რისკის წინაშე მყოფი ევროპა აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებაზე მსჯელობს

რისკის წინაშე მყოფი ევროპა აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებაზე მსჯელობს

რუსეთ-უკრაინის ომმა გამოკვეთა, რომ ევროპასა და ამერიკას შორის მარტივი ურთიერთობები არ არის. ევროპელი ლიდერი ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ევროპას სჭირდება თავისი შეიარაღებული ძალები. ჩეხეთის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და სანაცვლოდ უნდა გააძლიეროს ნატოს ევროპული კომპონენტი.

„ნატოს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, - აცხადებს პეტრ პაველი.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინიციატივით გამოვიდა როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულე მაკრონი, რომლის განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა. მაკრონის თქმით, ევროპა დიდი რისკის წინაშეა, რომ აღმოჩნდება კრიზისში, რომელიც მისი არ არის და რომელიც ხელს შეუშლის მას, ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ავტონომია.

„პარადოქსი იმაშია, რომ პანიკით მოცულებს, გვჯერა, ამერიკის მიმდევრები ვართ. კითხვას, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის თუ არა ჩვენს ინტერესში, დაჩქარდეს კრიზისი ტაივანზე? - პასუხია - არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელები, უნდა გავხდეთ ამ თემის მიმდევრები და მაგალითი ავიღოთ აშშ-ის დღის წესრიგისგან და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციიდან“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პირველი პირი ასევე ამტკიცებს, რომ ევროპამ გააძლიერა თავისი დამოკიდებულება აშშ-ზე იარაღისა და ენერგიის გამო და ახლა უნდა ფოკუსირდეს ევროპული თადაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებაზე. გარდა ამისა, მაკრონი ასევე სთავაზობს ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება ამერიკული დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე, რაც როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის მთავარი პოლიტიკური მიზანია.

უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპა სულ უფრო სუსტდება. შესაბამისად, დასუსტებული ევროპა ახლა ცდილობს თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს. პოლიტოლოგი, მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ NATO არის მე-20 საუკუნის დიპოლარული სამყაროს პროდუქტი, რომელიც დღეს იმ ფუქციას აღარ ასრულებს, რაც უნდა შეასრულოს. მისი თქმით, ის, რომ ევროპას სჭირდება თავისი შეიარაღებული ძალები, ამის შესახებ საუბრობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„თუკი ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს მივადევნებთ თვალს, ევროპასა და ამერიკას შორის მარტივი ურთიერთობები არ არის. უკრაინის ომი და თანმხლები პროცესები იმის მაჩვენებელია, რომ ევროპა ამ პროცესების გამო სულ უფრო სუსტდება. ამიტომ, ბუნებრივია, ლიდერები, რომლებიც ამ პროცესებს გრძნობენ, ყველას წინ აქვს არჩევნები და ისინი ანგარიშვალდებული არიან თავიანთი ამომრჩევლის და მოსახლოების წინაშე. ამიტომ, ბუნებირივია, რომ თუ ისინი არ მოახერხებენ თავიანთი ამომრჩევლის და მოსახლეობის ინტერესების აგრეგაციას და არტიკულირებას, მათი, როგორც პოლიტიკოსების ბედი, სახარბიელო არ იქნება. ამიტომ, ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ ევროპას სჭირდება თავისი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, ლოგიკურიც არის. როგორც მაისაია აცხადებს, არაერთხელ ყოფილა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ეგიდით შექმნილიყო ევროკავშირის სამხედრო გაერთიანება.

„ფაქტობრივად, ევროპა ტექნოლოგიურად საკამოდ სერიოზულად ჩამორჩება ამერიკას და ჩინეთს. ამიტომ ევროპას უნდა, რომ დამუკიდებლად, ყოველგვარი გარე ძალების დახმარების გარეშე, გააძლიეროს თავისი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და მოახდინოს ამაზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება. ეს არის მთავარი არსი. მით უმეტეს უკრაინის ომმა წარმოაჩინა, რომ ევროკავშირს გარკვეულწილად სჭირდება თუნდაც სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა ევროპულ კონტექსტში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როგორც წესი, იერარქიები არის ადამიანებში და იერარქიები არის ქვეყნებშიც. ისევე, როგორც ადამიანებს შორის იერარქიის დაბალ სააფეხურზე მყოფი კარგი დამოკიდებულების არ არის მაღალ საფეხურზე მყოფთან, ასევეა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. ის ვინც კარნახობს პირობებს, ის, ვინც იძლევა ბრძანებებს, ის დიდად სასიამოვნო პარტნიორი არ არის დაბლა მყოფი სახელმწიფოებისთვის.

„მით უმეტეს, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ეს გაფორმებული არის როგორც თანაბართა პარტნიორობა და არა უფროს-უმცროსობა. როცა სახელი ჰქვია თანაბრობას და ამ დროს უფროს-უმცროსობა შემოდის ურთიერთობაში, ეს გამაღიზიანებელია ყველასთვის და მათ შორის ევროპისთვის.

ევროპაში თვალში საცემია, რომ ამერიკა შემოდის როგორც უფროსი და იქცევა როგორც უფროსი. გავიხსენოთ სულ ახლახანს მაკრონმაც და მიშელმაც გაუსვეს ხაზი, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ თავისუფლება არ უნდა შეგვიზღუდოსო. ეს მიზეზები არის ამ შემთხვევაშიდაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დამოკიდებულება იწყება მეორე მსოფლიო ომის მერე.

პარტნიორობის მაგივრად მართვა მიუღებელია და ამას გვიჩნებს ცხოვრებაც. ადამიანისთვის მისაღებია დემოკრატიული მართვის სტილი, მიუღებელია ავტორიტარული მართვის სტილი, ასევე არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა. მაგალითად, საფრანგეთს არ ეკითხება ამერიკა როგორ გირჩევნია ვიმოქმედოთო. თვითონ დებს მოქმედების სცენარს, ამიტომ ეს გაღიზიანებას იწვევს როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Gami სამწუხაროდ ევროპა გამოიფიტა. მუდმივად აშშ-ს პირში ყურებამ, ფსევდო ლიბერალიზმა, უნიადაგო პოლიტკორექტულობაბ და ანექსიურმა გლობალიზმა საზრისი და ენერგია გამოაცალა ევროპას... და კიდევ, "ნახევარქათამა" პოლიტიკოსების მთელი ლეგიონი.
1 წლის უკან