„ანუ, პრეზიდენტი ირჯებოდა პრინციპით - „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?“ - სასაცილოა მისი წარმომადგენლების პოზიცია“

„ანუ, პრეზიდენტი ირჯებოდა პრინციპით - „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?“ - სასაცილოა მისი წარმომადგენლების პოზიცია“

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა დღეს - 14 ოქტომბერს იწურება, გამომდინარე იქედან, რომ უქმე დღეა, ამიტომ თარიღმა ორშაბათამდე გადაიწია. მისივე თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ.

„ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს. ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა ხელისგულზე დევს და ამის არდადგენა სამართლებრივად კითხვას გააჩენს ნებისმიერ იურისტში. აქედან გამომდინარე, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და თუ კონსტიტუციით იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კენჭისყრის დროს იმპიჩმენტს 90-ზე მეტი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.

„დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი. ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის რამდენი დღე აქვს დარჩენილი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, მე ვარ ამაში დარწმუნებული. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ვცდილობთ ხმების მობილიზებას, როცა გამოჩნდება 89, 90 თუ 88 ხმა, მერე იტყვიან, რომ აი, ვერ მოახერხესო. მარტივი სპეკულაციებია ეს ყველაფერი. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, რომ 90-ზე მეტი ხმა არ დაჯდება ტაბლოზე, როდესაც უკვე დასრულდება კენჭისყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, სინამდვილეში, ყველასთვის გასაგებია, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს, ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ სჭირდებათ თავიანთი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

„ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში თავიანთ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი დარჩებიან ალიანსში და, რა თქმა უნდა, დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს, რადგან მათ აქვთ მყარი ალიანსი ჩამოყალიბებული. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და პირდაპირ არიან შეკავშირებული ერთმანეთთან. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დაუჭერს თუ არა მხარს იმპიჩმენტის პროცედურას მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ უცნობია. თუმცა ცნობილია პარტიის პოზიცია - თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს ასეთ შემთხვევაში ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ზურაბიშვილი კი პრეზიდენტის შეწყალებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტს ვინც ხმას მისცემს, მონაწილეობას მიიღებს ევროინტეგრაციის კურსის დაბრკოლებაში. შესაბამისად, ყველა უნდა დაფიქრდეს, ვიდრე მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს.

„მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის წამოწყებული, რომ შეიქმნას საინფორმაციო ქაოსი. მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ 100 ხმის მოგროვების პრობლემა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მეეჭვება, რომ სხდომათა დარბაზში 100 ხმა მოგროვდეს. ამის რესურსს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმ ადამიანებზე“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში საჭირო რაოდენობის ხმებს იშოვის და მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არიან. როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს.

„პარტია „მოქალაქეებს“ პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან. ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და შესაბამისად, აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტიც სამართლიანი იქნება.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ზურაბიშვილის ბოლო განცხადება ადასტურებს, რომ მართლაც უშვებენ სახლში ნომრიან აგენტს.

„ეს თუ განხორციელდა, ეს იქნება მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული მართლა უმაღლესი დონის პოლიტიკური კლასი. სახელმძღვანელოებში ჩასაწერი და მაგალითი იმისა, რომ მერე სხვამ არ განახორციელოს საქართველოსადმი ასეთი დონის ღალატი. თორემ ისეთი დღე მოელის - „მკვდარსაც კი გაეცინება“. ნამეტნევად სახიფათო იქნება მაგ ქალის დასაცავად ნიკოლოზა-ბაჩუკა-ხაბე-ჭიჭიკოს ალიანსმა მიტინგი თუ გამოაცხადა. აი, მაშინ კი მართლა „დაერხა“ ქვეყანას“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიცია, თითქოსდა პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის საფუძველზე, არ ახორციელებდა არავითარ წარმოამდგენლობით უფლებამოსილებებს, რადგან ამ ვიზიტებს არ ექნებოდა არანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგები, ანუ - პრეზიდენტი ირჯებოდა პრინციპით, - „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა“ და ამიტომაც, მთავრობის თანხმობა არა სჭირდებოდა - სასაცილომდე არასერიოზული იყო.

„ეს ვიზიტები რომ უკავშირდებოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას, ცალსახად დასტურდება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მოითხოვა მთავრობის თანხმობა. მთავრობამ თანხმობა არ მისცა და მაშასადამე, საკითხი - იყო თუ არა ეს ვიზიტები წარმოამდგენლობითობის განხორციელება, იმთავითვე ამოწურულია: როგორც მთავრობა, ასევე თავად პრეზიდენტიც ვიზიტების წინ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, რომ ისინი უკავშირდებოდნენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას და მთავრობის ნებართვას აუცილებლად საჭიროებდნენ. მთავრობა ამ ვიზიტებს მიზანშეუწონლად მიიჩნევდა, რადგან მას ნეგატიური გავლენა ექნებოდა მთავრობის პასუხისმგებლობით წარმართულ საგარეო პოლიტიკაზე, ამიტომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევის ფაქტი უდავოა“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.