შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ საზოგადოების ყოველთვიურ ინფორმირებას.
2013 წლის სექტემბრის თვე 507 082 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,1 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 075 600 ვიზიტი განხორციელდა, რაც 25%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და თითქმის გაუტოლდა 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს (92%). ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 614 712 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%);
ბ) ტრანზიტი - 886 504 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);
გ) სხვა - 1 574 384 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%).
2013 წლის სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7,3%), აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+30,5%), რუსეთიდან (+42,1%), უკრაინიდან (+62,1%) და ირანიდან (-26%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–სექტემბერში, უკვე „ტრადიციულ“ პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად - 65%, 32%, 28%, 19%, 18% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეების 60%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან მიმართებაში, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 23,2 (შემოსვლა) და 24,3 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.