მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა შეფმა ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს სანახავად, პერიოდულად, საზღვარგარეთ აკითხავს.
"ამბები.გე"-სთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, კოდუა საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა ისევ დატოვა ქვეყანა.
მისი ვიზიტი დიდი ალბათობით, იმ სკანდალურ ინფორმაციას უკავშირდება, რომელიც "ამბები.გე"-მ ექსკლუზიურად შეიტყო.
კერძოდ, კოდუას ახალი ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას სთავაზობდა. კრიმინალური პოლიციის ყოფილმა შეფმა კი შეთავაზებაზე უარი თქვა.
სწორედ ასე მოხდა ერეკლე კოდუას შემთხვევაშიც. თუმცა, კოდუასგან განსხვავებით, როგორც ამბობენ, ბევრმა ყოფილმა ჩინოსანმა შეთავაზება მიიღო.
"ამბები.გე"-სთვის უცნობია, რატომ თქვა ერეკლე კოდუამ უარი შეთავაზებაზე და კონკრეტულად, რა თანამდებობას სთავაზობდნენ მას, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ მისი დაბრუნება ძალიან სურდათ.
კოდუას მიმართ კეთილგანწყობა ახალი ხელისუფლების პირობებში საგამოძიებო უწყებებმაც გამოხატეს - ჩვენ გადავამოწმეთ და პროკურატურაში გვითხრეს, რომ კოდუას მიმართ არცერთი ბრალდება არ აქვს წაყენებული მთავარ საგამოძიებო უწყებას.
ჩვენი ინფორმაცია იმ სკანდალურ შეთავაზებაზე, რომელიც კოდუას უწყებაში დაბრუნებას გულისხმობს, არც უარყო და არც დაადასტურა კოდუას მეუღლემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემს მეუღლეზე, ერეკლე კოდუაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ამაზე გავაკეთე უკვე საჯარო განცხადება. ძალიან მიყვარხართ, ძალიან პატივს გცემთ, რაზეც გინდათ დამირეკეთ, უბრალოდ პირადზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ მინდა. მილიონი ბოდიში... მეც ჟურნალისტი ვარ, არ მიყვარს,
როდესაც რესპონდენტი არ მპასუხობს, მაგრამ სწორად გამიგეთ.
მან თანამდებობაზე უარი თქვა, არცერთ საქმეში ბრალი არ წაუყენებიათ, და მაინც, რატომ ცხოვრობს ერეკლე კოდუა საქართველოდან შორს, უცნობია.