„როდესაც სახეზეა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან, გამოკვეთილი სადაზვერვო ქმედებები, ვფიქრობ, საფრთხე და კონკრეტული გეგმა რეალურად არსებობს“

„როდესაც სახეზეა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან, გამოკვეთილი სადაზვერვო ქმედებები, ვფიქრობ, საფრთხე და კონკრეტული გეგმა რეალურად არსებობს“

სუს-ის მიერ გასაჯაროვებული USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის მთავარი თემა რევოლუციის დაგეგმვა და წინააღმდეგობის გაწევის ხერხებია. სახელმწიფო გადატრიალების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ამიტომ დეტალები არ საჯაროვდება. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების მცირე ნაწილი გასაჯაროვდა, რაც შეეხება მტკიცებულებების სხვა ნაწილს, არ არის გამორიცხული, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდეს მათი განსაიდუმლოება და გასაჯაროება.

რა საფრთხეების წინაშე დგას სახელმწიფო? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

ვისმენთ ინფორმაციას სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ, რაც თავისი შინაარსით უმძიმესია. ვრცელდება ინფორმაცია, სავარაუდო მარშრუტთნ დაკავშირებითაც. რამდენად საგანგაშოა და ამავე დროს სახიფათოა ის ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება. სუს-ში აცხადებენ, რომ დღეისათვის არეულობის საფრთხე კვლავ რეალურია, ამიტომ გამოძიება ისევ გრძელდება.

დავით კუხალაშვილი: რაც შეეხება ლეგალურ საფრთხეს, ზოგადად, ყველაფრის შენიღბვა და გაკეთება შეიძლება. ასე რომ, შეიძლება ამ ძალების ლეგალური შემოსვლა განხორციელდეს, ასევე განხორციელდეს იარაღის კონტრაბანდა საზღვაო სივრცით, ამის პრობლემა არ არსებობს. არსებობს მეორე საკითხი - შესაძლებელია საზღვაო პორტები და დაუცველი, მოწყვლადი ადგილები გამოყენებული იქნეს ამ ჯგუფის შემოსაყვანად? ჩვენ მარტო საზღვაო პორტებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ტერიტორიები, რომელიც, პრაქტიკულად, აბსოლუტურ კონტროლს ვერ ექვემდებარება და აქიდანაც შესაძლებელია ყველაფერი განხორციელდეს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყნიდან გასულია და უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარია ყოფილი სპეცსამსახურების და თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ გამოცდილი თანამშრომლები, ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მიმართულებით გააჩნიათ. ამასთან ერთად, სახიფათოდ მიმაჩნია ის გარემოება, რომ, მაღალი ალბათობით, გარკვეული ქურქის ქვეშ გახვეული თანამშრომლები მოღვაწეობენ სპეცსამსახურებში და იმ უწყებებში, სადაც აგრეთვე აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობა მიმდინარეობს და სრულიად საიდუმლო ინფორმაცია ინახება. ასე რომ, თუ კონკრეტული დაინტერესება იქნება უცხო ქვეყნების მხრიდან, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რეალურად ეს პროცესები განახორციელონ.

გასაგებია, რომ შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ რამდენად არსებობს ამის აუცილებლობა ქვეყანაში?

- განვითარებული მოვლენებიდან და ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებიდან ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეული ხელისუფლებებისთვის არის მიუღებელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საფრთხე რეალურია, განსაკუთრებით იმის შემდგომ, რა განცხადებაც გაკეთდა USAID-თან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ ამის განეიტრალებაც უნდათ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ თითქოსდა ეს არ შეიძლება ასე იყოს. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული საკუთარი ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობაში. მათ აქვთ სადაზვერვო ფუნქცია და ისინი კრებენ ინფორმაციას და მონაწილეობენ აბსოლუტურად ყველა პროცესში.

კერძოდ, ისეთ პროცესებში, როგორიც არის გადაბირება, უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ა.შ. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს არსებული მდგომარეობის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია, რომ საქართველოში იგეგმებოდეს სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის რეალობა და ამას ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შესაბამისი განათლება აქვს, ვისაც უმუშავია ოპერატიულ სამსახურებში, აგენტურულ-ოპერატიული ფუნქციების მქონე ანალიტიკურ სამსახურებში, არ შეიძლება, რომ ამის შეგრძნება არ ჰქონდეს.

დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში რამდენად არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში შეძლონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, არის ამისთვის პოლიტიკური ნიადაგი შექმნილი?

- ნახეთ ღია წყაროებში გაკეთებული განცხადებები როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ლიდერების. ყველა განცხადება შეიცავს პირდაპირ და ირიბ მოწოდებებს ხელისუფლების მიუღებლობის და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ამიტომ, როდესაც სახეზეა სადაზვევრო პროპაგანდა, როდესაც სახეზეა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს მთავარი წარმომადგენლის, ელჩის მხრიდან, გამოკვეთილი სადაზვერვო ქმედებები, როდესაც სახეზეა სტრატეგიული პარტნიორის კონტროლს დაქვემდებარებული ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის ნიშნები, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, რეალურად საფრთხე არსებობს და, როგორც ჩანს, არსებობს კონკრეტული გეგმა. ამაზეც უარს არ იტყვიან ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, რომ არიან მყარი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები.

ამერიკის საელჩო ამბობს, რომ გააგრძელებს ამ ორგანიზაციების დაფინანსებას და იგივეს აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. ცხადია, პოლიტიკური ფონი არაა მომწიფებული, ანუ, იმ ძალას, რომელსაც უნდა ხელისუფლების შეცვლა, არ აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა, არჩევნების გზით ხელისუფლებაში შეუძლებელია მოვიდნენ და ამიტომ ცდილობენ რევოლუციური პროცესებით დაიბრუნონ მართვის სადავეები. გამოიკვეთა, რომ ამ რადიკალურ ჯგუფს აქვს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერა...

- ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თითქოსდა ლეგალური გზებით შემოსული თანხების არალეგალური ხარჯვის კონტროლი. ეს არის მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც შემოსულია აშშ-დან, ევროპის სახელმწიფოებიდან, რომელმაც გადინება ჰპოვა სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში და, ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს თანხები გამოყენებოდა და გამოიყენება დღესაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობისათვის. იმიტომ, რომ რეალურად წვდომა ამ თანხებთან და საგრანტო სისტემებთან შენარჩუნებული აქვს ისევ ყოფილი ხელისუფლების პროპაგანდისტებს და მაღალჩინოსნებს. ასე რომ, ის, რასაც ამბობენ აშშ-ში, ეს არის დეკლარირებული პოზიცია, მაგრამ ამავე დროს გააჩნია თავისი სტრატეგიული ინტერესები, ანუ სადაზვერვო ინტერსები და ამის განხორციელება მას შეუძლია სადაზვერვო აქტიურობით. ე.ი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი საფართხე საქართველოსათვის და საყურადღებო მდგომარეობა საქართველოს სპეცსამსახურებისათვის. კერძოდ, არ არსებობს ფონი და რომ არ გააჩნიათ საკმარისი ძალები, რომელსაც ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად მოუმზადებელს ვეძახოდეთ, სწორედ ეს სიტუაცია შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ უცებ გაჩნდეს ისეთი ძალები და საშუალებები, რომლებიც მოახდენენ იმას, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ.

ამიტომ, ჩვენ ადრეც ვაკეთებდით აქცენტს და დღესაც უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმ პირებზე და პირთა ჯგუფებზე, რომლებსაც გააჩნდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობისა და უფრო მეტიც, მათ შეიძინეს აქტიურ-საბრძოლო მოქმედებებში დამატებითი პრაქტიკა. თუ დავაკვირდებით გადატრიალების ისტორიას, სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისთვის არ არის უცილებელი 10, 20 ათასი და 1000 ჯარისკაცი. შესაძლებელია ორგანიზებული იქნას ძალიან მცირე ჯგუფი, მათ შორის 10-დან 20 კაცამდე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეულ პირთა ლიკვიდაცია და შემდეგ ამას მოსდევდეს თანხვედრი პროცესები. რასაც ახლა ვამბობთ, რომ მათ საკმარისი მხარდამჭერები არ ყავთ, ამას გარკვეული შეკავების მექანიზმი აქვს, მაგრამ რეალობაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი პოზიცია, რომ კონკრეტული ვითრებისა და მოქმედების ანალიზი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ შესაძლო გამარჯვებულის მხარეს გადაადგილდნენ და ასეთი გადაადგილების ჯგუფი ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებშიც და სახელმწიფო სტრუქტურებშიც მრავლად არის.

ერთ-ერთი ვერსიით „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ორგანიზებით განიხილება შეიარაღებული ხალხის შემოყვანა საზღვაო ფლოტის გამოყენებით. კერძოდ, შესაძალებელია გამოყენებული იქნას საზღვაო დესანტი, რომელიც, რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო საშუალებების დახმარებით მოხდება. ამავე ვერსიით, უკრაინიდან შემოსული ჯგუფის სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განლაგებას გეგმავენ და ამ დროისათვის უკვე საქართველში უნდა იყოს დაძაბული მდგომარეობა, მასობრივი გამოსვლები თბილისში და ეს ჯგუფი იმუშავებს საჯარისო ნაწილებში. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში შემოსასვლელად რა მარშუტი შეიძლება იქნას გამოყენებული იმ ჯგუფისათვის, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში?

- მოწყვლადი ადგილები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფოთის და ბათუმის საზღვაო აკვატორია ექვემდებარება უცხო კომპანიების კონტროლს. მათ შორის აშშ-ის პირდაპირ, ან ირიბ კონტროლს ექვემდებარება ფოთის საზღვაო ნავსადური. ასე რომ, ლეგალური გზის გამოყენება ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს იმ ჯგუფებისათვის, ვინც საბოლოო ჯამში უნდა მომზადდეს იმ პროცესებისათვის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ, შესაძლებელია საზღვაო პორტები გამოყენებულ იქნას იარაღის უკანონო ექსპორტისთვის, რომ მოხდეს მისი გამოყენება გეგმის განსახორციელებლად.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ეს არის ქმედება, რომელსაც კურირებენ სადაზვერვო სამსახურები და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უფრო საიდუმლოების რეჟიმით იქნება ყველაფერი დაცული. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთეს შემდგომი მიმართულებით - სახელმწიფოს გააჩნია მნიშვნელოვანი მონაცემები საქართველოდან გასული ყოფილი საპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების, ასევე, მათთან კონტაქტზე მყოფი პირების შესახებ, ესენი იქნებიან უკრაინელები, თუ სხვა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, როდესაც სახელმწიფო ამ განცხადებას აკეთებს, ერთ-ერთი ნიშანი ასეთი ქმედებისა ეს გახლავთ კრიმინალური ჯგუფების და ორგანიზებული დანაშაულის შემადგენელი სხვა ჯგუფების კონტაქტების და კავშირების გააქტიურება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საზღვარი განსაკუთრებულ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და ვფიქრობ, კონტრდაზვერვის სამსახურს გააჩნია მონაცემები ჩვენი საზღვრების მოწყვლადობის შესახებ და აღნიშნული ზონები უნდა იყოს გადაფარული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საფრთხეს თავიდან ვერ ავიცილებთ. ჩემი რწმენით, ძირითადად გამოყენებული იქნება შემოსვლის ლეგალური ფორმა იმ პირების მიერ, ვინც ეს უნდა განახორციელოს, რომლებსაც კავშირები აქვთ საქართველოში. ალბათობის მაღალი ხარისხით, ან უკვე შემოტანილია ამ პროცესისათვის გამოსაყენებელი იარაღი, ან ამ იარაღს შემოიტანენ კონტრაბადული გზით.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რამდენად აქვს ამ ყველაფრის აღკვეთის შესაძლებლობა?

- სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მას გააჩნია შესაბამისი სპეცსამსახურები, რომლებსაც გააჩნიათ ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ აგენტურული აპარატი, უნდა გააჩნდეთ ნდობით აღჭურვილი პირები. სახელმწიფოს გააჩნია სადაზვერვო სამსახური, რომელსაც შეღწევადობა უნდა გააჩნდეს უცხო ქვეყნების იმ სამზარეულოებში, სადაც წყდება ამა თუ იმ აქციის ბედი და აქედან გამომდინარე კოორდინირებული საქმიანობით ეს ყველაფერი მიღწევადია.

თუ რაიმე პრობლემა იქნება, პრობლემის წინაშე დადგება სახელმწიფო, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს ორი სამსახური თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მათ შორის უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სამხედრო კონტრდაზვერვა და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯებიც არის გაწეული ამ სამსახურების აქტიური საქმიანობისათვის.

 

Gami ეს კაცი რასაც ლაპარაკობს,, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა." თუ ყველაფერს ღიად აცხადებენ და აკეთებენ, მაშინ რაღა სადაზვერო ქმედებების ჩატარებაა? სადაზვერო მუშაობა ფარულად უნდა მიმდინარეობდეს და არა ღიად; ეზ უკვე გამოცხადებული ომია! ეს, მათი მხრიდან რაღაც დონით უფრო შესაშინებლად არის და კიდევ, ამ ძონძი ოპოზიციის " ახდენილი სიზმარის" სურვილია/ მელას სიზმრის ანალოგი/. სიფრთხილე და პრევენცია მაინც აუცილებელია!
1 წლის უკან