ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. რომ მომხდარიყო...

ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. რომ მომხდარიყო...

რამდენიმე არაბულ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება. მწვავე გამოსვლები ტუნისში დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტის შეცვლით დამთავრდა. ანალოგიური აქციები მიმდინარეობს ეგვიპტესა და იემენშიც. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაკავებულია ასობით აქციის მონაწილე და რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი.

არაბულ სამყაროში მიმდინარე ხმაურიანმა პროცესებმა საქართველოშიც გამოიწვიეს გამოხმაურება. პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, დღევანდელ საქართველოში არ არის რევოლუციური ატმოსფერო. ირაკლი მენაღარიშვილი კი აცხადებს, რომ არაბულ ქვეყნებში საპროტესტო მუხტის გამწვავება ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის სურვილმა გამოიწვია.

„საქართველოში არ სუფევს რევოლუციური ატმოსფერო“, – ამგვარ დასკვნას აკეთებს გია ნოდია რადიო „თავისუფლებისთვის“ მომზადებულ სტატიაში წერს, რომელიც foreignpress.ge-მ გამოაქვეყნა.

ნოდია ამგვარ დასკვნამდე ტუნისის რევოლუციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მთლიანად საზოგადოების ნაკლები ინტერესის საფუძველზე მიდის. ავტორი აღნიშნავს, რომ როდესაც მმართველი პარტიიდან რამდენიმე პოლიტიკოსს ტუნისის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ქვეყნის პოზიციის შესახებ შეკითხვა დაუსვა, ისინი გაოცებულები დარჩნენ.

„პოზიცია არ არსებობს და ეს მხოლოდ მთავრობას როდი ეხება: ტუნისის მოვლენებმა ზოგადად, მცირე ინტერესი გააღვიძა საქართველოში. მათზე ცოტათი იმსჯელეს სოციალურ ქსელებში, მაგრამ მხოლოდ ცოტათი“, - აღნიშნავს გია ნოდია.

მისივე აზრით, ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი მაშინ, ალბათ „თამამად განაცხადებდა, რომ ტუნისელი ხალხი, ისევე როგორც ხალხი ყველგან, თავისუფლებას იმსახურებს“.

„ალბათ, იქნებოდა აშკარა მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს რევოლუცია ტუნისის დემოკრატების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო. შესაძლებელია ისიც, რომ „ვარდების რევოლუციის“ ვეტერანები ტუნისისკენ გაეშურებოდნენ, რათა რევოლუციური მასებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ და იქნებ ერთი-ორი სასარგებლო რჩევაც მიეცათ, მაგრამ დღეს ასეთი რამ რთული წარმოსადგენია“, - წერს ნოდია.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2007-2009 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ფერად რევოლუციებთან სხვადასხვა ქვეყნებისთვის დაკარგეს ინსტიქტური იგივეობა. ნოდიას აზრით, ტუნისის მოვლენებზე რეაქციის დეფიციტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის რევოლუციური ფაზა დასრულებულია.

ნოდია ტუნისის „ჟასმინის რევოლუციას“ ავტორიტარული მმართველობის შეცვლის მაგალითად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რევოლუციური განწყობის საქართველოში არარსებობამ ხელისუფლება ძალიან არ უნდა გაახაროს“.

„ჟასმინის რევოლუცია“ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ კანონზომიერებას შეგვახსენებს: ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს. როგორც კი მოდერნიზაცია წარმატებას აღწევს, იქმნება საშუალო კლასი, რომელიც ადრე თუ გვიან სრულ პოლიტიკურ თავისუფლებას მოითხოვს. პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე, ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს“, - წერს გია ნოდია.

როგორც ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, არაბულ სამყაროში მიმდინარე აქციები ამ ქვეყენებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის სურვილს უკავშირდება.

„ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ანალიზის გაკეთება რთულია. ზედაპირული ანალიზით, იმის თქმა შეიძლება, რომ ეს აქციები დიდი ხნის განმავლობაში ავტორიტატული რეჟიმების ყოფნას უკავშირდება. საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიული მოთხოვნების ლოზუნგი ვითარდება.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ეს შეიძლება ითქვას ყირგიზეთზე. მსგავსი მუხტი იყო უზბეკეთშიც, თუმცა, ხელისუფლებამ მწვავე მეთოდებით ჩაახშო“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მაგალითად ეგვიპტისა და ტუნისის შიდა საქმეებში ჩარევისა.

„ეს ამ ეტაპზე არ შეიძლება და უკანონოც იქნება. თუ მშვიდობიანი მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა, მერე უკვე შესაძლებელია. მანამდე კი სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად შეიძლება დაეხმარონ, იგივე - ჰუმანიტარული დახმარებით, რადგან, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება, ეკონომიკური პრობლემები იჩენს ხოლმე თავს ქვეყანაში“, - განმარტავს მენაღარიშვილი.

ამ ფონზე მასობრივი არეულობებია ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. სტამბულსა და ანკარაში სტუდენტთა მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა სტამბულში. აქციის მონაწილეებმა ქალაქის იმ ნაწილში შეღწევა სცადეს, სადაც პრემიერი ერდოღანი სტუდენტთა ჯგუფს ხვდებოდა.

დემონსტრანტთა შეჩერება პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ხელკეტების გამოყენებით შეძლო. სამართლდამცავებმა 30-მდე მანიფესტანტი დააკავეს. ანკარაში არეულობების გამო 10 დემონსტრანტი დაშავდა. სტუდენტები მიტინგებით თურქეთში სწავლის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.