„ნეთანიაჰუ კატეგორიულად მოსთხოვს ამერიკელებს, დაეხმარონ, თორემ არჩევნები მოდის და ებრაელებს შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შეუქმნან ბაიდენსა და დემოკრატებს“

„ნეთანიაჰუ კატეგორიულად მოსთხოვს ამერიკელებს, დაეხმარონ, თორემ არჩევნები მოდის და ებრაელებს შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შეუქმნან ბაიდენსა და დემოკრატებს“

ვლადიმერ პუტინი ისრაელელ და პალესტინელ მებრძოლებს კაცურ ბრძოლას „ასწავლის“ და მოუწოდებს, „დაე, იბრძოლონ კაცებმა, დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს“. მისი მიმართვა განსაკუთრებულად „ფასეულია“ უკრაინაში ამოხოცილი ქალებისა და ბავშვების ფონზე...

პარალელურად, უკრაინელები ამტკიცებენ, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა სწორედ უკრაინაში ნადავლის სახით მოპოვებული იარაღით განხორციელდა, რომლის ნაწილიც რუსეთმა „ჰამასს“ გადასცა. თუმცა ამის შესახებ განსხვავებული პოზიციები აქვთ საერთაშორისო ექსპერტებს. მათი აზრით, რუსეთი რომ დახმარებოდა „ჰამასს“, ამას ისრაელი ადრე თუ გვიან შეიტყობდა და რუსეთი ისრაელს დაკარგავდა. ამასთან, რუსეთს ისრაელ-პალესტინის ომის გაგრძელება არ უნდა აწყობდეს, რადგან კონფლიქტი ჩაითრევს ლიბანსა და სირიას, რის შემდეგაც სირიაში მდებარე რუსულ სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ბაზებს პრობლემები შეექმნება. ეს ბაზები განსაზღვრავს რუსეთის სიძლიერეს ახლო აღმოსავლეთში.

ასე რომ, რუსეთის მონაწილეობაზე ამ კონფლიქტში აზრები იყოფა. ერთი მხრივ, რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინის ომიდან სხვაგან გადაიტანოს, რათა ამერიკას უკრაინასა და ისრაელში ძალების ერთდროული დივერსიფიცირება გაუჭირდეს. მეორე მხრივ, ისრაელის გადაკიდება და ამ კონფლიქტის გაგრძელება რუსეთს არ უნდა აწყობდეს თუნდაც სირიაში მისი ბაზების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

სანამ ექსპერტები თავს იმტვრევენ იმის გასარკვევად, რა სურს რუსეთს და სანამ ისრაელის ტანკები და ჯავშანმანქანები თავს იყრის ღაზის სექტორის სასაზღვრო ღობის გასწვრივ, „ჰამასმა“ უკვე მოასწრო რუსული წარმოების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „კორნეტის“ გამოყენება, რომელიც ლაზერის სხივით ახორციელებს დამიზნებას.

რამდენად მომგებიანია რუსეთისთვის კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტური კერის გაჩენა ახლო აღმოსავლეთში?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში დაძაბული სიტუაციითა და ქაოსით არა მარტო რუსეთი, არამედ ჩინეთიცაა დაინტერესებული. რუსეთი ოფიციალურად პალესტინელების მოკავშირეა. შარშან პალესტინელების დელეგაცია მოსკოვში იყო ჩასული და პუტინმა დიდი ამბით მიიღო, ამიტომ კეთდება ახლა პესკოვის განცხადებები, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ცეცხლი. რაც შეხება პუტინს, მან მშვენივრად იცის, გინდ ხვალვე დამთავრდეს ომი, პუტინმა თავისას მიაღწია, რადგან უკრაინას უკვე გამოუჩნდა ძალიან სერიოზული კონკურენტი დახმარების მიღების სფეროში. უკრაინა ვერ გაუწევს კონკურენციას ისრაელს. სოსო ცინცაძის მოსაზრებით, დღეს უკვე უკრაინისადმი დახმარება ვაშინგტონისთვის პირველი პრიორიტეტი აღარ არის, პირველი პრიორიტეტია ისრაელის დახმარება. განსხვავება იმაშია, რომ ზელენსკი დასავლეთს ეხვეწება, დამეხმარეთო, ნეთანიაჰუ კი კატეგორიულად მოსთხოვს ამერიკელებს, დაეხმარონ, თორემ ამერიკაში არჩევნები მოდის და ებრაელებს შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შეუქმნან ბაიდენსა და დემოკრატებს გაისად ჩასატარებელ არჩევნებში.

მიაწოდა თუ არა მოსკოვმა იარაღი პალესტინელებს, ამის შესახებ სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც ისრაელს სჭირდება, უკრაინას არ სჭირდება. უკრაინას სჭირდება დიდი სიშორის რაკეტები, რომლებიც ისვრიან 100-150-200 კილომეტრზე, ისრაელს კი სჭირდება რაკეტები, რომლებიც ისვრიან 5-10 კილომეტრზე, რადგან მანძილი მცირეა ისრაელსა და ღაზას შორის.

„ვფიქრობ, მოსკოვს არ მიუწოდებია იარაღი პალესტინელებისთვის, თუმცა გამორიცხული არ არის, რუსული იარაღი პალესტინაში მოხვედრილიყო. ახლა კალაშნიკოვები ყველას აქვს, პალესტინაში რომ იბადება ბავშვი, ლამის ყველა ბავშვს აკვანში უდებენ კალაშნიკოვს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ამერიკული, ევროპული იარაღი. ეს ის იარაღია, რომელიც ალაფის, ნადავლის სახით უკრაინაში ხელში ჩაიგდო რუსეთმა, უკრაინა ახლა ამბობს, ეს იარაღი რუსეთმა მიაწოდა პალესტინელებსო, რუსეთი კი ამბობს, არა, ეს ის იარაღია, რომელიც ამერიკელებმა გადასცეს უკრაინელებს და კორუმპირებულმა უკრაინელებმა გაყიდეს. ეს ზღაპარია, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტი ხელად დაადგენს იარაღის წარმომავლობას. თითოეულ იარაღს აქვს თავისი პასპორტი, ლამის სახელიც აქვს, მამის სახელი, მისამართი. ვერავინ ვერ დამალავს იმ იარაღს, რომელიც ამერიკამ გადასცა უკრაინას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, რომ უკრაინელები და პალესტინელები ერთად ვერ ძოვენ, რადგან პალესტინა პრორუსულია.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი მოქმედებს ისე სუფთად, რომ ისრაელმა ვერ დააბრალოს პალესტინელთა დახმარება. სინამდვილეში, რუსეთს ძალიან გაუხარდა ისრაელში დატრიალებული უბედურება, რადგან ყურადღება მართლაც გადავიდა ახლო აღმოსავლეთისკენ.

„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი „ჰამასს“ იარაღით ამარაგებდა და ფარულად ეხმაურებოდა. რუსეთი ჩარეული იქნება ამ ამბავში, უბრალოდ, გააჩნია, რა დოზით. ვერ ვიტყვი, რომ ისრაელში „ჰამასის“ შეჭრა რუსეთის დაგეგმილია, მაგრამ, ცხადია, რუსებს ინფორმაცია ექნებოდათ, რომ „ჰამასი“ შეჭრას ამზადებდა, შეძლებისდაგვარად, რუსები დახმარებას, ალბათ, გაუწევდნენ „ჰამასს“ გაძლიერების მიზნით. იმაზეც საუბრობენ, თითქოს „ვაგნერელები“ ავარჯიშებდნენ „ჰამასის“ მებრძოლებს, არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია სიმართლეს ჰგავს“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.