რამდენად სჭირდება „ქართულ ოცნებას“ კარვების დადგმის წესის გამკაცრება? წლების განმავლობაში აშჯარად ჩანდა, რომ ოპოზიცია ბევრს წვალობდა, რათა საპროტესტოდ განწყობილი მასისთვის თავი მოეყარა. „ნაცები“ ნებისმიერი თემით ცდილობდნენ მანიპულირებას და ხალხის აყოლიებას, მაგრამ პროტესტანტები არ ჩანდნენ. ვერც სააკაშვილის დაკავებამ ასწია მუხტი და სააკაშვილის ოჯახის წევრები ამაოდ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ქართველი ხალხის მიმართ, რომ, მათი ინტერპრეტაციით, ქართული სახელმწიფოს შემქმნელის-ანუ სააკაშვილის დასაცავად ხალხი არ გამოდიოდა.
ცხადია, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა საქმე ეროვნულ თავმოყვარეობას ეხებოდა. ხალხი მასობრივად გამოვიდა ე.წ. გავრილოვის ღამეს, ასევე, ახალგაზრდობა გამოიყვანეს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებაც ეროვნულ შეურაცხყოფად წარმოაჩინეს, რადგან თურმე ხელისუფლება რუსულ კანონს აპარებდა საკუთარ მოსახლეობას და არა-ამერიკულს.
რა მოხდება, თუკი ევროკავშირი ამჯერადაც ვერ გაიმეტებს კანდიდატის სტატუსს? ეს შემთხვევაც აღქმულ იქნება თუ არა ეროვნულ შეურაცხყოფად? რა მოუტანა ყველა წინამორბედ ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ?
სუს-ის ინფორმაციის შემდეგ, რომ ოქტომბერ-დეკემბრისთვის ოპოზიცია დესტაბილიზაციისთვის ემზადება, ხელისუფლებამ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის გამკაცრება და აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვა გადაწყვიტა. პოლიციას შეუძლია 500-დან 5000 ლარამდე დააჯარიმოს ან 15 დღემდე დააპატიმროს კანონის დამრღვევი. ამას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში.
რომან გოცირიძემ ხელისუფლებას მიმართა, „კარვების რევოლუციას ელოდებით? მეტი იფიქრეთ ხალხზე და არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშებიც გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ“.
ალეკო ელისაშვილმაც გააპროტესტა აღნიშნული კანონპროექტი: „რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის დანაყვის შედეგად არაფერი არ დარჩება?! სადაც რევოლუცია მომხდარა, მთავარი მოქმედი პირი ხელისუფლება და მისი შეცდომები იყო“.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმაც გაიხსენა, რომ 7 ნოემბერს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე გაცოფდა, რომ აქცია დაარბევინა, მაგრამ რა მიიღო შედეგად?!
დაიცავს თუ არა კანონის გამკაცრება ხელისუფლებას პროტესტანტებისგან?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ ადამიანებს პასუხობს, ვისაც კარვების დადგმის წესის გამკაცრება სააკაშვილის პერიოდს აგონებს. ანალიტიკოსის აზრით, რეტროსპექტივა არაფრის მომცემია, რადგან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო.
კერძოდ, დარბევის წინა დღეს რუსთაველზე ერთადერთი კარავი იდგა, ისიც ზუსტად არავინ იცის, იდგა თუ არა, შეკრებილი იყო სულ რაღაც 300-იოდე ადამიანი და მხოლოდ ერთადერთ მოწოდებას, ემოციურად ნასროლ ფრაზას - „უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო“ ჩამოეკიდა „ნაცმოძრაობა“ და დაიწყო ხალხის დარბევა. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ყველა ინფორმაცია, რისი გამოქვეყნების უფლებაც ჰქონდა, რომ ეჩვენებინა ქვეყანაში ძალიან ორგანიზებული მიტინგების გეგმის მომზადება, რომლის მიზანიცაა ფერადი რევოლუციების მეთოდიკის გამოყენებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.
„თუკი გავიხსენებთ ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიებს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი იყო კარვების დადგმა და შემდეგ ამ კარვებში იმ მასალის შეტანა, რომელსაც იყენებდნენ მომიტინგეები სამართალდამცველებთან დასაპირისპირებლად, ანუ, ფაქტობრივად, ქმნიდნენ ქალაქს ქალაქში. გავიხსენოთ უკრაინის მაიდანი, მთელი მაიდანი მოფენილი იყო კარვებით. კი ბატონო, ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ 2009 წელს მაშინდელი ოპოზიციაც კარვებს შლიდა, მთელი ერთი თვის განმავლობაში საკნების იმიტაცია იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ესეც მთლად გამართლებული ნაბიჯი არ იყო, რადგან, ჯერ ერთი, არავითარი შედეგი არ მოიტანა, მაშინ ამ საკნების ქალაქის მაცხოვრებლები არ იყვნენ იმაზე ორიენტირებულნი, ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით შეეცვალათ. იმ პერიოდში იერიში პარლამენტზე არავის მიუტანია და მოლოტოვის კოქტეილით პოლიციას არ დაპირისპირებიან“, -აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას.
შესაბამისად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ვინმე კარგად ჩაიხედავს ახლანდელ კანონპროექტში, იქ არ წერია, რომ საერთოდ იკრძალება კარვების ან რაიმე კონსტრუქციების გაშლა, იქ წერია, რომ აკრძალვა ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა ეს ხელს უშლის საზოგადოებრივ წესრიგს, ტრანსპორტის ფუნქციონირებას და ა.შ. მაგრამ ჩვენთან ხომ არავინ კანონს ბოლომდე არ კითხულობს, როგორც იმ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით მოხდა, ემოციებს აყოლილები ცდილობენ მჭახე განცხადებები გააკეთონ და ხალხი საპროტესტო აქციაზე აიყოლიონ.
„მე ვურჩევდი ყველას, კანონპროექტი წაიკითხონ, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში იკრძალება კარვების დადგმა. ეს არანაირად არ არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ადამიანებს კარვების გარეშეც შეუძლიათ შეიკრიბონ“, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაიცავს თავისი ამომრჩეველი და ეს საზოგადოების განწყობითაც ჩანს. რაც შეეხება ამ კანონპროექტს, თუ გადავხედავთ ევროპულ, ამერიკულ მაგალითებს, ზუსტად იგივე კანონებია იქაც. ამდენად, ისე ხომ არ გამოდის, რომ ამერიკული ფარა ამერიკაში უნდა კანონობდეს, ხოლო საქართველოში მას ე.წ. რუსული ელფერი დასწამონ?! კარვების დადგმის წესი ამერიკაში შეიძლება გამკაცრებული იყოს, საქართველოში კი ეს იკრძალებოდეს?!
„სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ პერიოდის ერთმანეთთან შედარება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ნაცრეჟიმის დროს თუნდაც პარლამენტის კიბესთან კარვის გარეშე პროტესტის გამომხატველები განიცდიდნენ უდიდეს რეპრესიას. ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ალექსანდრეს ბაღში ჩავიდოდნენ და სახლებში მიდიოდნენ სხვადასხვა ქუჩით, მათ თავს ესხმოდნენ ნაცრეჟიმის ჯალათები და ისეთ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დიდხანს სჭირდებოდათ მკურნალობა. „ქართული ოცნება“ ზუსტად დასავლურ სტანდარტებს მიჰყვება, თუმცა დეზინფორმაციისა და მანიპულირების წყალობით ხდება ზოგიერთი ინიციატივის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს რეპრესიული და რუსული კანონპროექტი იყოს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.