არ აპირებს, რადგან არაბებისგან ვერ დაინახა ასეთი დანდობა. მართლაც, რაც ვნახეთ იმ კადრებში, დანდობის სურვილი არ გაუჩნდება ადამიანს ზოგადად და, მით უმეტეს, იმ კადრების შემხედვარე, დანდობის სურვილი ვერ ექნება ებრაელს. ასე რომ, როდესაც პალესტინის მხარე, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია წამოაყენებს საკითხს პალესტინელთა მიმართ დანდობისა და ჰუმანური მოპყრობის შესახებ, გასარკვევია, ვის მიმართაც ჰუმანურობას ითხოვენ, ის თვითონ იყო თუ არა ჰუმანური?! წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივი ჰუმანიზმი არაადეკვატურად აღიქმება არა მარტო ებრაელების მიერ, რომლებიც გამწარდებიან ასეთი ჰუმანურობის შემთხვევაში, არამედ თვითონ არაბების მიერაც, რომლებიც ჰუმანიზმს ებრაელების სისუსტედ ჩათვლიან, თუკი ებრაელებმა რამეზე უკან დაიხიეს.
აქამდე ებრაელების არააგრესიულობა და ამდენწლიანი სიმშვიდე, ეტყობა, არაბებმა სისუსტედ მიიჩნიეს და გადავიდნენ შეტევაზე. როცა პალესტინელ ქალებსა და ბავშვებზე საუბრობენ, უნდა გაიხსენონ, რომ ისრაელის მხარესაც სწორედ ქალები და ბავშვები დაიღუპნენ „ჰამასის“ შეტევის დროს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ პალესტინელები ვერსად ვერ მიდიან, აგერ, გარშემო უზარმაზარი არაბული სამყაროა, მათ შორის, ეგვიპტე, მათ გახსნან გზები და მისცენ თავშესაფარი პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს, რაღა ისრაელისგან ითხოვენ თავშესაფარს, რომლის ქალებიც და ბავშვებიც გაწირეს არაბებმა?!
საფრანგეთში პროპალესტინური დემონსტრაციები იმართება, ლოზუნგით - „ისრაელი მკვლელია“. ასევე, ბრიტანეთში ანტისემიტური განწყობაა, ეს სიტუაცია ხომ არ გადაედება მთლიან ისლამურ სამყაროს და ოთხი ფრონტი ხომ არ გაიხსნება ისრაელის წინააღმდეგ - ღაზის სექტორის, ლიბანის, სირიის, იორდანიის მხრიდან, აღარაფერს ვამბობთ ირანის უზენაესი ლიდერის მიერ სიონისტი ებრაელების ამოხოცვისკენ მოწოდებაზე?
- ცხადია, არის შანსი, ცეცხლი გადაედოს სხვა ისლამურ ქვეყნებსაც, მაგრამ ეგ პრინციპია გასარკვევი, საფრთხის გამო ისრაელმა უკან რომ დაიხიოს, ხომ შეიძლება არაბები უფრო წამოვიდნენ შეტევაზე?! ასე რომ, ადამიანების ფსიქოლოგიას გააჩნია. თუკი ისრაელი უკან არ დაიხევს, შეიძლება პალესტინელებიც შეჩერდნენ. ხომ ვნახეთ, რომ ისრაელის მოწოდების შემდეგ ეგვიპტემაც ჩაკეტა საზღვრები, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, ეგვიპტე პალესტინის პარტნიორია. ამდენად, ასეთი მარტივი არ იქნება ისლამური სახელმწიფოების ჩართვა ამ ომში, რადგან ისინი თუ ჩაერთვებიან, მეორე მხარეს ამერიკა ჩაერთვება, ეს ძალიან დიდი მასშტაბის, საშინელი კონფლიქტი იქნება ორივე მხარისთვის.
ამერიკამ ისრაელის დასახმარებლად ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები და ავიამზიდი გადაიყვანა, რათა ამით დიდი მოთამაშეები დააშინოს. პარალელურად, დასაფიქრებელია კავკასიის რეგიონი. შესაძლოა, გარკვეულ ძალებს აწყობდეთ კავკასიაში ვითარების დამძიმება, მაგრამ რამდენად მოსალოდნელია ისლამისტი რადიკალების გააქტიურება ჩვენს რეგიონში? რუსეთს რამდენად სჭირდება დაძაბული ვითარება კავკასიაში?
- რუსეთი იმდენად დიდ თამაშებშია ჩართული, საქართველო ახლა არ არის მისი სამიზნე. ამ შემთხვევაში, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი და ამ ეტაპზე, თუკი გავრცელებული ვერსიები სწორია, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ეს რესურსი, რომ მას შეუძლია ამოიფაროს მუსლიმანები და იფარებს კიდეც ამ მუსლიმანებს. ეს ხელს შეუწყობს მუსლიმანებს ყველა მიმართულებით. საქართველო, ამ შემთხვევაში, იმდენად მცირე ზომის თემაა, არა მგონია, ამ კონტექსტში საქართველოზე ფიქრობდეს რომელიმე მხარე. რაც შეეხება რუსეთის ინტერესს, ყველას გვახსოვს ჩეჩნეთის პრობლემა რუსეთის მიმართ, რუსეთისთვის თავისი მუსლიმანების მოთოკვა უფრო ხელსაყრელია, რომ არ განმეორდეს ჩეჩნური პრობლემა. ამდენად, რუსეთი ამ ეტაპზე, მე მგონი, ხელს არ შეუწყობს თავისი მუსლიმანების გაძლიერება-გააქტიურებას, მაშინ, როცა სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმანების გააქტიურებას შეიძლება ხელი შეუწყოს.
ისრაელის წინაშე ახლა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური პრობლემაა, გაწიროს თუ არა პალესტინელების მიერ ტყვედ აყვანილი საკუთარი მძევლები. ისრაელი პირდაპირ აცხადებს, რომ მძევლების ბედი აღელვებს, მაგრამ ახლა ისრაელის ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ სტრატეგიაზე, რაც საჭიროა ისრაელის მომავლის უზრუნველსაყოფად. პალესტინელებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, თუკი ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორის დაბომბვას, მძევლებს მოკლავს და ვიდეოჩანაწერებს ატვირთავს. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფმა ისრაელმა შეიძლება გაწიროს საკუთარი მძევლები? შეიძლება მძევლების ბედით ასე თამაში?
- სამწუხაროდ, მძევლების ბედით თამაში ხდება ხოლმე. მძევლები იმიტომ არსებობენ, რომ მათი გამოყენების, დასჯის ცდუნება ყოველთვის აქვთ ხოლმე. რთული საკითხია, ისრაელი გაწირავს თუ არა საკუთარ მძევლებს, ეს ბრძოლის სტილზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ ერთ კერძო მოვლენას, ივანიშვილის ძმა მძევლად აიყვანეს, ივანიშვილს დაურეკეს, ორი მილიონი გვინდაო. ივანიშვილმა უთხრა, კი, 2 მილიონს მე გამოვყოფ, ოღონდ გადავცემ სხვა კრიმინალებს იმისთვის, რომ თქვენ გიპოვონ და მოგკლანო. მეორე დილას ივანიშვილს ძმა მიუყვანეს. ასე რომ, გააჩნია რა სტილს აირჩევს ისრაელი. მით უმეტეს, ისრაელი დაპირებულია, თუკი მძევლები დაიხოცებიან, თითო მძევლის დაღუპვის შემთხვევაში, ღაზის სექტორში თითო სახლი აფეთქდება.
დღეს დავობენ, ვისია პალესტინის ტერიტორია. თორას მიხედვით, ეს ტერიტორია ისრაელის აღთქმული მიწაა, თუმცა, რეალურად იქ საუკუნეებია, პალესტინელები ცხოვრობენ. ერთი პერიოდი, ებრაელები საკუთარი სახელმწიფოს შექმნას სხვადასხვა ტერიტორიაზე ფიქრობდნენ, მათ შორის, აფრიკაშიც აპირებდნენ დასახლებას. თუმცა მას შემდეგ, რაც სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავიდ ბენ- გურიონმა 1948 წელს დააარსა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო, 1948 წლის ომის შემდეგ 700 ათასი პალესტინელი აიყარა ან აყარეს პალესტინიდან და დღეს ამ პალესტინელების შთამომავალი 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილია ლიბიაში, იორდანიაში, სირიაში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. მათი ნაწილი დღემდე ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს და ისრაელში დაბრუნება სურს, საიდანაც ისინი აყარეს.
- რაც შეხება ისტორიას, თუ ვის ეკუთვნოდა ახლანდელი პალესტინის მიწა, ეს ყველაზე სადავო საკითხია, რადგან ისტორიისკენ მიბრუნება გაუმართლებელია ხოლმე. მსოფლიოს წინაშე ებრაელების პრობლემა იდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მით უმეტეს, საუბარი იყო ჰიტლერისგან დაჩაგრულ ებრაელებზე, ამ პრობლემის გადაწყვეტის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი და ებრაელები დამკვიდრდნენ იქ, სადაც დღეს არიან. თორემ ეგ ტერიტორია ისრაელს თავისი ნებით არ აუღია. მანდ დასახლება ისრაელის ბრალი არ არის.
,,ცალმხრივი ჰუმანიზმი" არ არსებობს, ისე როგორც, ნახევრად ორსული.
ვერავინ დაგავალდებულებს, იყო ჰუმანური. მაგრამ ან ხარ ეგეთი, ან არ ხარ.