„მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა, ამის მიუხედავად, შეიძლება ასწავლო მოკვლა“, -ამბობდა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ ლეგენდარულად მიჩნეული ხელმძღვანელი ისეთ ჰარელი.
ისტორიის კუთვნილებად იქცა „მოსადის“ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი უპრეცედენტო ოპერაცია, როდესაც 1960 წელს ისრაელის დაზვერვამ 20 წამში ბუენოს აირესში, გარიბალდის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ჰოლოკოსტის არქიტექტორი ადოლფ აიხმანი აიყვანა, რომელიც არგენტინაში იმალებოდა და ფაშიზმის დროს 6 მილიონი ებრაელის განადგურებას კურირებდა.
ავტობუსის გაჩერებიდან სახლისკენ მიმავალ ადოლფ აიხმანს ტროტუარზე გაჩერებული და ვითომ გაფუჭებული მანქანის ირგვლივ მყოფი მამაკაცებიდან ერთ-ერთმა, ანუ „მოსადის“ აგენტმა ესპანურად მიმართა „Un momento, senor“ და დააკავა. კონსპირაციულ ბინაში გადაყვანის შემდეგ კი აიხმანისგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს. შემდეგ აიხმანი ნარკოტიკებით გააბრუეს და აეროპორტისკენ გააქანეს, საბაჟოზე კი განაცხადეს, რომ ავტოკატასტროფაში მოხვედრილი ისრაელის დიპლომატი იყო, გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა, ამიტომაც იყო თავიდან ფეხებამდე ბინტით შეხვეული.
აიხმანის დაკავება და არგენტინიდან მისი ისრაელში გადაყვანა იყო „მოსადის“ მესიჯი, რომ ისრაელის სახელმწიფო თავისი მტრების დასჯაში მხოლოდ საკუთარი ტერიტორიით არ შემოიფარგლებოდა.
დღეს კი „მოსადმა“, არათუ უცხო ტერიტორიაზე, საკუთარი ტერიტორიის სიახლოვეს, ღაზას სექტორშიც ვერ აღმოაჩინა საეჭვო ფაქტები. ებრაელი პოლიტოლოგები პირდაპირ ადანაშაულებენ ისრაელის დაზვერვას, რომელმაც „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმა ვერ ააცილა საკუთარ მოსახლეობას და „ჰამასის“ საიერიშო მზადების რამდენიმეთვიანი ციკლი უყურადღებოდ დატოვა. სპეცსამსახურების ასეთივე ჩავარდნა ისრაელში 1973 წლის 6 ოქტომბერს იომ-ქიფურის (მიტევების და ცოდვების მონანიების დღეს) ომის დროს დაფიქსირდა.
1973 წელს ისრაელის ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა შეტყობინებას, რომ ეგვიპტის, სირიის, იორდანიის ჯარები შეტევას გეგმავდნენ ისრაელზე, რომ მათ მიიღეს უახლესი საბჭოთა სარაკეტო კომპლექსები და დონორებისგან სისხლს აგროვებდნენ. ისრაელის მთავრობამ მაშინ ჩათვალა, რომ ეს ინფორმაცია დეზინფორმაცია იყო, თანაც, ისრაელი ფრთხილობდა, პირველს არ დაეწყო ომი დ ისრაელი აგრესორად არ წარმოჩენილიყო.
დღეს რა ხდება? დაიმსხვრა თუ არა „მოსადის“ (ისრაელის საგარეო დაზვერვა) და „ამანის“ (ისრაელის სამხედრო დაზვერვა) უძლეველობის მითი „ჰამასის“ შეჭრის პარალელურად?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „მოსადის“ და „ამანის“ უძლეველობა სერიოზულად დაიმსხვრა. ასე მოხდა 1973 წელსაც, განსჯის დღის, ანუ იომ ქიფურის ომის შემდეგ. მაშინაც იყო მოულოდნელობა, მაშინაც ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ვერაფერი გაიგო, არავინ ინფორმირებული არ იყო. იომ ქიფურის ომი დამთავრდა თუ არა, შეიქმნა კომისია, კომისიის თავმჯდომარე იყო უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცნობილი იურისტი გელენი. მისმა კომისიამ დაადგინა დამნაშავეების ვინაობა, „მოსადის“ რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დაკარგა, საბოლოო ჯამში, ისრაელის პრემიერის გოლდა მეირის მთავრობა გადადგა. დღესაც აუცილებლად იქნება გამოძიება, თუ რატომ არ ჰქონდათ ისრაელის დაზვერვის სამსახურებს ინფორმაცია პალესტინელთა ფარული აქტიურობის შესახებ. თუმცა, დღეს უკვე ინტრიგა ის არის, რომ ეგვიპტელები ირწმუნებიან, ისრაელი თავდასხმის შესახებ გავაფრთხილეთო. ნეთანიაჰუ ამას უარყოფს, მაგრამ ეგვიპტელები ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოეპოვებათ.
„ებრაელებს სიმართლის გასარკვევად დღეს არ სცალიათ, ისინი ომობენ და კომისიების შექმნისა და გამოკვლევების დრო არ აქვთ, მათ უნდათ, ამ ომში საბოლოოდ გაიმარჯვონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ისრაელმა უკვე გაიმარჯვა, „ჰამასი“ უკვე განადგურებულია, თითო-ოროლა ბოევიკია დარჩენილი, განადგურებულია ღაზაში მდებარე მათი 200-მდე შტაბ-ბინა, სადაც „ჰამასის“ წევრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც, ეს ნიშნავს, რომ ჯარი უნდა შევიდეს ღაზის სექტორში. შესაძლოა, ნეთანიაჰუს მთელი ღაზის სექტორის ოკუპაცია აქვს გადაწყვეტილი, ღაზის სექტორი ისედაც საკონცენტრაციო ბანაკია, არავითარი თავისუფლება, არავითარი ადამიანის უფლებები, ებრაელები აკონტროლებდნენ ყველაფერს ღაზაში, ვინ შედიოდა, ვინ გამოდიოდა, რამდენი დოლარი შედიოდა, რამდენი გადიოდა, სურსათი ვის შეჰქონდა, დიდი ციხე იყო და დღესაც ციხეა ღაზის სექტორი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, სანამ არ მოხდება სერიოზული ძვრები, სანამ არ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არ შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო, სულ ასეთი უბედურებები იქნება ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის. მსოფლიოში ორი ერია დღეს, რომელთა რაოდენობაც 15 მილიონზე მეტია, ესენია ქურთები და პალესტინელები, რომელთაც სამშობლო არ აქვთ.
„მსოფლიოში დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, 15-დან 18 მილიონამდე პალესტინელი ცხოვობს, განა შეიძლება, 18- მილიონიან ერს არ ჰქონდეს სამშობლო? ქურთებს სამშობლო არ აქვთ, ცხოვრობდნენ ხან სირიაში, ხან ერაყში, მაგრამ არაბები ხომ ცხოვრობდნენ პალესტინაში?! თანაც, როგორ ცხოვრობდნენ? მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის პალესტინის მაცხოვრებლების მხოლოდ 7% იყო ებრაელი, მეტი არ ყოფილა. შემდეგ გამრავლდნენ, როტშილდების ფულით ებრაელებმა იყიდეს მიწები, უცებ არაბებმა მიიხედ-მოიხედეს და ნახეს, რომ საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. როტშილდები ამ საქმეში მილიარდობით დოლარებს აძლევდნენ ებრაელებს იმ პერიოდში, როცა დოლარი დოლარობდა. საუბარია ინგლისელ, ფრანგ და ამერიკელ როტშილდებზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი.