„ანაკონდას რკალის სტრატეგია, ანუ საზღვაო ცივილიზაციით სახმელეთო ცივილიზაციის მოგუდვა გეოპოლიტიკაა და აქ პოლიტიკური პიტბულების ყოლა სავსებით გასაგებია“

„ანაკონდას რკალის სტრატეგია, ანუ საზღვაო ცივილიზაციით სახმელეთო ცივილიზაციის მოგუდვა გეოპოლიტიკაა და აქ პოლიტიკური პიტბულების ყოლა სავსებით გასაგებია“

არეულობის სცენარი, რომელიც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება, ასეთია - კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, თბილისში კარვების ქალაქი უნდა მოეწყოს, სადაც მოხდება აფეთქება და იქნება მსხვერპლი. არეულობის ორგანიზატორები არიან უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და ქართველი მებრძოლები: მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი. გამოძიება გრძელდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული „კანვას საქართველოს“ და იგივე სერბი ტრენერების მიმართ მოხდეს ბრალდების წარდგენა.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედ პოლიტიკოსებს, არსებული ინფორმაციით, გამოსაკითხთა სიაში არიან პოლიტიკოსებიც. პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, სუს-ის განცხადება სერიოზული მოვლენაა, თუმცა არა მოულოდნელი, რადგან რადიკალური ძალები გეგმავენ „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის მომზადებას, რაზეც პირდაპირ ეთერში საუბრობენ. შესაბამისად, მანჯავიძე აცხადებს, რომ სახეზე გვაქვს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილების მცდელობა, რაც ისჯება სისიხლის სამართლის კოდექსით.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

საქართველოს მოქალაქეები მძიმედ აღიქვამენ არათანმიმდევრულობას, რომელიც თუნდაც ამ საკითხში აქვს ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ?

სოსო მანჯავიძე: სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც მდგომარეობს რევოლუციის არდაშვებაში. საქართველოში რევოლუცია და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლა, ეს ნიშნავს ქვეყანაში ისეთი დეზინტეგრაციული პროცესებისა და სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას, რომელიც გამოიწვევს ამ ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებს. საქართველოში უკვე არსებობს პრობლემები, არა მხოლოდ ნახევრად აღიარებული სეპარატისტული რეგიონები, არამედ ის შიდა საფრთხეები, რომელიც განპირობებულია მისი აგებულებით და კიდევ ის გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს სამეზობლოს.

აქედან გამოდინარე, ეს განუწყვეტელი წაქეზება რევოლუციისკენ, რომელიც ჩვენ გვესმის ამერიკული მხრიდან, არის პირდაპირი მტრობა. ადამიანებმა, რომლებმაც იციან ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი, იციან რა საფრთხებია, იციან რა შეიძლება ამას მოჰყვეს და მაინც, პირდაპირ ხელს უწყობენ ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლას და რაც ყველაზე მთავარია, ამას არ მალავენ, ამაზე მეტი მტრობა რაღა უნდა იყოს?!

მეორე საკითხია რა უნდათ, რატომ უნდათ ეს გააკეთონ? თუ მათი რიტორიკიდან ამოვალთ, ეს არის პრორუსული ხელისუფლება...

- იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის პროამერიკული, ან პრორუსული, აბსურდია. რა პრორუსულია, როდესაც მთავარი გაბატონებული დისკურსი სახელისუფლებო მედიებში ანტირუსულია. სად ნახეთ პრორუსული პროპაგანდა? მედია ხომ ინდიკატორია - ავიღოთ იგივე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“ და ვნახოთ, რა პროპაგანდა მიდის. ნუ, იმ სახელოვან მედიებზე აღარ ვლაპარაკობ, იქ პირდაპირ უკრაინის დროშები აქვთ გამოფენილი და ვხედავთ რასაც ლაპარაკობენ და აკეთებენ ყოველ დღე. ამიტომ, პრორუსობაში საქართველოს დადანაშაულება შეუძლებელია.

იმის თქმა, რატომ არ იკავებთ რუსეთთან რადიკალურ პოზიციას და არ გადადიხარ პირდაპირ დაპირისპირებაზე, ეს ნიშნავს საყვედურს - რატომ ხარ ცოცხალი! ანუ, რატომ გინდა გააგრძელო არსებობა! ნებისმიერი ცოცხალი არსება და ცხვარი, რომ ცხვარია, ისიც კი ეწინააღმდეგება და არ უხარია, რომ კლავენ. ირქინება კიდეც. ზუსტად ეს სიტუაცია გვაქვს საქართველოში. მათ უნდათ საქართველოში ისეთი ტიპის მმართველობა დაამყარონ, რომელიც ბრძანება „ფასს“-ზე პირდაპირ პიტბულივით ეცემა ნებისმიერ ობიექტს, რაც არ უნდა დიდი იყოს. ანუ, შიშის და თვითგადარჩენის ინსტიქტი იქნება დაჩლუნგებული. ერთი ვარიანტი ეს არის და თუ ეს არ იქნება, მაშინ მეორე ვარიანტია ის, რომ მათ უნდათ აქ იყოს ქაოსი. შესაბამისად, ამ ქაოსის გავრცელება მოხდეს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაზე.

რა დივიდენდები შეიძლება ჰქონდეს ამ არარეგიონალურ გეოპოლიტიკურ აქტორს და კერძოდ აშშ-ს საქართველოსთან მიმართებაში?

 - ჩვენ ვიცით სომხეთის პროცესები, ფაქტობრივად, იქ რუსულმა საგარეო პოლიტიკამ განიცადა შემდგომი კრახი, ანუ, სომხეთი ფაქტობრივად გამოვიდა რუსული ორბიტიდან. არა თუ მარტო გამოვიდა, არამედ მიმდინარეობს საუბარი უკვე ოდეკაბედან გამოსვლისა და რუსული ბაზის სომხეთიდან გასვლის შესახებ. სხვა საკითხია რა მომავალს უქადის ეს თვითონ სომხეთს და რა არის ამის მიზეზები, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს. ლოგისტიკურად რომ ავიღოთ, სომხეთში დასავლეთი ვერ გააძლიერებს პოზიციებს, ვინაიდან სომხეთის მოსაზღვრე ერთი მხრივ არის ირანი, ხოლო თურქეთთან სომხეთის დამოკიდებულება ვიცით. თურქეთისა და რუსეთის დამოკიდებულებაც ვიცით.

ერთადერთი ლოჯისტიკური მხარე იმისათვის, რომ სომხეთი გადმოიყვანონ პროდასავლურ ორბიტაზე, არის საქართველო. აი, საქართველოს სომხეთის თავის ორბიტაზე ჩართვა და სამხრეთ კავკასიის გადაქცევა ანტირუსულ ფრონტად, ეს რა თქმა უნდა, სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვება იქნებოდა. შესაბამისად, აქიდან გამომდინარეობს, კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებებშია რუსეთის მოქცევა რგოლში, ანაკონდას რკალით მისი მოგუდვა.

ეს პროცესები მარტო ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს?

- არა, რა თქმა უნდა. ეს ბრძოლის ერთ-ერთი სეგმენტია და ეს ბრძოლა უკვე არის მთელი ევრაზიის მოგუდვა, შედენა მისი კონტინეტურ სიღრმეებში, შავ ზღვებთან მისი გასასვლელების შეზღუდვა და არდაშვება, რადგან მოგეხსენებათ ბალტიის ზღვაზე რაც ხდება. აი, ეს ანაკონდას რკალის სტრატეგია, ანუ საზღვაო ცივილიზაციის მიერ სახმელეთო ცივილიზაციის მოგუდვა, ეს კლასიკური გეოპოლიტიკაა უკვე. აქედან გამოდინადე, ეს მდგომარეობა და ეს უცნაური მისწრაფება, გინდა თუ არა საქართველოს ხელმძღვანელობაში იხილონ ეს პოლიტიკური მარიონეტი - პიტბულები, ამ ლოგიკიდან სავსებით გასაგებია.

მათი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების საკამოდ სოლიდურ ნაწილს სახელმწიფო მმართველობასთან ერთად, ესმის ამის შედეგები. ესმის, რომ ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, თითოეული მათგანის კეთილდღეობას, თითოეული მათგანის შვილებს ემუქრებათ დაახლოებით იგივე, რასაც ვხედავთ უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ადამიანს თვითშენახვის ინსტიქტი აქვს და ის ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებაში, სიმპათია აქვთ, თუ ანტიპათია, ამ შემთხვევაში მათი ინტერესი ემთხვევა, რაც ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის პრობლემაა. ხალხი ამას მხარს არ უჭერს, გარდა პათოლოგიური შემთხვევებისა.

მეორე პრობლემა არის ის პერსონაჟები, ის პიტბულები, რომლთა ქცევა, სავსებით უღირსი და არაკომპეტენტური, მტრული ქართული ისტორიული ნარატივისა და ღირებულებისა, აბსოლუტურად მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის.

მესამე პრობლემა - თუ ამერიკელებს უნდათ აქ გადატრიალება, მათ ჰყავთ ოპონენტები თვითონ ამერიკაშიც, იგივე ტრამპის ხაზი არ გულისხმობს ასეთი სტრატეგიის განხორციელებას. მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი მოძველებული და დრომოჭმულია, ამავე დროს წამგებიანია აშშ-ისთვის და ევროპისთვისაც. ევროპას არ აწყობს სამხრეთ კავკასიაში მსგავსი პროცესების განვითარება, ვინაიდან სამხრეთ კავკასიას განიხილავს თავისი მომარაგების ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ჰაბად, რაც ასევე გასათვალისწინებელია.

და მეოთხე, რუსეთის და თურქეთის ფაქტორი, განსაკუთრებით რუსეთის, რომელიც სამეზობლოში ასეთ არეულობას, ფერად რევოლუციას, თუ სამხედრო გადატრიალების მცდელობას განიხილავს თავისი სასიცოცხლო ინტერესებისთვის საფრთხედ და დოქტრინაში უწერია, რომ ის ამ შემთხვევაში ჩაერევა სამხედრო საშუალებებით.

სამხედრო საშუალებები საქართველოსთან მიმართებაში გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე იგივე სომხეთთან მიმართებაში...

- რა თქმა უნდა, აგერ აფხაზეთში აქვთ სამხედრო შენაერთები და აქვთ პირდაპირი ხაზი, რითიც შეიძლება განახორციელოს სამხედრო ჩარევა, ასევე მოგეხსენებათ სააკაშვილის ვაჟკაცობის წყალობით პირდაპირ შიდა ქართლში გვაქვს ორი სამხედრო ბაზა. საქართველოს საჰაერო სივრცე მთლიანად იფარება რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით და აქვთ ხმელეთზე უპირატესობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან შედარებით. აი, ეს ოთხი ფაქტორია ამის დამაბრკოლებელი და მთავარი, დღეს ქართული საზოგადოების ამოცანა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას არანაირი არეულობა ქვეყანაში და ხელისუფლების ვალდებულებაა მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი და გარდა ამისა, კვალიფიციურად მართოს ქვეყანა. უარი თქვას კოლონიალური პოლიტიკის ყურმოჭრილი მონის როლზე ეკონომიკაშიც, კულტურაშიც, განათლებაშიც და ქვეყანაში უზრუნველყოს ნორმალური საარჩევნო პროცესი ამ ბანდიტების, ყაჩაღების და უცხო ქვეყნის აგენტურის გარიციხვით პოლიტიკური ველიდან და ნომრმალური პოლიტიკური ძალების აღმოცენებას შეუწყოს ხელი, რაც სხვათა შორის, მისი ვალდებულებაა და კვლავ ფსონს ნუ დებს იმაზე, რომ აბსოლუტურად ბოროტი „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე გაიბრწყინოს თვითონ და კვლავ კოლექტიური წითლიძეები და სამნიძეები ვიხილოთ პარლამენტში. ეს სამარცხვინო სანახაობა არ უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში, აი, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება.