„თავის დროზე რომმა კართაგენთან „დადო“ ზავი, ანუ მთლიანად გაანადგურა კართაგენი, ქვა ქვაზე არ დატოვა და ქალაქი-სახელმწიფო კართაგენი გაქრა. ნეთანიაჰუსაც ასე უნდა, მაგრამ ცივილიზებული სამყარო ეტყვის, კი ბატონო, „ჰამასი“ გაანადგურე, მაგრამ ახლა რომ მიადექი და მშვიდობიან ქალაქს ანგრევ, ეს იგივეა, ბიბლიაში რომ არის „Избиение младенцев“, ანუ ბავშვების განადგურება, შურისძიებას არავინ მოუწონებს“,- აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
„ჰამასის“ მიერ ჩადენილ ტერორს - უდანაშაულო ადამიანების ხოცვას გამართლება არ აქვს, მაგრამ ტერორიზმსაც აქვს თავისი მიზეზები. ისრაელის უშიშროების სამსახურის, „მოსადის“ ყოფილმა დირექტორმა, 89 წლის ეფრაიმ ჰალევმა განაცხადა, რომ ისრაელს ვერასდროს ექნება სიმშვიდე, თუკი პალესტინელებს ღირსეულად არ მოეპყრობა, როგორც თანასწორუფლებიანებს. თანასწორუფლებიანობის ნაკლებობამაც ხომ არ გამოიწვია ის აგრესია, რაც პაკესტინელებს თაობიდან თაობაში გადაეცემათ? ფაქტია, ისრაელის მემარჯვენე კოალიციური მთავრობისგან პერიოდულად ნაციონალისტური მოწოდებები ისმოდა პალესტინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით.
- ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიზეზები იმალება ჯერ კიდევ 75 წლის წინ მომხდარ მოვლენებში. გაეროს ცნობილი რეზოლუციით, უნდა შექმნილიყო ორი სახელმწიფო, ამ დროს კი 1948 წელს შეიქმნა მხოლოდ ერთი სახელმწიფო - ისრაელის სახელმწიფო. ებრაელებს გარკვეული პერიოდი უნდა მოეცადათ, მაგრამ არ მოიცადეს, დე ფაქტოდ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. მეორე დღეს არაბები თავს დაესხნენ ისრაელს, ანუ ერთი დღის შექმნილ სახელმწიფოს, შემდეგ უკვე წარმოიშვნენ პირველი პალესტინელი ლტოლვილები. საერთოდ, პალესტინელები, როგორც ერი, არ არსებობს, ესენი არიან არაბები, რომლებიც ცხოვრობდნენ პალესტინაში. ბოლო 75 წლის მანძილზე პალესტინელი ბავშვები იზრდებოდნენ უმძიმეს პირობებში, ეს არის ლტოლვილებში გაზრდილი თაობა, რომლებსაც როგორც ლიმონს რომ მოუჭიროთ ხელი და გამოწუროთ წვენი, ისე წოვდა ცხოვრება, თუ ისტორია ყველაფერ ადამიანურს - სიკეთეს, სათნოებას, მიმტევებლობას, ჰუმანურობას. მე ორჯერ მინახავს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები. იქ გაზრდილი ადამიანი ნორმალური ვერ იქნება.
წლების განმავლობაში ღაზის რეგიონის ბლოკადამ, რომელსაც მეორენაირად მსოფლიოს უდიდეს ღია ციხედ მოიხსენიებდნენ, თავისი მძიმე შედეგი გამოიღო.
ისრაელში მოულოდნელად შეჭრის შემდეგ „ჰამასი“ უკვე მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი სამხედრო აგრესიას გამოავლენს. გარისკავს ისრაელი საკუთარი მძევლების სიცოცხლით?
- დღეს ისრაელის ისტორიაში ყველაზე ულტრამემარჯვენე რელიგიური წევრებით დაკომპლექტებული მთავრობაა. იმისთვის, რომ პრემიერი გამხდარიყო, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიცია შექმნა ისეთ ულტრარელიგიურ პარტიებთან, რომლებიც მთავრობაში არასდროს ყოფილან. რამდენი მთავრობა იყო ისრაელში, მაგრამ არც ერთ კოალიციაში არავინ ახლოს არ იკარებდა ულტრარელიგიურ პარტიებს, ესენი კეთროვნებივით არიან, რომლებიც მოითხოვენ არაბების გარეკვას. „ნაციონალისტებად“ მათი მოხსენიება კიდევ რბილი ნათქვამია. თუკი ობიექტურები ვიქნებით, მათ უფრო ფაშისტურ იდეოლოგიასთან აქვთ კავშირი. რასაც ჰიტლერი, „ნაცისტები“ უკეთებდნენ ებრაელებს, მათ შორის, ქვეყნიდან გაყრას, ზუსტად ამას მოითხოვენ ეს ულტრარელიგიური პარტიები არაბებთან მიმართებით.
რას მიაღწევენ არაბები ჰიბრიდული შეტევის წამოწყებით, რაც ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულ შეტევაში, ადამიანების, მცირეწლოვანი ბავშვების დახოცვაში გამოვლინდა? აყვებიან მათ სხვა მუსლიმანური ქვეყნები?
- არაბებში არასდროს არ არის ერთობა და არც იქნება. არაბული სამყაროს მედროშე, მთავარი ქვეყანა ეგვიპტეა, მაგრამ ეგვიპტე არასდროს არ იომებს „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ ერთად. პირიქით, ეგვიპტის დაზვერვა აფრთხილებდა ნეთანიაჰუს პალესტინელთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რასაც ნეთანიაჰუ უარყოფს, მაგრამ მე ეგვიპტელების უფრო მჯერა. თავის დროზე რომმა კართაგენთან „დადო“ ზავი, ანუ მთლიანად გაანადგურა კართაგენი, ქვა ქვაზე არ დატოვა და ქალაქი-სახელმწიფო კართაგენი გაქრა. იმ ადგილას დღეს ტუნისია. ნეთანიაჰუსაც ასე უნდა, მაგრამ ღაზას ერთი ციცქნა მიწაზე 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გუშინ ვუსმენდი ქართველ ისრაელელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ახალგაზრდა კაცს, ელიგულაშვილს, რომელიც ამბობდა, რომ ნეთანიაჰუ მართალია, არაბებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, ეგენი ყველანი უნდა გავწყვიტოთო, მაგრამ ამის უფლებას ისრაელს არავინ არ მისცემს. ეს მეექვსე-მეშვიდე ომია, თუ არ ჩავთვლით დიდ და პატარა შეტაკებებს. ყველა ომს იწყებდნენ არაბები, რადგან თითქმის ყოველთვის ებრაელები მათ სხვა გამოსავალს არ უტოვებდნენ. ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ებრაელები ახერხებდნენ, რომ გამარჯვებული მსხვერპლის როლში გამოსულიყვნენ, დასაწყისში მათ მხარეს იყო სიმპათიები, მაგრამ შემდეგ თავიანთი ქმედებებით, მიწების დაპყრობით, იმის სურვილით, რომ არაბებს იქ საერთოდ არ ეცხოვრათ, სიმპათიები კლებულობდა ისრაელის მიმართ. ებრაელებს იმის გაგონება არ უნდათ, რომ ორი სახელმწიფო შეიქმნას - არაბების და ებრაელების. თავის დროზე 1993 წელს ისრაელის პრემიერმა იცხაკ რაბინმა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ხელი მოაწერა, მაგრამ რაბინი თვითონ ებრაელებმა მოკლეს. დამთავრდება ეს ომიც, შემდეგ სიმპათიები დრეიფს დაიწყებს და გადავა უკვე პალესტინელების მხარეს. კი, ტერორიზმს არავითარი გამართლება არ აქვს, რაც არ უნდა მოხდეს, ის, რაც „ჰამასმა“ გააკეთა, ამის გამართლება არ შეიძლება, მაგრამ თუ საკითხს მივუდგებით არა პროპაგანდუსტული, არამედ ღრმა ანალიზის კუთხით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მხეცობები, რაც ჩაიდინა „ჰამასმა“ კიდევ იქნება მანამ, სანამ არაბების ელემენტარული მოთხოვნები ადამიანის უფლებების მხრივ არ დაკმაყოფილდება, რაც ებრაელებს არ უნდათ. ეს ულტრარელიგიური მემარჯვენე პარტიები არასდროს არ დათანხმდებიან ამას. არც იმას თანხმდებიან, რომ უკანონო დასახლებები აიღონ ისრაელში. არადა, ამაზე არსებობს გაეროს უამრავი რეზოლუცია, როგორც გენერალური ასამბლეის, ასევე, უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, მაგრამ ამას ისრაელი არ ასრულებს. რამდენჯერმე მწვავე კონფლიქტამდეც მისულა საქმე ვაშინგტონსა და მაშინდელ თელავივს, დღეს უკვე იერუსალიმს შორის. პალესტინელებისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ებრაელებმა მთლიანად იერუსალიმი გამოაცხადეს თავიანთ დედაქალაქად. არადა, იერუსალიმი ეს არის მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი რელიგიის წმინდა ქალაქი- მუსლიმანური და ქრისტიანული. მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებული იდეა, რომ გაყოფილიყო შუაზე და ერთი ნაწილი ებრაელების, მეორე ნაწილი მუსლიმანების ყოფილიყო, არ განხორციელდა. ამ მხრივ ძნელია ვეკამათოთ არაბებს. არაბები ყველა „ჰესბოლა“ და „ჰამასი“ ხომ არის? არაბებსაც ჰყავთ თავიანთი მეცნიერები, ინტელიგენცია, ყველაფერს თავი დავანებოთ, არაბული ცივილიზაცია, თავისი ისტორიული ფესვებით, სულაც არ ჩამორჩება ებრაულ ან ქრისტიანულ ცივილიზაციას.
მათემატიკური ციფრებიც ხომ არაბულია, რომელიც მეხუთე საუკუნეში ინდოეთში შეიქმნა?
- რასაკვირველია, გარდა ამისა, ვისაც უნახავს სამხრეთ ესპანეთში მავრების მიერ შექმნილი არქიტექტურა, გაოცებას იწვევს. 2 მილიონი არაბი ცხოვრობს ღაზაში და ნეთანიაჰუ მათ აფრთხილებს, მე უნდა გავანადგურო ეს ქალაქი და მშვიდობიანი მოსახლეობა წავიდეს იქიდანო. ელიგულაშვილი, ეს ახალგაზრდა ბიჭიც, ამბობს, ხედავთ, ნეთანიაჰუ რა ლიბერალია, აფრთხილებს არაბებსო. ეს ცინიზმი, დემაგოგიაა. ღაზის მოსახლეობას არსად წასასვლელი არ აქვს, ე.ი. 2 მილიონი ადამიანი მთლიანად უნდა განადგურდეს? უკვე ისმოდა განცხადებები ისრაელის მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მძევლები საფრთხის ქვეშ არიან, ჩვენ ამ სამხედრო სახმელეთო ოპერაციას არ შევაჩერებთო. რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ერთ ებრაელ ჯარისკაცში ისრაელმა „ჰამასის“ ათასი მებრძოლი გაცვალა, გაათავისუფლა, მაგრამ დღეს მძევლების გათავისუფლებას არ აპირებენ. „ჰამასის“ წევრები კი ვიდეოს გადაღებითა და მძევლების დახოცვით იმუქრებიან. არა მგონია, გაბედოს ნეთანიაჰუმ, დახოცეთ მძევლებიო და გააგრძელოს შეტევა, მით უმეტეს, პალესტინელებს სიონისტების, ებრაელების მიმართ შებრალების გრძნობა არ აქვთ. დღეს იხსენებენ 1973 წლის 6 ოქტომბრის ომს, რითი დამთავრდა ის ომი? მართალია, ისრაელმა გაიმარჯვა ბოლოს, მაგრამ გოლდა მეირის მთავრობის გადადგომა მოჰყვა. ამიტომ დღესაც მოსალოდნელია, ამას მოჰყვეს ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომა, ეს იცის ნეთანიაჰუმ, ამიტომ აწყობს ომის გაგრძელება. ამიტომაც თქვა, ჩვენ წინ გველის გრძელი და სასტიკი ომიო.
ვარაუდობენ იმასაც, რომ ნეთანიაჰუმ ეგვიპტის დაზვერვის ინფორმაციას იმიტომ წაუყრუა, რომ აწყობდა პალესტინელების შეჭრა, რათა საბოლოოდ რევანში აეღო და აღეგავა პირისაგან მიწისა ღაზის სექტორი.
- ამასთან დაკავშირებითაც მოხდება დიდი დაპირისპირება. ცივილიზებული სამყარო ეტყვის, კი ბატონო, „ჰამასი“ გაანადგურე, მაგრამ ახლა რომ მიადექი და მშვიდობიან ქალაქს ანგრევ იმის გამო, რომ შენ თვითმფრინავები გაქვს, ხოლო არაბებს არათუ თვითმფრინავები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთი ქვემეხიც არ აქვთ, ეს იგივეა, ბიბლიაში რომ არის, „Избиение младенцев“ - ბავშვების განადგურება. ნეთანიაჰუმ ახლა შურისძიების ახალი ფაზა გამოაცხადა, მაგრამ შურისძიებას არავინ მოუწონებს, შურისძიება არ არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული პროცესი, არც ერთი კანონი არ ამართლებს შურისძიებას. თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდა და „ჰესბოლა“ ჩაერთო ამაში ლიბანიდან, ეს უარესი იქნება, „ჰესბოლა“ „ჰამასზე“ ათჯერ და ოცჯერ უფრო ძლიერია, „ჰესბოლას“ რაკეტებიც აქვს, ტანკებიც, უკეთესად შეიარაღებულია, უფრო მრავალრიცხოვანია, „ჰესბოლას“ თითქმის პროფესიული არმია ჰყავს.