„დუმილის სპირალში შესვლას არ ვაპირებთ, მე ვსაუბრობ ერის მოაზროვნე ნაწილზე, რომელიც კიდევ ერთხელ, 9-წლიან სისხლიან დიქტატურას არ დაუშვებს“

„დუმილის სპირალში შესვლას არ ვაპირებთ, მე ვსაუბრობ ერის მოაზროვნე ნაწილზე, რომელიც კიდევ ერთხელ, 9-წლიან სისხლიან დიქტატურას არ დაუშვებს“

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა კონკრეტული პირების მიმართ, ვინც სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩართული, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ელოდება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქვეყნები, რომელსაც ჩვენ სტრატეგულ პარტნიორებსაც კი ვუწოდებდით, ფაქტობრივად, წირავენ საქართველოს და აშიშვლებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მათ საქართელოს მიმართ აქვთ.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ USAID-ის მიმართ ბრალდება არის დაუსაბუთებელი და, რომ გააგრძელებენ ქვეყანაში მათი პროქსების დაფინანსებას და მხარდაჭერას. სუს-ის განცხადებიდან თუ ამოვალთ, არსებობს სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და ეს მცდელობა სულ იყო, მაგრამ ახლა რატომ გააქტიურდა ეს გემა, რომელშიც ჩართულია აშშ-ის საელჩო და კერძოდ, USAID?

ირაკლი გოგავა: ეს გეგმა რომ არსებობს, ამას ყველა ვხედავთ. ბოლო წლების განმავლობაში ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაგრამ იმის გამო, რომ სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ, რადგან თვითონ ადგილზე წარმოადგენენ მარგინალურ ჯგუფებს, ვერ ხორციელდება. ახლა გააქტიურდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე და უარი თქვა კანონზომიერად, რაც ბუნებრივი იყო. მეორე ფრონტი ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა, ვინაიდან მსგავსი ქმედებები გამოიწვევს რუსეთის აგრესიულ ჩარევას და საქართველოს ოკუპაციას. შეიძლება, სახელმწიფო საერთოდ დავკარგოთ, ან ვიღაცა მარიონეტული მთავრობა დაგვასვან თავზე.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ - ადმინისტრაცია, რომელიც მართავს აშშ-ს, არ გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლიანი მიდგომით პარტნიორებთან ურთიერთობაში. ჩვენ გვახსოვს, რომ მაგალითად, ტრამპის დროს მსგავსი გეგმები არ არსებობდა. ანუ, დემოკრატებს და მსოფლიო გლობალისტურ წრეებს ასეთი ავანტურისტული გეგმები ახასიათებთ. თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო გადატრიალების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ყოველი მე-8 არის წარმატებული, 7 მცდელობა კი უშედეგო. გადატრიალების მოწყობას და ფერადი რევოლუციის დაორგანიზებას სჭირდება კარგად დაფინანსებული აქტიური უმცირესობა, მაგრამ ასევე ეს უნდა მიმდინარეობდეს უმრავლესობის დუმილის ფონზე. სხვანაირად ვერ მიაღწევენ წარმატებას.

ყველა წინა მცდელობა აჩვენებს, რომ მიიღეს უმრავლესობის დუმილი, ამ შემთხვევაში მიიღებენ საზოგადოებისგან ასეთივე პოზიციას?

- არა. აი, ამ უმრავლესობის დუმილს ისინი ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას. იმ დუმილის სპირალში შესვლას არ ვაპირებთ და აუცილებლად შევეწინააღმდეგებით ამას. მე ვსაუბრობ არაპარტიულ საზოგადოებაზე, ქართველი ერის მოაზროვნე ნაწილზე, რომელიც კიდევ ერთხელ 9-წლიან სისხლიან დიქტატურას არ დაუშვებს. ეს ლიტონი სიტყვები არ არის. 1937 წლის რეპრესიებს რამდენიმე ათეულჯერ გადააჭარბა რეპრესიებისა და ქონებების წართმევის იმ მასშტაბებმა, რაც სააკაშვილის დროს იყო. ამისკენ მიბრუნება დაუშვებელია.

რაც შეეხება საკუთრივ სუს-ის განცხადებას, ეს ორგანიზაცია აღარ არის ის, რაც 90-იან წლებში იყო, დაიხვეწა, მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, მათ აქვთ ინფორმაცია და ჰაერზე ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, მით უმეტეს როცა საქმე ეხება აშშ-ის ჩართულობას. ეს ორგანიზაციები ვინც სუს-ის ინფორმაციით მონაწილეობს სახელმწიფო გადატრიალებაში - იგივე სერბები, რომლებიც აქ იყვნენ ჩამოსული, „კანვასის“ დამფუძნებლები, გნებავთ „ოტბორის“ დამფუძნებლები, გადატრიალების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არიან და საქართველოშიც ამზადებენ ხალხს.

გარდა ამისა, სუს-მა გააკეთა განცხადება პოლონეთში რაღაცა ბანაკის არსებობაზე, სადაც ასევე ხდება ბოევიკების მომზადება საქართველოში არეულობის დასაწყებად და ხელისუფლების ჩამოსაშლელად. ჩვენ, ეს ხელისუფლება მოგვწონს თუ არა, ეს ერთი თემაა, შეიძლება რაღაცა ეკონომიკური პოლიტიკა არ მოგვწონდეს, იქ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულება არ მოგვწონდეს, ბევრი კითხვები არის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ პროცესებს.

თეორიულად, დავუშვათ, რომ რადიკალურმა ჯგუფმა შეძლო პროცესების რადიკალიზაცია, ასეთ შემთხვევაში რა პროცესებს მივიღებთ?

- ჩვენ ისევ წარსულში დაბრუნებას ვერ დავუშვებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ გადატრიალება, თეორიულად, თუ წარმატებული გამოდგა, ზუსტად 2-3 კვირაში მოგვიწევს სანგრების გათხრა და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა, ვინაიდან დასავლეთიდან და უცხოეთიდან ამის დამკვეთებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

რაში სჭირდებათ მეორე ფრონტი?

- იმიტომ, რომ ის გეგმა, რომელიც მათ ჰქონდათ, უკრაინაში ვერ ამართლებს. რუსეთი ვერ ჩამოშალეს, ვერ დაამარცხეს. სტრატეგიული მარცხი, როგორც აცხადებდნენ, ვერ მიიღეს და შესაბამისად, უნდათ, რომ რუსეთის ძალები დაქსაქსონ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის საქართველოს მიმართულებით. რუსეთთან ურთიერთობები როგორმე უჩვენოდ გაარკვიონ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მიუხედავად ხელისუფლების ბევრი შეცდომისა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ა.შ. 10 წელია გადაბმული მშვიდობა გვაქვს, ხალხი თავისით ავითარებს ეკონომიკას და ვხედავთ, რომ რაღაცები უმჯობესდება. რა თქმა უნდა, იმ ტემპით არა, რაც გვჭირდება, მაგრამ ეს მეორე ეტაპია, რომ ამ ნეოკოლონიალური სისტემიდან ამოვიდეთ და სუვერენული განვითარების გზას დავადგეთ უკვე ეკონომიკური კუთხითაც. საქართველო იბრძვის სუვერენიტეტისთვის, რაც დასავლეთში მმართველი წრეებისთვის არის მიუღებელი.

დღეს მიდის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამას ხელისუფლება ისე, რომ არ მივიღოთ სახელმწიფო გადატრიალება?

- ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ძალიან ბევრი გამოწვევა, საფრთხე და მუქარა არსებობს. პირველ რიგში, უნდა მოხერხდეს ისე, რომ არ დავუშვათ მეორე ფრონტი. ხელისუფლება არჩევნებამდე მივიდეს და თუ შესაცვლელია, მხოლოდ სამართლიანი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ამავე დროს, უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანა არ გახდეს სანქციების და ემბარგოების სამიზნე.

რაც ძალიან რთული ამოცანაა...

- გეთანხმებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს რამდენიმე კოზირი, რაც შევარდნაძის ხელისუფლებას მაშინ არ ჰქონდა. ეს არის, პირველი - საზოგადოების 80%-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ლიბერალური მარგინალური ჯგუფები, თუნდაც ეს ერთობლივი კოლექტიური ნაცები, რომლებიც პირდაპირ წარმოადგენენ უცხოეთის მე-5 კოლონას და იქიდან ფინანსდებიან წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარით. მეორე - ამ ლიბერალურ მარგინალურ ჯგუფებს არ აქვთ დომინაცია მედიასფეროში. კი, აქვთ თავისი მედია საშუალებები, მაგრამ დომინაციას ვერ ახორციელებენ. არის სხვა გამოცემები, სხვა ტელევიზიები.

მესამე - ეს არის ხალხის განწყობა. ჩვენ უკვე ვიცით და გამოვიარეთ ის საშინელი 9 წელი. ვიცით, რაც იყო დემოკრატიის სახელით მოსული, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით მოსული ხელისუფლება. ფაქტობრივად, ეს იყო სისხლიანი დიქტატურა, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ღამის 2 საათზე ნოტარიუსების თანდასწრებით ართმევდნენ ქონებას. 40 ათას ადამიანზე მეტს წაართვეს ქონება, 300 ათასზე მეტი პრობაციონერი გვყავდა, შრომისუნარიანი მამაკაცების 30% ციხეში გაატარეს, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში, მსოფლიოში მეორეზე. ამ კატასტროფის გამოვლა ნორმალურ ადამიანს აღარ უნდა უნდოდეს.

იგივე კასრების ცნობილი ისტორიაც გვახსოვს, 24 ათასი ჩანაწერი წამებისა და ღირსების შემლახავი, ციხეებში რაც ხდებოდა, ესეც გვახსოვს და ამას მეორეჯერ ნამდვილად არ დავუშვებთ. თანაც, ეს ყველაფერი მაშინაც დემოკრატიის სახელით იწყებოდა. იგივე, ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, ევრომაიდანის და ევროპაში უკრაინის ინტეგრაციის სურვილით გამოვიდა ხალხი, დაამხეს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და შემდეგ რამხელა ომში და უბედურებაში ამოყო თავი უკრაინელმა ხალხმა. იგივეს განმეორება ჩვენ ნამდვილად აღარ გვინდა.

2003 წელს შევარდნაძის ძალოვან მინისტრებს ოდნავ ფხა რომ გამოეჩინათ და ერთი 20 კაცი სატუსაღოში გაეშვათ და მეორე 20-სთვის დაელურჯებინათ ერთი ადგილი, ქვეყანა აცდებოდა იმ უზარმაზარ უბედურებას, რაც მერე, 2008 წლის ომში განვიცადეთ, როცა ქართულ სოფლებს ქვების გროვა უწოდა მაშინდელმა პრეზიდენტმა. დაშალეს, დაანგრიეს ქართული სოფლები, 100 ათასზე მეტი დევნილი გვყავდა და თანაც იურიდიულად შეფუთა ახალგორის ჩაბარება, ისევე როგორც კოდორის ხეობის. ჯერ გამოყარეს ადგილობრივებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი „მონადირე“, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ხეობას მტრებისგან და შემდეგ უკვე ერთი გასროლის გარეშე ჩააბარეს. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ამას არავინ არ დაუშვებს, არავინ არ აპირებს სახლში დარჩენას. ჩვენ ვიცით, რომ ფერადი რევოლუციის ტექნოლოგია განაახლეს და დაუმატეს ძალისმიერი კომპონენტი, რაც ვნახეთ უკრაინაში.

რისი გამოყენებაც უნდათ საქართველოში?

- რა თქნა უნდა, მათი გეგმის ნაწილია, რომ კარავში მოხდეს აფეთქება, საკრალური მსხვერპლი უნდათ, რომ ტემპერატურა აწიონ და რაც ყველაზე სამწუხაროა, უნდათ ახალგაზრდა ადამიანების, სტუდენტების გამოყენება. საერთო ჯამში, ეს არის არაპარტიორული ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მათთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. ევროპაც, სამწუხაროდ ასე იქცევა და უნდათ აქიდან თითქოს ისე გავიდნენ, რომ კარი გაიჯახუნონ და აქ დატოვონ ქაოსი, ნგრევა და უბედურება.

თუკი სუს-ის განცხადებიდან გამოვალთ, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების მომზადებისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების გადამზადება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე გეგმა, ქაოსი მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკვე უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსული მებრძოლების ჩართვა პროცესში. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ არ მივიღოთ მორიგი რევოლუცია?

- კი, ბატონო. პატარა სახელმწიფო კი ვართ, მაგრამ გვაქვს უპირატესობა - ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენს მიწაზე ვართ. კი, დასავლეთს ჰყავს დაახლოებით 8-დან 12 ათასამდე თავისი მოქმედი აგენტურა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული და რომელსაც ხელფასს უხდიან. ეს არასამთავრობო სექტორი, მედია, მათ შორის ჩინოვნიკები სხვადასხვა დონეზე ჩანერგილები არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში შევხედოთ ვისზე დებენ ისინი ფსონს - ეს არის რაღაცა პირადი კეთილდღეობის მისწრაფებით აღტკინებული ვითომ პატრიოტები და რეალურად ისინი ქადაგებენ ისეთ დღის წესრიგს, რაც მიუღებელია ქართველი ხალხისთვის.

ამიტომ, ჩვენ უპირატესობა გვაქვს, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ისთვის მიუღებელია ყოფილი ხელისუფლება და ეს არის მთავარი კოზირი, რითაც ჩვენ თავი უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, დიდი ფული აქვთ, დიდი ფული ჩაიდება ამ ყველაფერში დასავლეთის მხრიდან და სამწუხაროა, რომ ამერიკის დემოკრატიული ადმინისტრაცია მსგავს ნაბიჯებზე მიდის საქართველოს მიმართ, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ავღანეთის და ერაყის ოპერაციებში.

საერთო ჯამში, რომ დათვალო, აშშ-ს წელიწადში თითო ამერიკელი ჯარისკაცის შენახვა უჯდებოდა მილიონ ორასი ათასი დოლარი. მინიმუმ 1 200 ქართველი 17 წლის განვალობაში იყო იქ და რომ გადათვალოთ, რამდენი ფული დავუზოგეთ ამერიკას, რამდენით შევეხიდეთ, ეს გამოდის მილიარდები, გაცილებით მეტი, ვიდრე ის ფორმალური დახმარებები, რაც შემოვიდა და რეალურად ამერიკის მთავრობის დახმარებით გახსნილი ერთი ობიექტი რომ მოიკითხო, გაძნელდება ამის პოვნა.

ამიტომ, ის წვლილი, რაც საქართველომ შეიტანა დასავლეთთან ერთად თანამშრომლობაში, არის გაცილებით მეტი, ვიდრე დასავლეთმა გაიღო საქართველოს მიმართ. ეს უნდა გვესმოდეს, არავის ვალი ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს ინტერესებს არავის არ გავათელინებთ. შეერთებულ შტატებში ჭკვიანი ხალხიც არის. პოლიტიკური ინსტებლიშმენტის, რესპუბლიკური პარტიის ნაწილი ასეთ ავანტურებზე საქართველოს მიმართ არ მიდიოდა და ტრამპის ადმინისტრაცია არის ამის მაგალითი. უფრო მეტიც, ამ ლიბერალურ, ლგბტ-ს და უაზრო თემებსაც არ აფინანსებდნენ. სამწუხაროა, რომ დემოკრატებმა ასეთი გზა აიღეს.

პირველ რიგში, ეს შემოტევა უნდა მოვიგერიოთ და მეორე რიგში, იმედი გამოვთქვათ, რომ ტრამპის გუნდი მოიგებს ამერიკის არჩევნებს და შეიცვლება არადეკვატური პოლიტიკა, რომელსაც გვთავაზობს დღევანდელი დემოკრატების ადმინისტრაცია.

თუმცა, ხელსუფლებამაც უნდა იმოქმედოს, გაასაჯაროვოს მეტი მტკიცებულება, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები...

- ფერადი რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი და ყველაზე ეფექტური ბრძოლის გზა. ეს არის მაქსიმალური სიხისტე კანონის ფარგლებში. უკანონობა პირიქით უარესია, მაგრამ კანონის ფარგლებში სიხისტე აუცილებელია. იზოლირება იმ ბუნტისთავების, ათმეთაურების, ასმეთაურების - ეს არის პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე იდეაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ მოხდეს საპროტესტო აქციებზე იმ ახალგაზრდების დაკავება, ვინც ფულის გამო აპირებენ ამ საპროტესტო აქციებში მოლოტივის კოქტეილების სროლას და ჩააბარონ გაწვევის ცენტრებს. მათ ჯარიდან მიეცემათ სამშობლოსთვის რეალური მსახურებისა საშუალება. ჯარი ახალგზრდა ადამიანის ხასიათს საკმაოდ ამყარებს. ჯარს რომ გაივლიან, მიეჩვევიან წესრგს, შემდეგ უკვე საზოგადოებას ეს ხალხი დაუბრუნდება როგორც სასარგებლო მოქალაქე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი რევოლუციური ცვლილება აუცილებლად მიიყვანს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ომამდე.

 

 

 

არაგველი641 კარგი სტატიაა! მადლობა ირაკლი გოგავას!
1 წლის უკან
Gami ჟურნალისტი ვერ მიხვდა, რომელ უმრავლესობას გულისხმობდა რესპოდენტი.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მთლიანობაში კარგი სტატიაა, მაგრამ 1 ძალიან დიდ შეცდომაში იმყოფება ბატონი ირაკლი! თბილისში მცხოვრები ახალგაზრდობის (მათგან დიდი ნაწილი სტუდენტები და მათი ლექტორებია) უმეტესობა, დაახლოებით 80% შეგუებულია საქართველოში ლგბტ იდეოლოგიის დანერგვას და არც საქართველოს სუვერენიტეტი ანაღვლებთ. მათ უნდათ ე.წ. მაძღარი ცხოვრება, ფუფუნება, სიბარიტობა, "გულავი", "გულავი ევროპაში და სადაც უნდათ ანუ უვიზო მიმოსვლისათვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისათვის ყველაფერზე წამსვლელნი არიან. ახალგაზრდობაში პერიფერიებშიც არის მსგავსი განწყობები, მაგრამ იქ თანაფარდობა 20% ევროდეგრადირებულია და 80% ასე თუ ისე მაინც ეროვნულობის მომხრე!
1 წლის უკან