საერთაშორისო მედიაში წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თვის ბოლოს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მკაცრი დათქმებით მოხდეს. მაგალითდ, იყოს დათქმები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რადგან ევროკავშირში ბევრი ქვეყანა იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს რუსეთთან მიმართებაში არ უერთდება. ასევე რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით არსებობს პრეტენზიები და მისი აკრძალვა შესაძლოა, კიდევ ერთ პირობა იყოს, რასაც ჩვენს ქვეყანას მოსთხოვენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ღარიბაშვილის განცხადებით, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი“ კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ქართულმა მხარემ პარტნიორებს განუმარტოს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველომ დამსახურებული სტატუსი მიიღოს. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია, მოკლე გზა არ არსებობს და ევროკავშირის წევრობისთვის აქცენტი თარიღების ნაცვლად, ქვეყნის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
ევროკავშირის გაფართოება „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტზე“ მსოფლიო ლიდერების მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება. სამიტის გახსნითი ღონისძიება ესპანეთში უკვე გაიმართა. სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები ერთმანეთს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ. სწორედ ამ ფორმატში ჰქონდა პრემიერ მინისტრს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან კომუნიკაცია.
„მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოქცნენ და მოეპყრან. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან“,-განაცხადა ესპანეთში ვიზიტად მყოფმა ღარიბაშვილმა.
პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუკი ევროკავშირი მსგავს პირობებს დაუწესებს, ეს ქვეყნის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება იქნება. კიკნაძე აცხადებს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს სანქციები არ დაუწესა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები რომ დაუწესოს, ეს ზიანს მხოლოდ ჩვენ მოგვაყენებს და რუსები ამ სანქციების ფასს ვერც იგრძნობენ.
„საქართველო ასეთი პირობების შემთხვევაში, პირდაპირ საფრთხის წინაშე დგება. ევროკავშირი ისეთ რაღაცებს თუ მოითხოვს, რაც ქვეყანას დააზიანებს და ქართველი ხალხისთვის საფრთხის შემცველი იქნება, ამაზე ხელისუფელბა არ უნდა წავიდეს. ჩვენი მოსახლეობა სტატუსს გაცილებით მეტად იმსახურებს, ვიდრე იგივე მოლდოვა და უკრაინა. უკრაინას მხოლოდ იმიტომ აძლევენ, რომ ნახევარი ქვეყანა განადგურებულია, მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა და ნახევარი გაიქცა. ჩემი აზრით, ასეთი მსხვერპლის ხარჯზე, ჩვენს ქვეყანას სტატუსის მიღება არ უღირს. ეს სატატუსი, ფაქტობრივად, არფერს იძლევა.
შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი ათწლეულების მანძილზე ვიყოთ. მით უმეტეს ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა რეგიონში. მსოფლიო გადანაწილება ხდება. პროცესები ძალიან დინამიურად მიდის. ამიტომ, ჩემი აზრით, პრემიერის განცხადებები ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ევროკავშირს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა თუ უნდა, ეს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუკი საქართველოს ეს სტატუსი ომის, დაპირისპირების და შიმშილის ფასად დაუჯდება, მაშინ რად გვიღირს? ჩვენმა ქვეყანამ ამისთვის ბევრი უკვე გაიღო, ამიტომ პრემიერიც და ჩვენი ხელისუფლებაც მართალია, როცა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, ეს არის ქართველი მოსახლეობის მანიპულირების პიარტექნოლოგია. კიკნაძ ე ამბობს, რომ მარტის გამოსვლებიც ფაქტობრივად ის ხალხი იყო, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონში ბოლომდე გარკვეულები არ იყვნენ. პოლიტოლოგი ფიქრბს, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები ევროკავშირის მხრიდან პასუხის მიღებისთვის უკვე ემზადებიან.
„მე რასაც ვაკვირდები, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქართველი მოსახლეობის აზრი და განწყობები იცვლება. თუმცა აქ არის დესტრუქციული ძალები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ქვეყნის ბედი და ამ რიტორიკით და დეზინფომაციით, ხალხის გაღიზიანებას ცდილობენ. იმედია ჩვენი სპეცსამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ, რადგაან ამ ადამიანებს ნებისმიერი მიზეზი სჭირდებათ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ. კანდიდატის სტატუსიც იმ მიზნით არის შემოგდებული, რომ აქ კონკრეტული ძალების მიერ დესტრუქციული ქმდებები მოჰყვეს. ამიტომ დიდი საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან. თუმცა განწყობების ცვლილება მოსახლეობაში იგრძნობა და ქართველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას სტატუსი ეკუთვნის. მოსახლეობა აცნობიერებს იმას, რომ კიდევ ერთი საომარი მოქმედება და რევოლუციური სცენარი საქართველოში სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაგვიჯდება. ამიტომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზდობასთან, სადაც პროფესორების დიდი ნაწილი ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან“, - ამბობს კიკნაძე.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია საგარეო პოლიტიკაში გამოიყენოს ავტონომია და იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება შეუძლია ისეთ ქვეყანას, რომელიც მინიმუმ თურქეთის ტოლი და შესაძლებლობის არის. კაკაჩია for.ge-სთან ამბობს, რომ თურქეთი ზუსტად განაწყენებულია ევროკავშირზე, რადგან მას არ იღებენ და ბოლო წლების განმავლობაში ისე იქცევა, როგორც ჩვენი ხელისუფლება.
„აქ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული ევროპაზე, როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად და უსაფთხოების თვალსაზრისით. ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ასე ხელაღებით ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს. კი ბატონო, ქვეყანას თავისი პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს, როგორც ამაზე ღარიბაშვილიც საუბრობს, მაგრამ რისკი ის არის, რომ რეალურად რა გვსურს - გვინდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტები ვიყოთ თუ საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტები? ეს არის ის მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მისამართით ისმება. შესაძლოა, ხელისუფლება არ არის პრორუსული, მაგრამ რაც უფრო დავშორდებით ევროპას, რუსეთთან მით უფრო ახლოს მივალთ. ფაქტია, ამით რუსეთი იგებს“, - ამბობს კაკაჩია.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, დადებითი პასუხი მივიღოთ დათქმებით. ჩვენ გვაქვს უმარავი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, რუსეთთან, ფრენების განხორციელებასთან და სხვა თემებთან. თუმცა კაკაჩია ამბობს, რომ არსებობს ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესები, რის გამოც გადაწყვეტილება, შესაძლოა, დადებითი იყოს.
„ევროკავშირს არ სურს ასოცირების ტრიო დაშალოს, უკრაინას და მოლდოვას საქართველო არ უნდათ ჩამოაშორონ. თუმცა არსებობს საქართველოს მიმართ მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირთან თავსებადობაში უნდა იყოს, როგორც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთოების კუთხით. საქართველომ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მას არ ექნება ფუფუნება, რომ ორ ან სამ სკამზე ერთდროულად იჯდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა ამაზე ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს.
ჯერჯერობით გარკვეული მაინც არაფერია, მგონია, რომ საქართველოს შანსი აქვს. ბევრი რამ კიდევ დამოკიდებულია იმ რეფორმებს როგორ შეასრულებს. თუ სტატუსი მოგვცეს, ჩვენ, ალბათ, დამატებით დაგვემატება კიდევ რამდენიმე პირობა. ეს იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა. თუ არ მივიღეთ, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, რომელიც ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ძალიან დიდ რისკებს შეიცავს“, - ამბობს კაკაჩია.