სამეგრელოს მოსახლეობა თხილის წლევანდელ მოსავალზე დიდ იმედს ამყარებს. ადგილობრივთა თქმით, შარშანდელთან შედარებით, ფასით კმაყოფილი არიან. დღეისთვის ზუგდიდში თხილის ფასი 3,2 ლარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 4 ლარამდე გაიზრდება, რადგან ამ დროისთვის თხილი შრება და წონაში იკლებს...
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, თენგიზ გუნავა თხილის ფასის კლებაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრემიერის გარემოცვა ბიზნესში უხეშად ერევა.
პრეზიდენტის რწმუნებულმა "ფეისბუკში" გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ზუგდიდში, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ორგანიზაცია "მსოფლიო ტექნიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ბრეგვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივი თხილის შემსყიდველები შეკრიბა და მკაცრი მითითება მისცა, თხილის შესასყიდი ფასის დაწევისა და პროდუქტის დიდი რაოდენობით მხოლოდ ზუგდიდის ერთ ქარხანაში ჩაბარების შესახებ, რომელსაც "ივანიშვილის ქარხანას" ეძახიან.
მსგავსი ქარხნის შესახებ ზუგდიდში არაფერი სმენიათ, თუმცა მოსახლეობა პირად საუბრებში ამბობს, რომ თხილის ბიზნესში წილების გადანაწილებაზე გააფთრებული ბრძოლა კვლავაც მიმდინარეობს. ბრძოლაში ჩართული არიან როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. პოზიციებს არ თმობენ ის ბიზნესმენები, ვინც თავის დროზე მმართველი გუნდის პიარკამპანიებს აფინანსებდნენ.
"საჭიროა სასწრაფო პრევენცია. უნდა შეიქმნას რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ ბიზნესს გააკონტროლებს და ერთ კონკრეტულ ჯგუფს ან პიროვნებას მონოპოლიის საშუალებს არ მისცემს", - აცხადებს ერთ-ერთი ზუგდიდელი.
ანზორ კვარაცხელია, ზუგდიდის მკვიდრი:
- ზუგდიდში თხილის რამდენიმე ქარხანაა, სადაც ფასი მიმღებ პუნქტებთან შედარებით, 10 თეთრით მეტია, მაგრამ მოსახლეობა უპირატესობას მაინც ცენტრალურ ქუჩებში განთავსებულ მიმღებ პუნქტებს ანიჭებს, რადგან უფრო მოსახერხებელია...
- რატომ?
- მირჩევნია, ნაცნობ "მეთხილეს" ჩავაბარო, რადგან გზისპირას აქვს მიმღები პუნქტი. სანამ ქარხნამდე მივალ, რიგში ჩავდგები და სანამ ფულს ავიღებ, უამრავი დრო მეკარგება. გზისპირა პუნქტებს უფრო მეტად ისინი აბარებენ თხილს, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება ფული და 50-100 კილოგრამი მიაქვს ჩასაბარებლად. მას ქარხანაში დგომა და ცდა არ უღირს... თხილი ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. წელს მთელ რეგიონში ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა და ყველას გვეშინოდა, რომ ფასი დაბალი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით უკმაყოფილოები არ ვართ. კარგი მოსავლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ამერიკული პეპელა" არ ყოფილა. წინა წლებში, უკვე ივნისში, მცენარე ფოთლების გარეშე იყო დარჩენილი და გაშიშვლებული ხეებიდან უმწიფარი ნაყოფი ცვიოდა... შარშან ამ დროს ერთი კილოგრამი თხილი 3 ლარი ღირდა, წელს კი - 3,2 ლარია. ახლობლებმა მითხრეს, რომ ერთ დღეს 3,3 ლარიც ყოფილა, მაგრამ მე ამ ფასში არასდროს ჩამიბარებია. ხან რაში დამჭირდა, ხან - რაში და ასე, თანდათან, 300 კილოგრამი წინასწარ გავყიდე. ფეხს ვითრევ, იქნებ ცოტაც აიწიოს ფასმა. ბოლო რამდენიმე წელია, თურქები დადიან; სპეციალური, თხილის დასარჩევი ტრაქტორები ჰყავთ და ერთი ტონა თხილის დარჩევაში 40 კილოგრამი მიაქვთ. ცოტა არ არის, მაგრამ ვისაც 4-5 ტონა თხილი აქვს, მისთვის კარგია, რადგან ამდენს ხელით ვერავინ დაარჩევს. თან, ამ დროს, ყველა თავისი მოსავლის დაბინავებითაა დაკავებული და ვერც დამხმარეს იშოვი...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში არსებობს ე.წ. "პრემიერ-მინისტრის ქარხანა", რომელიც მთელ რეგიონში ფასს არეგულირებს...
მარინა ნარმანია, თხილის მიმღები პუნქტის მფლობელი:
- ამჟამად ზუგდიდში 4 დიდი და რამდენიმე მცირე ქარხანა არსებობს. ვხვდები, რომელ ქარხანაზეც საუბრობთ: "ნაო ნათსი" ჰქვია და ის ყველაზე დიდია, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მიმღებ პუნქტებში არსებულ ფასზე 10-15 თეთრით მეტს იხდის. შესაბამისად, ის ფასს ვერ დაარეგულირებს...
- თუ ქარხანაში ფასი 10-15 თეთრით მეტია, მაშ, გლეხების უმრავლესობა იქ რატომ აღარ აბარებს მოსავალს?
- იმიტომ, რომ ქარხანაში მაღალი ხარისხის, სუფთა და ხელით დარჩეული თხილი უნდათ. ჩემთან კი, ხშირ შემთხვევაში, ნაგავი მოაქვთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტრაქტორით დარჩეული თხილი ყოველთვის უხარისხოა: ჩენჩო, გაშავებული და დაობებული თხილი მოჰყვება, რასაც ქარხანაში არ იბარებენ. ეს არის ფასში განსხვავების მიზეზი და არა ის, რომ ისინი უფრო კეთილები არიან. აქ კი, ჩემს მიმღებ პუნქტში მყავს კლიენტები, რომლებსაც უკვე წლებია, ჩემთან მოაქვთ თხილი. ყველა მათგანის ოჯახის მდგომარეობა ვიცი და ზოგჯერ თხილის დარჩევამდეც ვატან ფულს. როგორ ვუთხრა უარი ადამიანს, რომელსაც წლებია, ვიცნობ და თხოვნით მოდის, - შვილის ექიმთან მისაყვანი ფული არ მაქვს და თხილის დარჩევამდე 50 ლარი მომეციო? ვიცი, რომ მომიტანს თხილს, მაგრამ როგორს მომიტანს, ეს უკვე სხვა საქმეა. უმეტეს შემთხვევაში, ცუდი, ობიანი და ჩენჩოიანი თხილი მოაქვს, მაგრამ უარს არ ვეუბნები. ყველანარი ხარისხის თხილის კლიენტი მყავს, - შემსყიდველს ვგულისხმობ. წელს თხილის შემსყიდველი თურქების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. თუ ადრე მხოლოდ ადგილობრივები იბარებდნენ იმ ფასში, რასაც მართლაც თავად აწესებდნენ, წელს კონკურენცია გაიზარდა და ჩვენც გვაქვს არჩევანის საშუალება. დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მოდის, ზოგი - ქართველი, ზოგიც - თურქი და სხვადასხვა ფასს მთავაზობს. სად მიაქვთ, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე უხარისხო თხილიც იყიდება, ოღონდ - დაბალ ფასში... ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, ეს ფასი უნდა იყოს და უნდა გაითვალისწინოო.
- გასულ სეზონზე რა ხდებოდა?
- გასულ წლებში მართლაც არეგულირებდნენ ფასს. შარშან და გასული 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ 3 ლარამდე ფასი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო - იმ პერიოდში, როდესაც თხილი გამომშრალია და წონაში მკვეთრად იკლებს; შემდეგ ისევ 2,5 ლარზე ჩამოდიოდა, ნოემბრის ბოლოსთვის კი ისევ 3 ლარამდე ადიოდა... 2003 წლამდე თხილის ფასს პარტიზანები - ე.წ. "ტყის ძმები" და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. შემდეგ ითქვა, რომ ამ ბიზნესით პრეზიდენტის ძმა, დათო სააკაშვილი დაინტერესდა, რომელიც თხილის ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა. მხოლოდ შარშან, წინასაარჩევნოდ მოიმატა 50 თეთრით... წილების გადანაწილებისთვის ახლაც მიმდინარეობს ბრძოლა. ითქვა, რომ ვინმე პაპაშვილს უნდა თხილის ბიზნესზე კონტროლი... ეს არც გვიკვირს, უბრალოდ, ჩვენ, მცირე მეწარმეებსაც უნდა დაგვიტოვონ საარსებო წყარო და გლეხებსაც უნდა ჰქონდეთ შრომის მოტივაცია. სხვანაირად, აჩეხავენ თხილის პლანტაციებს და თავის სარჩენად რაიმე სხვა კულტურას მოიყვანენ... მოსახლეობას თხილის მოყვანა, მოგროვება და დარჩევა ძვირი უჯდება. მხოლოდ მუშახელს, დღიურად, 25 ლარს უხდიდნენ, რადგან წელს თხილის კარგი მოსავალი იყო. რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ სეზონური შემოსავლით ცხოვრობს და მათთვის თხილის საბაზრო ღირებულება ძალზე მნიშვნელოვანია.
გიორგი კუკავა, შპს GNM-ის დირექტორი:
- ბოლო რამდენიმე დღეა, თხილზე მაღალი ფასის გამო, პროდუქტის ჩაბარება ჩვენც გვიჭირს. კარგი იქნება, თუ ფასი დარეგულირდება ან დაიკლებს.
- ამ ეტაპზე რა ფასში იბარებთ თხილს?
- ამ ეტაპზე შეჩერებული ვარ და არ ვიბარებ, რადგან უკვე საკმაო რაოდენობით მაქვს შეძენილი და მის გაყიდვაზე ვარ გადართული. ახლა რა მარაგიც გვაქვს, აგვისტოშია შესყიდული... ექსპორტზე ვართ დამოკიდებული და რთულია, ასეთ მაღალ ფასად შეისყიდო თხილი, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მისი ფასი დაბალია.
მერაბ ფიფია, ზუგდიდის მკვიდრი:
- გვეუბნებიან, რომ თხილის ფასი დეკემბრის ბოლოს 4 ლარი იქნება. ამ დრომდე მხოლოდ ის ადამიანები მოიტოვებენ პროდუქტს, ვისაც 10 ტონამდე შემოსავალი აქვს, ან ვინც თხილის ბიზნესს მისდევს. ისე კი, თხილის ფასის 10 თეთრით გაზრდა სამეგრელოს მოსახლეობას ვერ გადაარჩენს, რადგან კრიმინალმა იმატა. უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება, სხვა საკითხია, მაგრამ ჩემი ნაკვეთიდან თხილის მოპარვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, ვიდრე დამწიფდებოდა. როდესაც ჩამოცვივდა, მერეც ეზიდებოდნენ და შეგროვებულიც წაიღეს ავტოფარეხიდან... საქონლის ქურდობაც გახშირდა. მე ყველაზე მეტს ვყვიროდი, - "ოცნება" უნდა ავირჩიოთ-მეთქი, მაგრამ ახლა იმედგაცრუებული ვარ. უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ხალხმა ანაკლიასა და განმუხურში თხილის პლანტაციები აჩეხა და პატარა კაფეები გააკეთა. შარშან და შარშანწინ რაღაც შემოსავალი ჰქონდათ, წლეულს კი, მათთან კაციშვილი აღარ მისულა... ყოველ მეორეს ბანკის ვალი აქვს. უთხრეს, თხილი გაყიდე და გაისტუმრეო. კი, ბატონო, გაისტუმრებს იმ ვალს, მაგრამ ოჯახს რა აჭამოს?! ეს არის ჩვენი შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში.