მოსალოდნელია თუ არა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისრაელი, რომელიც მტრებითაა გარშემორტყმული, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ახლა ისრაელს, გარდა ღაზას სექტორისა, შესაძლოა, სხვა მტრებიც აუმხედრდნენ, რომლებიც ჰამასზე ძლიერ ძალას წარმოადგენენ. თუ ჰამასს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები არაბები, ხოლო ლიბანიდან ჰეზბოლაც შეუერთდა, მაშინ ისრაელს მტრების მოგერიება სამ ფრონტზე მოუწევს. ასევე არსებობს იმის დიდი საფრთხე, რომ საბოლოოდ დაპირისპირებაში ირანიც ჩაერთოს. ირანმა პალესტინის მხარდაჭერა გამოაცხადა, თუმცა ამ ოპერაციაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამის მიუხედავად, ისრაელი დარწმუნებულია, რომ ტერორისტები ასე ორგანიზებულ თავდასხმას ირანელების დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ. თუმცა, ასევე, არსებობს კიდევ ერთი მოკავშირე რუსეთის სახით, რომლის კვალიც არ არის გამორიცხული ამ დაპირისპირებაში ღიად გამოჩნდეს.
ამ დროისთვის კი, ისრაელის „რკინის გუმბათი“ ღაზის სექტორიდან ასობით რაკეტას იგერიებს. ჰამასმა ერთ დღეში ისრაელის ორი ქალაქის: აშკელონის და აშდოთის მიმართულებით 120 რაკეტა გაუშვა.
ტერორისტების ოპერაციას სახელწოდებით „ალაქსას წყალდიდობა“ ებრაელებმა ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაუპირისპირეს.
უკვე მეოთხე დღეა, რაც ღაზის სექტორი განუწყვეტლივ იბომბება. შენობების დიდი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული, თუმცა ჰამასის მიწისქვეშა ნაგებობებში ჯერ კიდევ დიდი საფრთხე იმალება. მათ ასევე არა აქვთ ელექტროენერგია და წყალი. ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინის მსოახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა სად წავლენ ღაზას სექტორში მაცხოვრებელი მოქალაქეები რთული სათქმელია, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საზოგადოებისთვის სპეციალურ მიმართვის გავრცელებას აპირებს, სადაც ის უახლოესი გეგმების შესახებ ისაუბრებს. სავარაუდოდ, ისრაელი ფართომასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
ეგვიპტურმა დაზვერვამ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ინფორმაცია თავის დროზე მიაწოდეს ოფიციალურ ისრაელს. პრემიერ-მინისტრის კაბინეტმა კი მათ უკვე უპასუხა, რომ ეს სრული სიცრუეა და ისრაელს ამ მასშტაბის დაპირისპირების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ჰამასი“ კი იმუქრება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს.
„ამ საათიდან ჩვენი ხალხის მიმართ გაფრთხილების გარეშე საკუთარ სახლებში დამიზნებით სროლას, სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელიც ვიდეო და აუდიო საშუალებით გადაიცემა“, - ამბობს სპიკერი.
„ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს“, - ამბობს ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას მან განაცხადა: „რასაც „ჰამასი“ გამოცდის, იქნება რთული და საშინელი. თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსაველთს..ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და ვიქნებით დაამარცხე ისინი ძალით“.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ მოსადის ჩავარდნა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა გამოიწვია. პირველ რიგში, ეს არის ე.წ. ბიუროკრატიული ხმაური და მეორე, სამწუხაროდ, ისრაელის სპეცსამსახურები ძალიან ჩაერთვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში. მაისაია ამბობს, რომ მოსადი არ მოელოდა, რომ „ჰამასი“ მსგავსი ოპერაციის ჩატარებას შეძლდებდა, ასე დახვეწავდა ბრძოლის მეთოდს და ამდენს გაბედავდა.
„ეს იყო ირანის, რუსეთის და სირიის მიერ კარგად მომზადებული სპეცოპერაცია, რისი გაანალიზებაც მოსადმა ვერ მოახერხა. ისრაელის დაზევრვა სრულიად სხვა მიმართულებაზე იყო ორიენტირებული და ისინი უფრო „ჰეზბოლადან“ ჩრდილოეთ ისრაელის საზღვარზე ელოდებოდნენ შეტევას. სამწუხაროდ, დეზინფორმაციის მსხევრპლნი გახდნენ, რომელიც სწორედ ამ სპეცოპერაციის ნაწილი იყო. სავარაუდოდ, მოსადს სრულიად სხვა ინფორმაციას აწვდიდნენ და სწორედ აქ დაუშვეს მათ შეცდომა, რომ ეს ინფორმაციები დაიჯერეს. გამორჩათ, რომ ირანს, რუსეთს და სირიას, ასეთ მაღალ დონეზე, კონსპირაციის ფონზე, ამხელა სპეცოპერაციის დაგეგმვა შეეძლო.
ყველამ კარგად ნახა, რომ ტერორისტებს დრონებიც კი ჰქონდათ, რაც აქამდე მათ ხელში არავის უნახავს. ასევე მათ კარგად აქვთ შესწავლილი და გააზრებული ისრაელის თავდაცვის მოქმედებები და ეს მოულოდნელობის ეფექტი, რომელიც ისრაელის თავდაცვისთვისაც და დაზვერვისთვის საკმაოდ დიდი შოკი იყო. „ჰამასმა“ ჩათვალა, რომ ისრაელში მიმდინარე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სათავისოდ უნდა გამოეყენებინა და ახლა იყო დარტყმის დრო. ქვეყნის შიგნით პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გარკვეულწილად ისრაელის თავდაცვაც და დაზვერვაც მოადუნა. საინტერესო ისაა, რომ ტერორისტები საკმაოდ კარგად არიან გაწვრთნილები და მე მათ ქცევაში „ვაგნერის“ ხელწერა დავინახე. არ არის გამორიცხული, რომ მათ „ვაგნერის“ მებრძოლებიც კი იპოვონ“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, მოსადის საინფორმაციო განეიტრალება მოხდა, რაც 50 წლის შემდეგ, ისრაელის დაზვერვის უდიდესი ჩავარდნა იყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ბრძოლა თანაბარ ძალებს შორის მიდის, სადაც ირანი ტერორისტულ ორგანიზციას იარაღად იყენებს.
„ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია სამხედრო ძალად არის გადაქცეული, რომელსაც შეუძლია თავდასხმის მაღალ დონეზე ორგანიზება, შენიღბვა და მოქმედება. ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის მსგავსი ფაქტი 1973 წლის ომის დროსაც არ ყოფილა. ამხელა მსხვერპლი და ამ დონის თავდასხმა მართლა უპრეცედენტოა. ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტია. „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელის წინააღმდეგ არიან. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ეს ლოკალურ ომში გადაიზარდოს. თუ ომში „ჰეზბოლა“ ჩაერთო და ჩრდილოეთიდან ისრაელს მათ დაარტყეს, ეს უკვე სერიოზული დაპირისპირება იქნება. რამდენად შეიძლება ამაში ირანი ღიად ჩაერთოს, ჯერ რთული სათქმელია, მაგრამ ლიბანის ჩართვა უფრო მოსალოდნელია. ვნახოთ, უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს მაისაია.
ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი კი ამბობს, რომ უკვე უახლოეს მომავალში ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ იქნება მარტივი სპეცოპერაცია, რადგან მჭიდრო დასახლების გამო, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნება.
„ღაზას სექტორი მჭიდროდ არის დასახლებული, სადაც მსოფლიოში შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მცირე ადგილას 2 მილიონი კაცი ცხოვრობს. ეს თბილისზე პატარა ტერიტორიაა, სადაც ამდენი ხალხი ცხოვრობს. იქ არის მოწყობილი გვირაბები, სადაც, „ჰამასი“ იმალება. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას და იმის მოწოდებას, რომ მათ ღაზას სექტორი დატოვონ, გამორიცხულია, რადგან ეს ხალხი, ფაქტობრივად, ციხეშია მოქცეული და გასაქცევი არსად აქვთ. მათ უკან ხმელთაშუა ზღვაა, აქეთ მხარეს კი ისრაელია, სადაც ვერ გადმოვლენ. იქით ეგვიპტეა, თუმცა ამ ქვეყანას პალესტინელებისთვის საზღვარი აქვს ჩაკეტილი და იქით არ უშვებს. ისრაელმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც მითითებული აქვს საით უნდა გადავიდეს მოსახლეობა. თუმცა ელექტროენერგია აქვთ გათიშული და უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ინფორმაციაზე რამდენად მიუწვდება ხალხს ხელი, ეს რთული სათქმელია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სიტუაცია როგორ განვითარდება. სამხრეთ ლიბანში პროირანული, შიიტური დაჯგუფება მოქმედებს, - „ჰეზბოლა“, რომელიც „ჰამასისგან“ განსხვავებით უფრო ძლიერია, ათჯერ უკეთესად არის შეიარაღებული, მომზადებული და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან გამოცდილია. ამიტომ მათი მხრიდან თავდასხმა უფორ რთული მოსაგერიებელი იქნება“, - ამბობს ბატიაშვილი.
მისივე თქმით, „ჰეზბოლამ“ სიტყვიერი მხარდაჭერა გამოთქვა, თუმცა ჯერ პროგნოზების გაკეთება რთულია. ბატიაშვილი ამბობს, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ეს დაპირისპირება მხოლოდ ღაზას სექტორით შემოიფარგლება თუ დიდი აფეთქება მოხდება რეგიონში.
„რაც შეეხება დაზვერვის ჩავარდნას, მოსადს ჰქონდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა ჩრდილოეთიდან ან „ჰესბოლადან“ მოხდებოდა. ამიტომ სამხრეთით მდებარე საჯარისო დანაყოფები მოხსენს და ჩრდილოეთი გაამაგრეს. აქ ისიც არ არის გამორიცხული, რომ დაზვერვას ჰქონდა ეს ინფორმაცია და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიაწოდა, რომელმაც სათანადო რეაგირება არ მოახდინა. თუ არ ჰქონდა და ამ დონის ჩავარდნა მოხდა, ეს გაირკვევა აუცილებლად. თუმცა მსხვერპლის ეს რაოდენობა მართლა უპრეცედენტოა. მთავარია ჩრდილოეთში რა მოხდება და „ჰეზბოლადან“ რა პასუხი იქნება გაცემული, თორემ ღაზას სექტორში ძალთა ბალანსი ისრაელმა უკვე აღადგინა და ეს არ გაუჭირდება“, - ამბობს ბატიაშვილი.
კაი სახელი მოგიფიქრებია ....
მაგრამ მე უფრო ჰესბოლას დავარქმევდი