ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ერთის თანახმად, საქართველოში არაფერი არ ხდება მის გარეშე, მეორის თანახმად კი, ბიძინას საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა.
ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ეხება, ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას. ერთი ვარაუდით, ზურაბიშვილი სწორედ ბიძინას თამაშს თამაშობს, პრეზიდენტის იმპიჩმენტიც სწორედ ბიძინას მიერ დადგმული სპექტაკლია, ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს სწორედ ივანიშვილის მითითებით არ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა და ყველა ნაბიჯის უკან, რასაც პრეზიდენტი დგამს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფარული ხელწერა იგრძნობა.
მეორე ვარაუდით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო, მაგრამ ახლა ბიძინასგანაც უმართავია და, მარგველაშვილის მსგავსად, ბიძინას ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს.
ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ამ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და კითხვით მიმართავს საზოგადოებას, „ამისთანას რას თამაშობს ბიძინა, რომ ყველას ბიძინას თამაშად ეჩვენება ყველაფერი ის, რასაც თვითონ არ თამაშობს?!“
ამ კონტექსტში დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმათ გაორებული პოზიციას განიხილავს, რომ პრეზიდენტი ბიძინას თამაშს თამაშობს, ან არ თამაშობს; ასევე, დავით ზურაბიშვილი სხვა ორმაგ სტანდარტებზეც საუბრობს ივანიშვილთან მიმართებით.
„ერთნი ამტკიცებენ, რომ პარლამენტს ვინც არ ტოვებს, ბიძინას თამაშს თამაშობს, მეორენი ფიქრობენ, რომ ვინც პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს დეპუტატებს, მისდა უნებლიედ, ბიძინას თამაშს თამაშობს. ერთნი ამტკიცებენ, ბიძინას აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ ბიძინას არ უნდა კანდიდატის სტატუსი და ვინც სტატუსის მიღების წინააღმდეგია, ის თამაშობს ბიძინას თამაშს. ერთნი ფიქრობენ, რომ ე.წ. მესამე ძალაზე პრეტენზიას ვინც აცხადებს, ყველა ბიძინას თამაშს თამაშობს, მეორენი კი დარწმუნებულნი არიან, რომ ვინც მესამე ძალის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება, ის თამაშობს ბიძინას თამაშს“.
ასეთ გაორებულ პოზიციებში იკარგება რეალობა. მართლაც სად არის ამ თამაშებში ბიძინა ივანიშვილი? თუკი ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებაა, რომელს შეიძლება ვენდოთ მის შესახებ?
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას. უბრალოდ, დღეს პრეზიდენტი ცდილობს, ითამაშოს საკუთარი თამაში, რადგან უკვე გარანტირებული აქვს პრეზიდენტობა. მარგველაშვილიც ასე იყო, ისიც საკუთარ თამაშს თამაშობდა, მაგრამ მარგველაშვილს თავისი პოლიტიკური ძალა არ გააჩნდა და ვერც პოლიტიკური პარტია ვერ შექმნა. ამიტომაც შემდგომ არჩევნებში მარგველაშვილმა აღარ იყარა კენჭი.
„იგივეა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით, არც ოპოზიციაში და არც „ქართულ ოცნებაში“ ზურაბიშვილს არ აქვს მხარდაჭერა, მან დაიკავა პროდასავლურობის ნიშა, ცდილობს უფრო პროგრესულად გამოჩნდეს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. თუმცა არა მგონია, პრეზიდენტთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილის კვალი იკვეთებოდეს. ბიძინას როლი უფრო გამუქებულია, ბიძინას აწყობს „ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუკი „ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, შეიძლება მას არ დაედგომებოდეს საქართველოში. ამაზეა უფრო კონცენტრირებული ბიძინა ივანიშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ვიდრე ზურაბიშვილზე“,-აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას და პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის უკან „ოცნების“ მცდელობას ხედავს, ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.
ნიკა ჩიტაძის აზრით, ამით სოციალ-ეკონომიკური პრობლემები შეიძლება დავიწყებას არ მიეცეს, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით ნამდვილად გადავა ყურადღება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმაც არ უნდა იცოდეს, რომელი მოსაზრებისკენ გადაიხაროს და დღესდღეობით, ალბათ, ძალიან დაბნეულია.
„ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა თავის გუნდს. კობახიძის, ღარიბაშვილის ქცევებში აშკარად ჩანს, რომ ისინი, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი მოსაზრებებით მოქმედებენ. გამორიცხული არ არის, ივანიშვილი საერთოდ არ ერეოდეს მათ გადაწყვეტილებებში. ახლა ჩიხშია შესული მდგომარეობა და შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ძალიან დაბნეულია, არა მგონია, ჰქონდეს ზუსტი პოზიცია. ყოველ შემთხვევაში, ყველაფრის თქმა შეიძლება, არც ერთი ვარიანტი არ გამოირიცხება, არც ის გამოირიცხება, რომ, სავარაუდოდ, ივანიშვილი განიცდის რუსეთის მხრიდან პერსონალურ ზეწოლას, ან რუსი ოლიგარქების, ან პუტინის მხრიდან გარკვეული სიგნალები იქნება, შეიძლება მუქარებსაც ჰქონდეს ადგილი მის მიმართ. გამორიცხული არც ის არის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, მე მგონი, უფრო დაბნეული და გადაუწყვეტელია, რა სტრატეგია აირჩიოს“,-აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
მანვე ერთი შედარებაც მოიშველია. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი კომპანია აქვს, რომელთაც შორიდან აკონტროლებს, თვითონ არ ერევა მენეჯმენტში, მაგრამ როდესაც მის კომპანიებს ცუდად წაუვა საქმე, მაშინ ბიძინა უკვე ერევა ამ კომპანიების საქმიანობაში. ანალოგიურად, ივანიშვილის ეს დამოკიდებულება რომ გადავიტანოთ ქართულ პოლიტიკაში, შესაძლოა, ივანიშვილმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს საკადრო თვალსაზრისით და ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
„რატომღაც ვგრძნობ, რომ, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო დავა გადაწყდება პრეზიდენტ ზურაბიშვილის სასარგებლოდ და ამის შემდეგ, ალბათ, კობახიძეს მოუწევს თავისი პოსტის დატოვება. სხვანაირი ფინალის შემთხვევაში, საკონსტიტუციომ უნდა გადაუსვას ხაზი სინდისს, ნამუსს, კომპეტენციას, ისე მიდის პროცესი, ხელისუფლებას საფუძველი ეცლება, იმპიჩმენტი გამოუცხადოს პრეზიდენტს. ეს ძალიან რეზონანსული საქმეა, რამაც პრეზიდენტის იმიჯი შეიძლება უფრო გაზარდოს“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.