ნიკანორ მელიას მიერ დაანონსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყების შემდეგ, „მისტერ ოფშორმა“ - ოლიგარქმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის მთავარი ფიგურანტია, კვიპროსში „კონსულტაციებზე“ დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი. როგორც ცნობილია, ეს ოთხეული „მისტერ ოფშორთან“ ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.
დავით კეზერაშვილთან, კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამგზავრებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულები მიიჩნევენ, რომ პარტიის წევრების გამგზავრება ადასტურებს კეზერაშვილის გავლენას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასე არ ფიქრობენ „სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წევრები და თვლიან, რომ კეზერაშვილთან დაგეგმილი კონსულტაციები არც უცნაურია და არც საიდუმლო.
„ვერ ვხედავ ამაში არაფორმალურ მმართველობას. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ ვპარტნიორობთ, გვაქვს ერთიანი კოალიცია და არსად არც ერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ყოფილა რამე სიძნელე“, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
კვიპროსში მიმდინარე კონსულტაციების თემა არ აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს რომან გოცირიძეს. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი წევრი, მმართველ რგოლთან დაპირისპირებული ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, თუ სხვა პარტია, როდესაც თავმჯდომარე გქვია და გადაწყვეტილების მიმღები არ ხარ, ეს უკვე არის პრობლემა.
„არაერთხელ მისაუბრია ამაზე და არავინ მალავს, რომ კეზერაშვილი მონაწილეა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დღევანდელი პროცესების. მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემაა. ვისაც პრობლემად არ მიაჩნია, კი დადის შეხვედრებზე ჩვეულებრივ“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერია და როცა სააკაშვილი ციხეშია, ახლა პარტიის „მინისტრები“ კეზერაშვილთან დადიან.
„არაფორმალური მმართველი არის მთავრობის მეთაური და მასთან სხვადასხვა ჟანრის მინისტრები ჩადიან. ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებშიც. უბრალოდ, ერთი არაფორმალური მმართველი ქვეყანაში არ არის და „ნაცმოძრაობის“ მინისტრებს სხვა ქვეყანაში უწევთ ჩასვლა თავიანთ პრემიერთან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმართება კეზერაშვილის მიერ და შესაბამისად, პარტიის წევრები არაფორმალური მმართველისგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია.
„ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული. ამასთან, იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. ასეთია დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. ეს პარტია თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული. იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. მასთან რომ ჩადიან მოსალაპარაკებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან უნდა მიიღონ ინსტრუქციები, რა და როგორ გააკეთონ და იმოქმედონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინსტრუქცია, რომელიც „მისტერ ოფშორისგან“ უნდა მიიღონ, ეს არის ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაცია, რომელზეც უკვე გააკეთა განცხადება სუს-მა. სახელმწიფო გადატრიალების საქმეში ფიგურირებენ პოლიტიკოსებიც, თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიებას ისინი დაკითხვაზე არ დაუბარებია. ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ისევ ძალაშია, ვინაიდან მის მომზადებასა და განხორციელების მცდელობაში დიდი ფულია გადახდილი.
ანალიტიკოს ზაალა ანჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივი დესტრუქციული ძალები აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ, რომელთა დიდი ნაწილი შეიძლება საჯაროდ არც ჩანდეს, მაგრამ ინფორმაცია, რომ იტყვიან, წვეთ-წვეთობით გროვდება. ანჯაფარიძის შეფასებით, ამ ძალებს სურთ ბრძოლის საკუთარი ლოგიკა მოახვიონ თავს მეორე მხარეს - ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს.
რაც შეეხება კეზერაშვილთან მიმდინარე კონსულტაციებს, როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებული სპონსორია და როდესაც სპონსორი ხარჯავს ფულს, უფლება აქვს მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას დაუსახოს გეგმა, ეს ფული რანაირად და როგორ დახარჯოს.
„მეორე მხრივ, გასაგებია, რომ საქართველოში მზადდება სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, რაზეც უკვე ისაუბრა სუს-მა. ჩემი ვარაუდით და გათვლით, კეზერაშვილი თავისი ფინანსებით თუ რესურსებით ამ სცენარში არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. შეიძლება მელიას საკითხიც იყოს განხილული, მაგრამ ჯერჯერობით, იგი არ ტოვებს პარტიას. რაც მან გააკეთა, წესით, პარტიას უნდა გაერიცხა, მაგრამ არ აკეთებს. როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ ნიკანორ მელიას მომხრეები გაანაწყენონ და ამით პარტიაში შექმნან არაჯანსაღი ვითარება. ურჩევნიათ, თვითონ გააკეთოს განცხადება წასვლაზე და შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანონ ეს დარტყმა. მელიას შეიძლება დრამატულად ბევრი მომხრე არ ჰყავდეს, მაგრამ ვინც მის ირგვლივ არის, საკმარისია იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კვიპროსზე გამგზავრება ცალსახად ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს არაფორმალური მმართველი და ეს არაფორმალური მმართველი სისხლის სამართლის დამანაშავეა და რაც მნიშვნელოვანია, დასავლეთის ქვეყნების გამოძიების მიერ ეჭვმიტანილია თაღლითურ სქემაში, როგორის არის ე.წ. ქოლცენტრების საქმე.
„ვერ დააბრალებენ იმას, რომ პოლიტიკური მოტივებით იდევნებაო. ქართული კანონმდებლობით რომ იდევნებოდეს, ატყდებოდა ყვირილი, რომ აი, პოლიტიკური დევნაო. არ მგონია კეზერაშვილის შემთხვევაში სიტყვა პოლიტიკური დევნა ადეკვატური იყოს. რაც შეეხება კონსულტაციებს და რას უკავშირდება იგი, მარტივია - ფულს უკავშირდება. კეზერაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით და არც ბოლო ხანებში გაგვიგია ისეთი გამონათქვამები, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მის მოწოდებებს და პოლიტიკურ ინტელექტს აჰყვა „ნაცმოძრაობა“ და გაიხადა ლიდერად. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს მისი ლიდერობის მოტივი, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ამ ჯგუფისთვის, არის ის, რითაც კეზერაშვილი უფრო თვალში საცემია, ვიდრე მისი პოლიტიკური ნიჭი. ეს არის მისი თანხები. თანხები, რომელიც რა გზით არის მოპოვებული, ეს ძნელად სათქმელია. მაგრამ, აი, ამ ბუნდოვანი გზით მოპოვებულ თანხებზედაც კი აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები თანახმა არიან და ცდილობენ მიიღონ თავიანთი წილი, გაუწიონ ანგარიში იმ ადამიანს, ვინც დგას ამ თანხების განმკარგველად. ასე რომ, ძალიან გამჭვირვალედ მატერიალური ინტერესების გამოვლინება არის ეს ნაბიჯი და არა პოლიტიკური სიახლე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.