„კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის“, - აცხადებს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს და ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ნუ აძლევენ ცრუ დაპირებებს. მისი თქმით, ყველამ, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია უკრაინასთან, იცის, რომ ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე.
„ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში გაჟღერებული ხმების გამო, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინელები, რომ მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს არც ევროკავშირისთვის იქნებოდა კარგი და არც უკრაინისთვის. მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დაკავშირებული იმის იმედთან, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. დღეს კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ნებისმიერმა, ვისაც ჰქონდა შეხება უკრაინასთან, იცის, რომ ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინას მოიხსენიებენ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ და უხვ დაპირებებსაც არ იშურებენ. რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს, რადგან უკრაინის ადგილი ევროკავშირშია. მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას, კერძოდ, უკრაინამ უნდა განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს კორუფციას და შეასრულოს სამართლებრივი წინაპირობები.
„ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს. რუსეთთან მისი დაპირისპირების შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად - მალე და არა ოდესმე“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
უკრაინის ევროპული პერსპექტივების ნაკლებად სჯერა პოლიტოლოგს, მკვლევარს საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში თამარ კიკნაძეს, რომლის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მოქმედებების არ ესმის.
„ქვეყნის ხელმძღვანელობის პირველი მოვალეობა არის, რაც შეიძლება საფრთხეს ააცილოს თავისი ქვეყანა, თუმცა ზელენსკის ხელისუფლებამ ქვეყანა ომის ალში გახვია და უარს აცხადებს ყოველგვარ მოლაპარაკებებზე. მათი კორუფციული გარიგებების შესახებ საყოველთაოდ არის საუბარი. მით უმეტეს თუ ევროპელი მაღალჩინოსანი ამაზე ლაპარაკობს, მას გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. ლაპარაკობენ უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის უზომოდ გამდიდრების თაობაზე. მიმაჩნია, რომ ისინი თავისი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად არ იცავენ და აღიარებულია, რომ ეს ომი არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის.
რაც შეეხება გაწევრიანებას, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს გაწევრიანებაზე ეს რიტორიკა, რომელიც ისმის დასავლეთისგან, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი პროცედურა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხდება კონსენსუსის გზით, როდესაც ყველა ქვეყანა ამბობს თანხმობას ქვეყნის გაწევრიანების შესახებ, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია უკრაინის შემთხვევაში“, - ამბობს კიკნაძე.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არის ერთი შეხედულება ამ ომთან დაკავშირებით. ამიტომ, ნაკლებად პერსპექტულად ეჩვენება უკრაინა უახლოეს მომავალში გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„მსოფლიო წესრიგის ცვლილების პროცესში ვართ და არა მგონია, რომ ეს რეალური დაპირება იყოს. მოსახლეობა განახევრებულია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ასეთ ქვეყანას მიიღებენ ევროკავშირში? - გამორიცხულია. არა მარტო კორუფცია არის ხელისშემშლელი პირობა, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მისი გაწევრიანება ევროკავშირში არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება კორუფციას დასავლელი ლიდერებები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ზელენსკი და მისი თანამებრძოლები და მათ შორის ეს ჩვენი ქართველი არახამია, უზომოდ გამდიდრდნენ. ასტრონომიულ თანხებზე არის ლაპარაკი. ომი ყოველთვის არის ზოგისთვის უბედურების წყარო, ზოგისთვის გამდიდრების“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ ისრაელი ღიად დაუპირსპირდა ზელენსკის ხელისუფლებას, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინელები მათთვის გამოყოფილ იარაღს ყიდიან. ისრაელმა აღმოაჩინა, რომ თანამედროვე ამერიკული იარაღით არის აღჭურვილი მისი მეტოქე პალესტილენი ტერორისტები.
„პირდაპირ გაკეთდა განცხადება - გასარკვევია, ამ იარაღის წარმოშობაო და პირდაპირ მიანიშნეს უკრაინაზე - კორუფცია ხომ არაა უკრაინის ზედა ეშელონებში და მით უმეტეს სამხედროებშიო. ეს კითხვა გაჩნდა პოლონეთში და უნგრეთშიც. ეს რეპლიკა გაჩნდა თვითონ ინგლისში და ამერიკაში, ამიტომ თავისი წარმომადგენლები გააგზავნეს ამ საკითხების შესასწავლად, თუმცა ამ შესწავლის შედეგები არ ვიცით. ასე რომ, არის კორუფციის ეჭვი, მით უმეტეს, რომ უკრაინას ამ მხრივ ცუდი ავტორიტეტი აქვს. მისი სახელი ადრეც უკავშირდებოდა კორუფციის სიყვარულს და კორუფიის განვითარების მხრივ „წარმატებული“ პრეზიდენტი იყო პორეშენკო. აფრთხილებდნენ უკრაინას, რომ კორუფციას თუ არ მოუარეთ, სხვა პერსპექტივების იმედები ნუ გაქვთო. ამას მოჰყვა მერე ომი, რომელმაც ბევრი თემა გადაფარა, მათ შორის კორუფციის.
ახლა ნელ-ნელა ისევ ტივტივებს ეს თემა ზედაპირზე, თუმცა საკმაოდ მოკრძალებული ტემპით, რადგან არ უნდათ შექმნან პრეცედენტი იმისა, რომ რუსეთის ძალადობასთან მებრძოლი უკრაინა არამართებულად იყენებს დახმარებას. ეს დახმარებები, რასაც უყოფენ უკრაინას, არის ევროპელი და ამერიკელი ამომრჩევლების ფული. საკმარისია, ძალიან გახმაურდეს კორუფციის საკითხი, რომ უკვე ამომრჩეველი გახდება თავისი ხელისუფლებისთვის პრობლემა. უკრაინელებს პრობლემა არა მარტო ფრონტზე აქვთ რუსეთთან ბროძოლაში, არამედ პრობლემა აქვთ პარტნიორებთანაც სწორედ კორუფციის კუთხით. ამიტომ, ნაკლებად პერსპექტულად მეჩვენება უკრაინის ევროკავშირის გაწევრიანება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.