ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, თავად ქვეყნის მთავარსარდალი სხდომებს არ ესწრება და აღნიშნულ საკითხს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ასახელებს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ ესწრება პრეზიდენტი საკუთარი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას. აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, ეს ხელისუფლებას არც ავნებს და არც რეიტინგზე იმოქმედებს.
გია აბაშიძე: პრეზიდენტის სასამართლოზე არგამოცხადების რამდენიმე მიზეზი არსებობს - მან კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და სასამართლოზე არმისვლით ეს აღიარა. მისი აღნიშნული საქციელი კი თავხედობაზე მეტყველებს.
მეორე მიზეზი - მისი გაუმართავი ქართულად ლაპარაკი სიტუაციას საერთოდ აურევდა და ეს მის საწინააღმდეგო განწყობებს უფრო აამაღლებდა.
მესამე არის ის, რომ ის საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ვეღარ ჩნდება. დიდი ხანია მას სოციალურ ქსელში ამუნათებენ და შესაძლოა, სასამართლოში გამოჩენის შემთხვევაში მას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს.
მეოთხე მიზეზი - ის ყველანაირად ცდილობს დესტრუქციული ქმედება წააქეზოს. ცდილობს ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტად დაუპირისპირდეს და რაც შეიძლება მეტად პოზიციონირდეს ნაცოპოზიციის მხარეს.
მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს. სამწუხაროა ის, რომ რა საზოგადოებრივ მემკვიდრეობას უტოვებს სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის ახლო გარემოცვას. მას ხომ ძალიან დიდი შავი ლაქა დარჩება ბიოგრაფიაში, რომ ასე ექცეოდა საქართველოს სახელმწიფოს.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მან ზაფხულში ძალიან თავხედურად განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, რომ საქართველო თურმე არ იმსახურებდა ევროკავშირის სტატუსს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმას, რომ თავად შეიქმნა უკიდურესად ნეგატიური სივრცე, რომლისგანაც თავის დაღწევას კი არ ცდილობს, პირიქით, ქვემოთ ჩადის.
ბატონო გია, მისი განცხადებები, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ქმედებები მიზანმიმართულად იყო გაკეთებული, რომ მოხდარიყო მართლაც იმპიჩმენტი და ამით საქართველო, შესაძლოა „დაისაჯოს“ და ქვეყანას სტატუსი არ მისცენ?
- აქ ორი ფაქტორია - ერთია, რომ ის საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. მეორე - არაადეკვატურია და ვერ აცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და არა აგენტოკრატიის ვასალი. მას, ასევე, პარლამენტში ნაცოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომ ასი ხმა ვერ შეგროვდება მის გადასაყენებლად. საერთო ჯამში, მისგან არაფერია გასაკვირი და შეიძლება გრიგორიადისი შეიწყალოს, ან სააკაშვილის შეწყალება სცადოს, ოღონდ ამას ეცდება მაშინ, თუ ნაცოპოზიცია მასობრივ პროტესტს ააგორებს. შესაძლოა, ზურაბიშვილისთვის შიდა პოლიტიკა უმნიშვნელოა და ის უმიზნებს რომელიმე თანამდებობას საერთაშორისო სტრუქტურებში. საფრანგეთის მოქალაქეა და თავისუფლად შეუძლია დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილებით მიიღოს რომელიმე მაღალი თანამდებობა ევროკავშირში, ეუთოში, გაეროში ან სადმე სხვაგან.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ეს ხელისუფლების იმიჯზე და რეიტინგზე რამდენად აისახება?
- ხელისუფლებამ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ კონსტიტუციის დარღვევა ევროპელობა და ევროინტეგრაციის ნაწილი არაა. ვისაც ასე მიაჩნია, ევროპულ ფასეულობებში ძალიან ცდება. კონსტიტუციის არაერთგზის, მიზანმიმართულად დარღვევის გამო, მმართველი გუნდი იძულებული იყო შეეტანა სარჩელი. სტატუსს მოგვცემენ თუ არა, ან წინასაარჩევნო პერიოდია თუ არა, ამით პოლიტიკური პროცესები არ უნდა შეფერხდეს.
კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ინიშნება ვადამდელი არჩევნები, იქამდე კი ამ თანამდებობას პარლამენტის თავმჯდომარე ითავსებს. აქ არის დავა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომ როგორ მოხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა ვადამდელის შემთხვევაში - ეს იქნება საყოველთაო თუ 300 ხმოსნის მიერ. რაც შეეხება ქვეყნის დაზარალებას, „ნაცმოძრაობა“ ამას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ყველა ჯერზე ჩაუვარდა. თუნდაც ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ეს ქვეყანას არანაირად არ დააზარალებს, მით უმეტეს „ქართული ოცნების“ რეიტინზე არ იმოქმედებს.
როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა თუ არა შეცდომა, როდესაც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად წარადგინა?
- ზურაბიშვილის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმი იყო ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპისთვის დაენახებინა, რომ საქართველო არის ევროინტეგრაციის გზაზე და ფრანგი დიპლომატი სურს ქვეყნის სათავეში. თუმცა, ამან არ გაამართლა და ვხედავთ, უსინდისოდ გვამუნათებენ ევროპარლამენტიდან.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ რაც ხელისუფლებაშია, მას არც ერთ პრეზიდენტში არ გაუმართლა, როგორც გიორგი მარგველაშილთან, ასევე სალომე ზურაბიშვილთანაც კონფლიქტში აღმოჩნდა...
- პრემიერ-მინისტრებშიც არ გაგვიმართლდა - იქნებოდა ეს გახარია და უფრო ნაკლებად კვირიკაშვილი. მაგრამ, არ გაგვიკვირდეს ის, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღალატი ხდება ოჯახში, სამეგობროში და პოლიტიკაში, სადაც სხვადასხვა ინტრესები ერთმანეთს ეჯახება, იქ ღალატი აპრობირებული, სამწუხარო ტრადიციაა.