თეა წულუკიანის ბლოგი -

თეა წულუკიანის ბლოგი - "ოცნების" დაბადების დღის ერთი სანთელი

აქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე რიგით მეორე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც "ქართული ოცნების" ერთწლიან მმართველობას აფასებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ზომიერად ვიზეიმოთო, რაც სწორია. ზომიერად უნდა გიხაროდეს ადამიანს უზომო სიხარული და დიდი გამარჯვების ბედნიერება. ასეთ ადამიანზე იტყვიან დახვეწილიაო. მაღალი თანამდებობის ასეთ პირზე იტყვიან ალბათ სახელმწიფო მოღვაწეაო.

გუშინ კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან. რთული დღეები გამივლია, ბევრი მინერვიულია, ბევრი მწყენია და ბევრიც გამხარებია. ბევრი მიმუშავია ჩემს გუნდთან და იმ ხალხთან ერთად ვინც აქ დამხვდა, ვინც უკვე ჩემიანია, და ვის ადვოკატადაც ვიდექი ერთი წელი თუნდაც ჩემივე გუნდის შიგნით… შარშან ივლისში ნახალოვკაში რომ დავდექი და ქართული ოცნების ნაძალადეველ გოგო-ბიჭებს ვუთხარი, რაიონი კი უზარმაზარია, მაგრამ ქუჩა არ უნდა დარჩეს შეურყეველი და დავიძარით-მეთქი, მას მერე სახლში გატარებული ერთი კვირა დღე სანატრელი გამიხდა.

არაფერს ვამბობ შვებულებაზე… კიდევ კარგი, სახლში მხოლოდ ძაღლი მყავს, ისიც შარშან დაიბადა ახმეტაში პირველ ოქტომბერს. ხანდახან მგონია, რომ მეც მასთან ერთად დავიბადე, რადგან, 9 წლის მერე, თავისუფლად პირველად ამოვისუნთქე. კილიმანჯარო ჰქვია. წყინს, რომ მიტოვებულია, მაგრამ ენა არ აქვს, რომ ყველაფერი თქვას. მისი ეს უენობა პირდაპირ განაპირობებს ჩემს ასე თუ ისე ნორმალურ რეიტინგს ბოლო დროის მაღალკვალიფიციურ კვლევებში…

რა გავაკეთეთ ეს ერთი წელი?

პროექტები რომ ჩამოვთვალო და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვილაპარაკო, რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ განახორციელა, მოსაწყენი იქნება ბლოგის მკითხველისათვის. ეს მედიის დახმარებითაც შუქდება და ვიცით.
ამიტომ მთავარ მიღწევაზე ვიტყვი.

ჩვენ დავამარცხეთ სახელმწიფო დონეზე მარტივი აზროვნება, ჩვენ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სტრუქტურები, ივანიშვილის ხელისუფლებამ საბოლოოდ მოშალა უმუხრუჭო ხელისუფლების მავნე ფენომენი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ სისტემას, რომელსაც საკუთარი შეცდომების კორექტირება შეუძლია და საკუთარ თავს არ ჭამს საბჭოთა კავშირივით ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასავით.

იუსტიციის სამინისტროს უწყებაში გამოხატვის თავისუფლება დღეს კულტურის ნაწილია. არავის ეშინია იმის, რომ უკმაყოფილების გამოთქმისთვის დაისჯება. რა თქმა უნდა, ამას თავისი უკიდურესობებიც ახლავს, რასაც მენეჯმენტი დასჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც ღირებულებითი სტანდარტია, ხოლო მისგან გადახვევები ერთეული შემთხვევებია. იუსტიციის სამინისტროს შენობას ვინც გვერდით ჩაუვლის, იქნება ეს მოქალაქე თუ მეზობელი პროკურატურის ან სამინისტროების თანამშრომლები, მათ "აღარ ზარავთ", როგორც თავად იტყვიან ხოლმე. იუსტიციის სამინისტროს უწყებაში დღეს უკვე ყველამ იცის, რომ დემოკრატია და დასავლელობა მეცხრე სართულზე მარტოდ გამოკეტილი ჯადოქარი მინისტრი არ არის, რომელიც ერთ დღეს ერთ ბიზნესმენს წაართმევს მილიონებს და მეორე დღეს რომელიმე დეპუტატს აიძულებს გაიტანოს პარლამენტში მისი პროექტი, ხოლო ორივე დღეს მოსამართლე ჰყავს ტერორში. ყველამ გაიგო იუსტიციის უწყებაში, მათ შორის იმ პროკურორებმაც, რომლებიც ჩემთან აღარ არიან, რომ დემოკრატია ნიუანსების გათვალისწინების, ინსტიტუტების შექმნისა და ჯანსაღ აზრთა სხვადასხვაობაში სწორი გადაწყვეტილების გამოკვეთის მექანიზმების ერთობლიობაა. და არა მხოლოდ. დემოკრატია იმისათვის არის დემოკრატია, რომ ის ძნელი უნდა იყოს. დემოკრატია მარტივ აზროვნებას არავის პატიობს.

ჩვენ, ერთი წლის წინ, სწორედ ეს მარტივი აზროვნება დავამარცხეთ. "დადგება ორი ოქტომბრის დილა და ძვლებში დაგამტვრევთ" - ყოველთვის ჩამესმის ლოტკინზე მერაბ სამადაშვილის სახლიდან გამოვარდნილი კაცის ხმა, რომელიც იარაღით ყელყელაობდა. მარტივია - მე ვარ ხელუსიფლებაში, შენ გაქვს განსხვავებული აზრი და ძვლებში დაგამტვრევ. ჩვენ ამ დროს ლოტკინის ლამაზ ქუჩებში ფლაიერებს
ვარიგებდით. ამ სახლთანაც ჩავიარეთ, დაკაკუნება არც კი გაგვიფიქრია. მაგრამ ამის უფლება ადრე ვის ჰქონდა? ის იყო ყველა მთავრობისას ხელისუფლებაში და ეგონა, რომ ასე იქნებოდა მარად.

მარად-ზე გამახსენდა. ესეც შევცვალეთ. გაგიმხელთ და ერთ ჩემს თანამშრომელს, ე.წ ადეიშვილის კადრსა და შესაბამისად ზოგისათვის ყოვლად "საძულველ" არსებას, თუმცა ჩემთვის პროფესიონალს, რომელსაც ერთადერთი ის დაუშავებია, რომ მისი მინისტრი ადეიშვილი ყოფილა, თორემ მინისტრის ნახვა ერთი ერთზე არასოდეს ღირსებია, ერთხელ გავეხუმრე. "ზოგს კი ჰგონია, რომ ზურაბი წასულია, მაგრამ ის სინამდვილეში სამინისტროს სახურავზე, თავისივე ტერასაზე ცხოვრობს-მეთქი." ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავად არ გამცინებოდა. მეტყველი იყო მის სახეზე შინაგანი რეაქცია: "მინისტრები ასე არ ხუმრობენ, და თუ ხუმრობენ, თავიანთ თანამშრომლებს თავიანთი მაღალი ხუმრობის ღირსად არ ხდიან, შესაბამისად, მინისტრი ამბობს მართალს და თუ ის ამბობს მართალს და თუ მართლა წინა მინისტრი ცხოვრობს სახურავზე (და აქ ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ ტერასაზე ტეკის სავარძელში მჯდარი "ნიჭიერი ბოროტი", ჩაფიქრებული იმის თაობაზედ, თუ როგორ გააკოტროს ბანკი "ქართუ"), მაშინ?????? თანამშრომლის სახეზე ეს ბევრი ფიქრი წამების მეათედები გრძელდება და საოცარია, როგორ უნათდება სახე ბოლოს, როგორც კი ხვდება, რომ დიახ, მინისტრებიც ხუმრობენ თავიანთი რიგითი თანამშრომლების თანდასწრებით. ის დღემდე ალბათ მაინც ფიქრობს, რატომ ვეხუმრე მას და არა სხვას, რისი ნიშანი უნდა იყოს ეს - კარგის თუ ცუდის და ა.შ.

რა თქმა უნდა, დასანანია, რომ აღსანიშნავ ფაქტად იქცა ის, თუ როგორ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სისტემა. ზოგი ფიქრობს, რომ დიქტატი და შიში, რაზეც ნაციონალებმა ხელისუფლება დაამყარეს უცილებელი იყო შევარდნაძის ქაოტური სისტემის დასამარცხებლად. სიმკაცრე საჭირო იყო ალბათ თავიდან, მაგრამ რა მოხდა მერე? მერე მოხდა ის, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა. უკრიტიკობამ დაღუპა წინა ხელისუფლება და მიიყვანა იქამდე, რომ მარტივი აზროვნება გახდა ქვეყნის სამართავად საკმარისი. ეს აზროვნება დამარცხებულია. ყველა მოქალაქემ მინდა იცოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კი მიიღება დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ, არის კრიტიკის სხვადასხვა, შიდა ფილტრში გატარებული. თუ მაინც ხდება შეცდომები, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების გასწორების უნარი აქვს. ეს წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. მუხრუჭები არ არსებობდა. კოალიცია ჭრელია და ამით არის სწორედ მდიდარი. ეს არის მუხრუჭების არსებობის ერთ-ერთი გარანტი. დღეს საქართველოს კლანი კი არ მართავს, არამედ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ, რომლებიც განსჯიან, ფიქრობენ, ყოყმანობენ, მსჯელობენ, წვალობენ, უხარიათ, წყინთ და საბოლოოდ მაინც საქმის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ შეცდომებს უშვებენ, ამ შეცდომების დროულად გასწორების მექანიზმებსაც თავად ქმნიან და რობოტებივით არ იმეორებენ ერთი და იმავე სიტყვებით, რომ თავად არიან მართალნი და ხალხი ყოველთვის ტყუის და ცდება. იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ხან ერთი მთავრობა უდგას, ხან სხვა.
იუსტიციის სამინისტროში მე მომავალი იუსტიციის მინისტრისთვის ვმუშაობ, რადგან როცა ამის დრო დადგება, მას მინდა დახვდეს სისტემა, რომელშიც აღარ იქნება ზურას ან თეას კაბინეტი, არამედ იქნება იუსტიციის მინისტრის კაბინეტი, რომლის ბინადარიც ხანგამოშვებით შეიცვლება ხალხის ნების მიხედვით, ხოლო პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელეები დარჩებიან, მათ ასეთივე ახლები შეემატებიან და გაამდიდრებენ.
მთავრობები მიდიან და მოდიან, სისტემა კი რჩება. აი ამ კულტურას საბოლოოდ ჩავუყარეთ ჩვენ ამ ერთ წელიწადში საფუძველი. ეს დიდი მიღწევაა.

P. S. მისაყვედურეს, ბლოგს არ კვებავო და, ამიტომაც, ამ დიდ დღეს მივუძღვენი მისი განახლება. მომავალ ტექსტს მალე დავწერ და, სხვათა შორის, არც რაღაც განცხადებები არ მაქვს უჯრაში გადამალული.