პალესტინელებისთვის წამზომი ჩაირთო და ისრაელის მიერ მიცემული 24-საათიანი ვადაც ამოიწურა. ასე რომ, ისრაელმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეითი ძალები და ტანკები 13 ოქტომბერს, საღამოს, უკვე ღაზას სექტორში შევიდნენ „ლოკალური რეიდის“ ჩატარების მიზნით, რათა გაეწმინდათ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისგან. IDF აცხადებს, რომ ჯარები ჯერ ღაზას სიღრმეში არ შესულან, შესაბამისად, არც სახმელეთო ოპერაცია დაწყებულა. ისრაელის არმიის ცნობით, სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ. IDF-ს განცხადებითვე, ისრაელის არმიის მიერ ამ რაიონში ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი.
ამ დროში კი მილიონზე მეტმა პალესტინელმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს და სამხრეთით გადავიდეს. ამის შემდეგ კი ისრაელი სექტორის მასიურ დაბომბვას და სახმელეთო ოპერაციას ერთდოულად დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ქვა-ქვაზე არ დარჩება. ისრაელის არმიის მთავარი ამოცანაა „ჰამასის“ საიდუმლო გვირაბების განადგურება და ღაზას სექტორის მთლიანად გაწმენდა ტერორისტებისგან.
„დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით“, - ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის პრემიერ - მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხს.
მისი თქმით, დღეს ესაუბრა მძევლად აყვანილთა და დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ „ჰამასს“ და ეს მხოლოდ დაასაწყისია.
„ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - აღნიშნა მან.
„ჰამასი“ კი საკუთარ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დარჩნენ, რაც, პრაქტიკულად, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს.
„ჯოჯოხეთის ხვრელი კოლაფსის ზღვარზე“ - ასე მოიხსენიებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზას სექტორს.
„ან სიკვდილი ან თავისუფლება“ - ამ დევიზით კი ტერორისტები მთელ არაბულ სამყაროს მოუწოდებენ ომში ჩართვას და პარალელურად, ისრაელის მიამართულებით თავდასხმებს არ წყვეტენ.
„ჰამასმა“ ისრაელი დაადანაშაულა „ფსიქოლოგიურ ომში“ იმ განცხდების გამო, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ სახლები და გადაადგილდნენ სამხრეთით.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ისრაელმა პირველი შოკი და გაურკვევლობის ეტაპი გადაიტანა და „ჰეზბოლას“ და „ჰამასთან“ გამკლავება არ გაუჭირდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ირანი პასიურობს და შესაბამსიად, სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, ისრაელი ამ ორ ტერორისტულ ორგანიზაციას გაუმკლავდება.
„ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს გგემა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს მინიმალურად ააცილებს იმ დარტყმას, რომელიც სახმელეთო ოპერაციის დროს მოხდება. ისრაელი შეეცდება წერტილოვანი დარტყმები „ჰამასის“ დაჯგუფებას მიაყენოს და ამით მისი საბრძოლო პოტენციალის განადგურება მოახერხოს. ასევე, მოახერხოს იმ საგარეო რეზიდენტების განადგურებაც, რომლებიც ჰამასს ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაში და განხორციელებაში ეხმარებოდნენ. მე მგონია, რომ ეს ოპერაცია აქამდე სწორედ იმიტომ არ დაიწყო, ისრაელი ცდილობს მეტ-ნაკლებად მოიძიოს ზუსტი ინფორმაცია ტყვეების ადგილსამყოფელის შესახებ და ასევე ტერორისტების ზუსტი განლაგება დაადგინოს. ასე ბრმად ისრაელი არ შევა და ეს დროის მიცემაც ლოგიკურია, რადგან დრო ახლა ისრაელსაც სჭირდება.
ისრაელის ჯარს ასევე ურბანისტული ბრძოლების დიდი გამოცდილება აქვს. ახლა ისრაელს ყველაზე გამოცდილი და ბრძოლაში კარგად გაწვრთნილი 500 ათასამდე სპეციალური ჯარი ჰყავს, რომელიც სწორედ ასეთ ბრძოლებშია გამოცდილი. ასევე, რეზერვისტების 360 ათასი ადამიანის მობილიზება მოახდინა. ამერიკელები კი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის ბლოკადით ისრაელის ჯარს ეხმარებიან. ამიტომ ამხელა სამხედრო ძალა, რა თქმა უნდა, „ჰამასის“ 30 ათასიან ჯარს ადვილად დაამარცხებს“,-ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა დანარჩენ ისრაელის მეზობლებს, დიდი ალბათობით, ეგვიპტე მის წინააღმდეგ მოქმედებებს არ დაიწყებს. მათ 1978 წლის პოლიტიკური დოქტრინა აქვთ და გამორიცხულია ეს ხელშეკრულება დაარღვიონ. მეორე მხრივ, ეგვიპტეს „ჰამასთან“ საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება სირიას, მათ პრობლემები თავად ქვეყნის შიგნით აქვთ და სამხრეთ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ვერ აკონტროლებს. ამიტომ ასადის ხელისუფლებას ამ კონფლიქტში ჩართვა საერთოდ არ სურს. ხოლო, ირანი ჯერჯერობით თავს იკავებს და ფაქტია, რომ რაიმე სერიოზულის გაკეთება თუ უნდოდა, ამას პირველივე დღიდან იზამდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ეს იქნება მეოთხე თაობის ომი ქალაქის ჯუნგლებში. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა მაღლივი კორპუსის მეორე და მესამე სართულები აღებული აქვს „ჰამასს“, სადაც შტაბები და მართვის პუნქტები აქვს განთავსებული. ამის გამო, ისრაელი იძულებულია მთელ კორპუს დაარტყას. ჰაერიდან მხოლოდ მესამე და მეორე სართულს მიზანში ვერ ამოიღებენ. გენერალი ამბობს, რომ მძევლებს სპეციალურად სხვადასხვა ობიექტებზე გადაანაწილებდნენ და მათ ერთად თავს არ მოუყრიდნენ. ამიტომ ეს ისრაელის ჯარის ამოცანებს კიდევ უფრო ართულებს.
„ჰამასი“ ქალებს და ბავშვებს ფარად იყენებს და ეს ახალი არავისთვის არ არის. 2014 წლის ღაზას ომის დროს, 1700 პალესტინელ დაღუპულს შორის, 1650 სამოქალაქო პირი იყო. აქედან 500 ბავშვი. ყველაზე დიდი საფრთხე კი ის გვირაბებია, რომელიც „ჰამასს“ მიწის ქვეშ აქვს გაყვანილი. ყველაზე გრძელი გვირაბი იყო 3 კილომეტრიანი, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე იყო შესული. 1500 გვირაბი ჯერ კიდევ 2013 წლისთვის იყო აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, იქ ქვიშაა და ასე ადვილად არ ხდება მისი გათხრა. ასევე ყველაზე ღრმა გვირაბია 70 მეტრის სიგრძის. ახლა ამის მერე კიდევ რამდენ გვირაბს გათხრიდნენ ვინ იცის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს კომბინირებული დარტყმები, ჰაერიდან, ზღვიდან სწორედ ამ გვირაბების გასანადგურებლად ხდება, მაგრამ რამდენად მოხდება ეს კიდევ საკითხავია. ღაზას სექტორში ყველაზე დიდი საფრთხე ისრაელის სამხედროებს სწორედ აქედან ელით. ღაზას სექტორი თბილისის ნახევარია და ორმილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ამ ხალხს გასასვლელი არსად არა აქვს. „ჰამასი“ მათ არ უშვებს და ალყაში ჰყავს ხალხი. ამიტომ ეს ისრაელის ჯარს საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, ამ ტერაქტის მთავარი მიზანი შიშის, უიმედობის და პანიკის დათესვაა, ხოლო ამ მსხვერპლით ტერორიზმი კვებოს. მეორე მხრივ, გენერალის თქმით, ეს იყო რეიდი განხორციელებული იმისთვის, რომ მძევლები წამოეყვანათ. მისი აზრით, მძევლების რაღაცა ნაწილს შემდგომი გაცვლებისთვის დაიტოვებენ. ამის პარალელურად, მსოფლიოში ტერორისტული მოძრაობის გაღვივებას ცდილობენ.