ზუგდიდელი ბაჩუკი ვეკუა უკრაინის მილიციაში წამებით მოკლეს

ზუგდიდელი ბაჩუკი ვეკუა უკრაინის მილიციაში წამებით მოკლეს

ბაჩუკი ვეკუა 25 იანვარს, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, კიროვოგრადის მილიციის ერთ–ერთ განყოფილებაში წამებით მოკლეს.

საქართველოში მის ცხედარს სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ. ამ დრომდე ვეკუას ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარი ტრაგედიის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ. მოკლულის დედა, მზია ვეკუა “პრესაგე.ტვ”–სთან საუბარში ამბობს, რომ სასტიკად არის ნაცემი მის ვაჟთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქართველი, რომლის ვინაობა უცნობია.

მზია ვეკუა: “ჩემი ვაჟი უკრაინაში გაჭირვებამ წაიყვანა. აქ სამუშაო ვერ იშოვა და მცირე ბიზნესს მიჰყო ხელი. ხშირად ჩადიოდა ამ ქვეყანაში და შეძლებისდაგვარად არჩენდა ოჯახს და ახლო ნათესავებს. იმ დღეს კიროვოგრადში შეჩერდა და იქაურ ქართველთან ერთად ბინა დაიქირავა. 

სწორედ ამ სახლში მიუვარდნენ მას მილიციელები, კარები შეუმტვრიეს, ლოგინებიდან წამოყარეს და ორივენი მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს. შევიტყვეთ, რომ ჩემი შვილი იმ განყოფილებაში მოკლეს, მაგრამ არ ვიცით, დაახრჩეს, იარაღიდან ესროლეს თუ ცემისგან მოკლეს.

იმ ახალგაზრდა მამაკაცს კი ცემისაგან შინაგანი ორგანოები დაზიანებია და მთელი სხეულის ძვლები დაუმტვრევიათ. მისი მონაყოლიდან ვიცით, რომ მეზობელი კამერიდან ესმოდა ჩემი შვილის ბღავილი, ვერ გავუძლებ ამდენ ცემას, 7 დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ ჩემგანო...”

უკრაინის ქალაქ ლვოვში ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ჯუმბერ ძიგუა, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება, იანუკოვიჩის ქვეყანაში ქართველების მიმართ დამოკიდებულებას საგანგაშოდ მიიჩნევს. მისი განცხადებით ვეკუასთან ერთად მყოფი ქართველის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დგას, რადგან იგი ამ საზარელი ფაქტის ერთადერთი მოწმეა.

ჯუმბერ ძიგუა: “ამ ადამიანის ვინაობა ჩემთვისაც უცნობია. ვიცი ის, რომ იგი უკრაინაში მცხოვრები ქართველია და იქ მცირეწლოვანი შვილი და ოჯახი ჰყავს. დილით კამერაში მასთან მილიციის გენერალი შესულა და უკითხავს, გაგათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენს მიმართ რაიმე პრეტენზიები ხომ არ გაქვსო. მას უარი რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერით დაუდასტურებია. ამის შემდეგ კი ვეკუას გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებიათ. მომხდარით შეშფოთებულს ყვირილი მოურთავს. ისევ კამერაში შეუბრუნებიათ და კედელზე ჯაჭვებით გაუკრავთ. როგორც ვიცი, ადვოკატის ზარმა იხსნა, მაგრამ მასთან დაკავშირება როგორ მოახერხა, არ ვიცი. როგორც ჩანს, მილიციელებმა მისი მოკვლა ამის გამო ვეღარ გაბედეს, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე დღესაც ემუქრება”. 

ძიგუას ინფორმაციით, უკრაინის ქართველობაში ამჟამად სრული პანიკაა, რადგან ძალოვანების მხრიდან თანხის გამოძალვის მიზნით ქართველების დაკავებამ მასიური ხასიათი მიიღო. ისინი პრობლემის არსებობის შემთხვევაში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტს იმის შიშით უფრთხიან, რომ მათი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი უკრაინელი სამართალდამცავების ხელში არ აღმოჩნდეს.

ქართული სათვისტომოს ხელძღვანელი უკრაინელი ძალოვანების მიერ ვეკუას გარდაცვალების მიზეზად დასახელებულ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც იგი ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების გამო გარდაიცვალა. ვეკუას ნარკოდამოკიდებულებაზე კატეგორიულ უარს მის ოჯახის წევრებთან ერთად ახლო ნათესავები და მეზობლებიც აცხადებენ.

ჯუმბერ ძიგუა: “ამ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინული მილიცია თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. ის, რომ ქართველს ნარკომანობა და ქურდობა დააბრალო, მათი მხრიდან უჩვეულო ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი ხდება. ყველა ქართველი, ვისაც თუნდაც პატარა ბიზნესი აქვს, ძალოვანების მხრიდან შანტაჟის, გამოძალვისა და გატაცების პოტენციური ობიექტი ხდება. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათ ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ქართველები არიან. ამას ვერ გაუბედავენ ვერც ებრაელს, ვერც რუსსა და სომეხს, რადგან იციან, რომ მათ უკან სახელმწიფოები დგანან და თითოეულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ჩვენი საელჩო ქართველების დასახმარებლად ხალიან ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში თავად საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს და ვითარება მკაცრად გააკონტროლოს”.

ძიგუას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ სამ ქართველს ჩამოასვენებენ. ორი ქუთაისელი და ერთი ზუგდიდელი მამაკაცი უკრაინელი მილიციელების მხრიდან საგზაო წესების უსაფრთხოების დარღვევის გამო ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.