ვინ შეიძლება ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს - ივანიშვილი, კობახიძე თუ წულუკიანი?

ვინ შეიძლება ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს - ივანიშვილი, კობახიძე თუ წულუკიანი?

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შედგა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პრეზიდენტის რანგში დაბრუნდეს?! - ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ცალსახა პასუხი არ აქვს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაშიც კი, პირადად მას პრეზიდენტობის გეგმები არ აქვს და ასევე ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის განიხილებოდეს ამ კანდიდატურაზე, მცდარია.

თუმცა კობახიძეს გაუჭირდა ასეთივე მკაფიო პასუხი გაეცა ივანიშვილის გეგმებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე - ბიძინა ივანიშვილს ხომ არ შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტობის გეგმები, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჯერ ამ თემაზე სპეკულაციები ნაადრევია“.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან ნაადრევია სპეკულაციები იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას იმის რწმენა აქვს, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, დაველოდოთ. ეს პროცედურა ათ დღეში ჩატარდება.

რაც შეეხება პროცედურას, არის 300-კაციანი კოლეგია, ვინც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. ამ ყველაფერს შეიძლება თვე, თვე-ნახევარი დასჭირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი არსებობს. პირობითად, თუ იმპიჩმენტი განხორციელდება ორ კვირაში, ამ შემთხვევაში, დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით. რაც შეეხება სტანდარტულ წესს, როცა პრეზიდენტი ნაადრევად წყვეტს საკუთარ უფლებამოსილებას, ასეთ დროს პარლამენტი აირჩევს. თუ პრეზიდენტი გადადგა და ასე შემდეგ, მოქმედი პარლამენტი ახალი წესით აირჩევს პრეზიდენტს. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ძალიან თეორიულია იმის შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა მოუნდეს და უკან პოლიტიკაში დაბრუნდეს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ ის ამას სანქციების შიშით გადაწყვეტს, თავის დაზღვევის მიზნით, სანქციები პრეზიდენტთან დაკავშირებითაც მოქმედებს. ამიტომ ლოგიკა იმაში, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ამ მოტივით დაბრუნდება, არასერიოზულია.

„ასევე მეორე ვერსია, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ამით თავის დაზღვევა სცადოს, რომ ვაი თუ 2024 წელს ხმოსნების რაოდენობა „ოცნებას“ აღარ ჰყავდეს და პრეზიდენტი ვეღარ აირჩიონ, ესეც აბსურდული ვერსიაა. ჯერ ერთი, „ოცნებას“ 2024 წელს ამ მოცემულობით, რაც ახლა ოპოზიცია გვყავს, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა შესაძლოა არც გაუჭირდეს. მეორეც, კოალიციური მთავრობა რომ გვქონდეს, მაშინ ივანიშვილსაც ზურაბიშვილივით იმპიჩმენტს მოუწყობენ და მასაც გადააყენებენ. ანუ აქ ივანიშვილის დაბრუნების ყველა ლოგიკა გამორიცხულია. მას თუ უნდა და სურვილი აქვს, პოლიტიკური პროცესები მართოს, ისედაც შეუძლია ამის გაკეთება. ამაში მას ხელს ვინ შეუშლის? რად უნდა პრეზიდენტობა, რომელიც მაინც გინდა თუ არა, პოლიტიკური თანამდებობაა და მუდმივად საზოგადოების ყურდღების ქვეშ უნდა იყოს. ამიტომ მე ამ ვერსიას კატეგორულად გამოვრიცხავ“,-ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, გიორგი ვაშაძის ვერსიას, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილთან ერთად თამაშობს და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებას“ როგორც ოპოზიციური ლიდერი ისე აწყობს, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს ვერსიაც აბსურდულია, რადგან პოლიტიკაში ზურაბიშვილის ოპოზიციონერი ლიდერის რანგში ყოფნა, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ხელს არ აძლევს.

„ვაშაძის და ნაციონალების შიშის ამდაგვარი გამოთქმა სრულიად ბუნებრივია. დავუშვათ, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შედგა და ის პოლიტიკაში ოპოზიციონერის რანგში მოგვევლინა, მას ამით კიდევ უფრო მეტი რეიტინგი ექნება, ვიდრე ახლა აქვს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის დასავლეთის მხრიდან უპირობო მხარდაჭერით ისარგებლებს. ამ გაკოტრებულ ოპოზიციურ ფლანგზე, ჩვენი პარტნიორებისთვის ის საუკეთესო დასაყრდენი იქნება. ასევე, თუ ის გიორგი გახარიასთან ერთად იქნება, ეს კიდევ დამატებით შანს შექმნის იმის, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“, როგორც მეორე პოლიტიკური ძალა, გვერდით გაწიონ. ამიტომ აქვს ენმ-ს ამ ყველაფრის შიში და გადავიდნენ უკვე შეთქმულების თეორიების ძიებაში. ივანიშვილისთვის ზურაბიშვილი არ არის სანდო დასაყრდენი. ერთხელ რომ შეცდა და ნახა, რომ ის გავიდა კონტროლიდან, მეორედ ამ კარტს რატომ გაათამაშებს. ზურაბიშვილი ასეთი მარტივი დასაყოლიებელი და გასაკონტროლებელი ფიგურა არაა. „ოცნებას“ უნდა, რომ ნაციონალების გარდა 5%-იანი ბარიერი ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახოს. ამის შედეგად კი 76 მანდატს პლუს კიდევ რაღაცა მანდატები ექნება. ამიტომ რაში სჭირდება ეს გადათამაშება?!

მე უფრო სხვა მოთამაშეებს ველი. მაგალითად, ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს, ყიფიანს, რომელიც ჯერ გაურკვეველია, ოპოზიციურ ფლანგიდან შემოვა თუ უბრალოდ, ღარიბაშვილს და კობახიძეს ჩაანაცვლებს. ალბათ, ჯერ ეს გადაწყვეტილი არაა. ამიტომ ზურაბიშვილი რომ ივანიშვილის ფიგურაა და რაღაცას თამაშობენ, ეს აბსურდია. მე მაინც არ ველი, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მოხდება. ეს არის უბრალოდ თამაში, რომელიც შესაძლოა რუსეთის საჩვენებლად ხდება. ვითომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი, ურჩ პრეზიდენტს სჯის. მეტი სხვა მოლოდინი არ მაქვს“, - ამბობს ძაბირაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის უკან, პრეზიდენტობის რანგში დაბრუნება აბსურდია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ვარაუდობს, რომ თუკი ზურაბიშვილის გადაყენება მოხდა, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ან თეა წულუკიანი იყოს. თუმცა კობახიძეს ეს თანამდებობა სავარაუდოდ, არ სურს.

„ივანიშვილი შეგნებულად დისტანცირდა ყველაფრისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ მან შოვის ტრაგედიაზეც კი არანაირი განცხადება არ გააკეთა. ამას აკეთებს მიზანმიმართულად, რადგან ამით ამბობს, რომ არსად არ ვარ. მორჩა, არ სურს რომ რამეზეც კი მისი პოზიცია დაფიქსირებული იყოს. მან თავისი გადაწყვეტილებით საკუთარი თავი მძევლად აიყვანა, რათა უკან არ დაბრუნდეს. რაში ჭირდება პრეზიდენტობის თანამდებობა? საერთოდ არაფერში. „ოცნებას“ ახლა საჩქარო არაფერი არა აქვს. ჩატარდება 2024 წლის არჩევნები და ისევ „ოცნება“ მოვა, შეიძლება უმრავლესობითაც კი. ამიტომ ეყოლებათ ის 300 ხმოსანი, რომელიც ისევ მმართველი გუნდის კანდიდატს აირჩევს. ეს იქნება ან ირაკლი კობახიძე ან თეა წულუკიანი. ნუ, კობახიძეს ამის სურვილი რომ არ ექნება ცხადია, რადგან ის ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსია და პრეზიდენტობა საერთოდ არაფერში არ აწყობს. ეს მან ღიად უკვე დააფიქსირა. პრეზიდენტობის ინსტიტუტი იმდენად სუსტია, რომ კობახიძის ამბიციებს არ შეესაბამება. ის თავის თავს უფრო ივანიშვილის მემკვიდრედ ხედავს. ურჩევნია გუნდის შიგნით იყოს, თავისი ხალხი გააძლიეროს. უფრო ვფიქრობ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხმაური ზურაბიშვილის დისკრედიტაციისთვის სჭირდებათ. ამით ასევე რაღაცა თემების გადაფარვას ახერხებენ. მე არ ველი, რომ თუ საკონსტიტუციო სასამრთლომ ზურაბიშვილის ბრალი დაამტკიცა, პარლამენტში „ოცნება“ 100 ხმის მოგროვებისთვის თავს მოიკლავს. არც ოპოზიცია არ მოიკლავს თავს, თუ „ოცნებამ“ ფული არ გადაუხადა. ამიტომ მოლოდნი არ მაქვს, რომ ზურაბიშვილს გადააყენებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, არც ზურაბიშვილი გადადგება, რადგან ის საკმაოდ პრინციპული ადამიანია და მისი შეშინება მარტივი არ იქნება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ თუკი ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს რა დაუჭერს, ამასაც სათავისოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილს ნაცების მხარეს გაყიდულ პრეზიდენტს დაუძახებს და ამის არგუმენტიც ექნება. ეს კინკლაობა კი მანამდე გაგრძელდება, სანამ ზურაბიშვილს ვადა ამოეწურება.

Aburjga Tasmanieli არ მოხდება ეს იმპიჩმენტი! იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ქალბატონი სალომე თითონ ჩაუდგება სათავეში შეიარაღებულ დესანტს, რომელსაც რომელიმე ჩვენი"მეგობარი" გადმოსხამს ხელისუფლების დასამხობად!
1 წლის უკან