როგორც ცნობილია ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საფუძველი არის თვითმმართველობის, როგორც ინსიტუტის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ის სახელმწიფოები, სადაც თვითმმართველობის ინსტიტუტი ძლიერია, გაცილებით დემოკრატიულები არიან და, შესაბამისად, მათი ეკონომიკებიც წარმატებულია.
თვითმმართველობის გაძლიერება პირველ რიგში ნიშნავს, მას ყავდეს წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს სახით და გააჩნდეს საკუთარი ბიუჯეტი. საქართველოში ამ მხრივ ყოვლად გასაკვირი რამ მოხდა, როდესაც დემოკრატიის გაღრმავების ნაცვლად მოულოდნელად გაუქმდა საკრებულოები სოფლებში და შესაბამისად ამ სოფლებს გაუუქმდათ საკუთარი ბიუჯეტები. ბიუჯეტთან დაკავშირებით ანალოგიური მდგომარეობაა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიებცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და სხვა. როდესაც მათი ბიუჯეტების თითქმის 60-70%ს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტები შეადგენს.
2010 წელს თბილისის ბიჯეტში 710 მილიონი ლარიდან 530 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტია, ხოლო მიმდინარე წელს 605 მილიონი ლარიდან - 440 მილიონი, რაც მთლიანი შემოსავლის 72%-ია. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ თბილისის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების სახით შედის, მხოლოდ 96 მილიონი ლარი და სხვა შემოსავლები (დივიდენდები, რენტა, შემოსავალი მიწის იჯარიდან, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა.) დაახლოებით 79 მილიონი ლარს შეადგენს. ე.ი გამოდის, რომ ქალაქს რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, როგორც ფიზიკურ პირთა ასევე მიწაზე ქონების გადასახადი.
თითქმის მილიონ-ნახევრიან ქალაქს არ რჩება არც მოგების გადასახადის ნაწილი და არც საშემოსავლოსი. თბილისსში იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 65-70%. ქვეყანაში მოკრებილმა საშემოსავლო გადასახადმა 2010 წელს შეადგინა თითქმის 1,2 მლრდ ლარი, ხოლო მოგების გადასახადმა - 500 მლნ-ზე მეტი. ამ გადასახადების 20% მაინც რომ დარჩენოდა თბილისის ბიუჯეტს, ცენტრალური ბიუჯეტიდან მას ტრანსფერი აღარ დასჭრიდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტო საბიუჯეტო მოწყობის სერიოზული ხარვეზი, მას უდაოდ პოლიტიკური და სოციალური ხასიათიც აქვს. ეს დასტურია იმის, რომ საქართველოში შემოსავლების და ხარჯების გადანაწილება, ძირითადად, ცენტრალიზებულია - საგადასახადო უფლებამოსილებები არ არის გამიჯნული ცენტრსა და რეგიონს შორის. ქვეყანაში არ არსებობს საბიუჯეტო ფედერალიზმის ნიშნებიც კი, რომელიც რეგიონებისა და ცენტრის სინქრონული განვითარების საფუძველი უნდა იყოს.
ერთი მხრივ - თვითმმართველობის ინსტიტუტის გაუქმებით (სოფელი, დაბა, თემი) და მეორე მხრივ - ასეთი საბიუჯეტო სისტემის დანერგვით ჩვენ ფაქტობრივად უარი ვთქვით რეგიონალური პოლიტიკის დამკვიდრებაზე და საერთოდ მის საჭიროებაზე. სწორედ რეგიონალური პოლიტიკის განვითარება აძლევს სტიმულს იმ ტერიტორიების განვითარებას, რომლებიც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ფუნქციონირებენ თვითგანვითარების რეჟიმში. დღეის მდგომარეობით ცენტრმა “თავის თავზე” აიღო ყველა სოციალური და ეკონომიკური ვალდებულება. ფაქტობრივად, რეგიონებს ჩამოერთვათ სოციალურ, ეკონომიკურ და გარკვეულად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაც. დღეს ნაკლებად საუბრობენ რეგიონალური განვითარების კონცეფციის, პროგრამის შემუშავების შესახებ. სწორედ ასეთი პროგრამაა აუცილებელი, რომლებიც დაეფუძნება ადგილობრივ რესურსებს, რეგიონის თავისებურებებს და კლიმატურ პირობებსაც კი.
რაც შეეხება ზოგადად 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, იგი თითქმის იდენტურია 2010 წლის შესაბამისს მაჩვენებლებისა და შეადგენს 7 მლრდ ლარს, ხოლო მშპ განსაზღვრულია 22 მილიარდი ლარით, რაც 5-6 წლის წინანდელ მაჩვენებლებს თითქმის 5-ჯერ აღემატება, თუმცა ამასთან ერთად შემაშფოთებელია სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა (სახელმწიფო ვალი - საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული ჯამური თანხა), რომელიც 2011 წლისთვის 10,6 მლრდ ლარამდე იზრდება. მათ შორის, საგარეო ვალი - 850 მლნ-თ და მიაღწევს 8,7 მლრდს. ხოლო საშინაო - 100 მლნ-თ, რომელიც გაიზრდება – 1,9 მლრდ ლარამდე. ეს გამოწვეულია სახაზინო ვალდებულების გამოშვებით. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 45%-ს ტოლია.
საგარეო ვალის გაზრდის მიზეზი არის 4,5 მლრდი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების წინ გამოყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. აქედან 2 მლრდ არის წმინდა გრანტი, ხოლო 2,5 მლრდ არის დაბალპროცენტიანი კრედიტი. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამდე, სანამ ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მათ ცალსახად განსაზღვრეს პრიორიტეტები: პირველი - დევნილების ინფრასტრუქტურის შექმნა; მეორე - ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა, მესამე - საბანკო სექტორის დახმარება; და მეოთხე - ინვესტიციური პროექტების განხორციელება. თუ როგორ ხორციელდება ეს მიმართულებები, სწორედ ეს არის საინტერესო.
აღნიშნული ვალის ყველაზე დიდი მოცულობა მოდის მსოფლიო ბანკზე და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე დაახლოებით - 2,3 მლრდ-ზე მეტი, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 1,8 მლრდ; აზიის განვითარების ბანკი - 400 მლნ. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოებს, ყველაზე დიდი ვალი გვაქვს გერმანიის - 400 მლნ, შემდეგ რუსეთის - 206 მლნ, იაპონია - 104 მლნ, თურქეთი - 53 მლნ. ასევე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებით ე.წ “ევრობონდები” - 886 მლნ ლარი. ასევე - ე,წ “გურგენიძის ევროობლიგაციები”, როცა 2008 წელს დაახლოებით 7,5%-ად ობლიგციები განვათავსეთ ლონდონის ბირჟაზე, სხვათა შორის, აქედან 48% შეისყიდა დიდმა ბრიტანეთმა, დანარჩენი აშშ-ის კომპანიებმა, რომელიც ოფშორებშია რეგისტრირებული.
თავისთავად, ეს ცუდი არ იყო, მაგრამ შემდგომში მისი მიზნობრიობა არსად ჩანს. ეს პრემიერ ლადო გურგენიძის დროს ხდებოდა. უნდა აშენებულიყო გაზის საცავი და არ გაკეთებულა, შემდეგ საუბარი იყო კვლევების ჩატარებაზე, რაც ასევე არ მომხდარა. ასევე უნდა დაფინანსებულიყო ენერგეტიკული სექტორი, ელექტროსისტემა, ესეც არ განხორციელდა. მერე საუბარი იყო მომავალი თაობების დახმარებაზე ამ კუთხით. დღეს ამ თანხების მიმართულება გაურჯვეველია. ბიუჯეტში ვერ ნახავ, რომ ამ თანხებმა ხარჯებში ასახვა ჰპოვა, ჩვენ კი ამ თანხებიდან გამომდინარე 2013 წელს სოლიდური თანხების გადახდა გვიწევს. კარგი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრმა გაგვარკვევს, როგორ განხორციელდა ამ თანხების ხარჯვითი ნაწილი, რადგან 2013 წელს ჩვენ უკვე მილიარდ 200 მილიონის გადახდა მოგვიწევს, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია. ეს არის 7%-ანი სესხი და ამ თანხას ყოველწლიურად კიდევ პროცენტი ერიცხება, ანუ - ყოველ წელს დაახლოებით 35 მილიონი დოლარი. თუ ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილ თანხებს დავიანგარიშებთ, კოლოსალურ ციფრს მივიღებთ.
საგანგაშოა, რომ მიმდინარე ეტაპზე ვალების გადახდა თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2009 წელს საგარეო ვალების მომსახურებაზე მხოლოდ 115 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2010 წელს – 125 მილიონი, 2011 წელს კი მხოლოდ 138 მლნ ლარია განსაზღვრული, მაშინ, როცა 2009 წელს საგარეო ვალი 786 მილიონით გაიზარდა, 2010 წელს - 1,3 მილიარდით. 2011 წელს კი - 754 მილიონია მოსალოდნელი.
მთლიანობაში სახელმწიფო ვალი საკმაოდ დიდია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ძლიერ განვითარებულ ქვეყნებშიც არის საგარეო ვალი უფრო მაღალი. მაგალითად საბერძნეთში ის შეადგენს, მშპს – 125%, იტალიაში - 100%-მდეა, აშშ-ში – 65%-ს, უკრაინაში – 42%. ხოლო ჩვენ მეზობელ სომხეთში იგი 50%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საშინაო ვალს, მისი სტრუქტურა შემდეგი სახისაა: ეროვნული ბანკისათვის განკუთვნული ერთწლიანი სახელმწიფო ობლიგაციები დაახლოებით 600 მლნ, სხვადასხვა ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაციები - 125 მლნ, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები - 370 მლნ და სხვა ვალდებულებები - 70 მლნ ლარი.
წლიდან წლამდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, კოპერატიული ბინათმშენებლობის ვალის მომსახურეობის თემა. ეს ის ვალია, რომელიც 90-იან წლებში მოსახლეობამ მთლიანად გადაიხადა კოპერატიულ ბინათმშენებლობაზე და მისი დამთავრება ვერ მოხერხდა შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო. ეს თანხა, ყველა ხელისუფლების მიერ აღიარებული იქნა შიდა ვალში. ამას ემატება ასევე საბანკო ანაბრები, რომელსაც მოსახლეობა უკვე მრავალი წელია ამაოდ ელოდება. ეს ვალი შესაძლებელია დაზუსტებულიც კი არ არის. აქ ალბათ ის პრობლემაც არის, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა კურსით უნდა მიეცეთ აღნიშნული ანაბრები. ამ ვალის გადახდა ერთდროულად რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ამ პროცესის დაწყება ეტაპობრივად აუცილებელია.