ევროკავშირის მხრიდან სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, უნდა გადაინაწილოს თუ არა პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შიდა კინკლაობით დაზიანდა საქართველოს იმიჯი და საქართველოს ავტორიტეტი ისევე გადაყვა პოლიტიკურ ინსინუაციებს, როგორც ეს მოხდა ჟორდანიას მთავრობის დროს.
ირაკლი კობახიძე შარშანდელ ფაქტს იხსენებს, როცა 2022 წელს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი პრეზიდენტმა ამაოდ მოიარა უცხოეთის ქვეყნები. კობახიძის თქმით, ამ ვოიაჟების უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2022 წელს არ გადამდგარა და, სავარაუდოდ, არც ახლა გადადგება, ანუ პრეზიდენტი ახლაც აიცილებს პასუხისმგებლობას, თუკი ევროკავშირისგან უარს მივიღებთ.
პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი დარწმუნებულია საკუთარი დის თავგანწირვაში საქართველოს მიმართ. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის სტატუსის მოსანიჭებლად და, იმპიჩმენტი იქნება თუ არა, პრეზიდენტი მაინც გამოიყენებს ყველა იარაღს, რომ საქართველო მივიდეს მთავარ მიზანთან - ევროპაში საქართველოს შესვლასთან. უფრო მეტიც, ოთარ ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ვოიაჟების შედეგად საფრანგეთისა და გერმანიის განწყობა საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა, რაც ადრე არ ხდებოდა.
პარალელურად, მმართველი გუნდი არ მალავს, რომ ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. ეს ლიტონ სიტყვებად დარჩება, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ჩამოიშორებს პრეზიდენტს, ეს უკვე მომავლის ოპერიდანაა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ცალსახად პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა მოეთხოვოს პასუხი, თუკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, მაგრამ აქ არის ორი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საეჭვოა, ზურაბიშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგას და თანამდებობიდან წავიდეს. პირველი, პრეზიდენტი აბსოლუტურად არაადეკვატურია და წარმოუდგენელია, მან მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, გამომდინარე მის მიერ კონსტიტუციის თავხედური დარღვევით, სასამართლოში გამოუცხადებლობით. მეორე, როგორც ჩანს, ზურაბიშვილს აშკარა დავალება აქვს აგენტოკრატიისგან, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების არევის და აყირავების ერთ-ერთი ხელშემწყობი იყოს. გია აბაშიძის აზრით, ამ შავბნელ საქმეში პრეზიდენტი წარმატებულია, მისი სხვა კოლეგების მსგავსად.
„ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს იმ სამართლებრივ განაჩენს, რომელიც პრეზიდენტს ეკუთვნის. ეჭვი მეპარება, პარლამენტში 100 ხმა მოგროვდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფარული იქნება კენჭისყრა, არაფერია გამორიცხული. ამ ყველაფერს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ. ზურაბიშვილის საქციელი, რომელმაც ზურგი შეაქცია თავის ამომრჩეველს სხვადასხვა განცხადებებითა და მოქმედებებით, მეტყველებს იმაზე, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, პრეზიდენტი კვლავაც შეეცდება ყველაფერი დააბრალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და, ასევე, უტიფრად განაცხადოს ისიც, როგორც თქვა ზაფხულში პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო თურმე შარშან არ იმსახურებდა სტატუსის მონიჭებას. ეს ძალიან სამარცხვინო განცხადებაა სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან“,-აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსის განმარტებით, გაუგებარია, ჯერ კიდევ შარშან რისთვის დადიოდა პრეზიდენტი უცხოეთში და ახლაც რატომ მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციის დარღვევით, თუკი შედეგი არ ჩანს. ამას ემატება ის გზავნილებიც, რასაც ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აკეთებენ ცალკეული ლიდერები. თუნდაც ლატვიის პრეზიდენტთან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა გავიხსენოთ. იმ ფონზე, როცა სანქციების დაწესების მთავარი კურატორები ბრიტანეთიდან, ამერიკიდან საქართველოში ყოფნის დროს ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა პირნათლად ასრულებს სანქციებს, ლატვიის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურმე სანქციების რეჟიმს საქართველო უნდა შეუერთდეს.
„ლატვიის პრეზიდენტის მხრიდან ეს აბსოლუტურად გაუგებარი გზავნილი იყო, წარმომიდგენია უშუალოდ ლატვიისა და საქართველოს ლიდერთა შეხვედრაზე რა თემებზე იქნებოდა საუბარი-საქართველოსთვის დამაზიანებელ თემებზე. ასე რომ, სკეპტიკურად ვუყურებ იმ ფაქტს, ზურაბიშვილს ეყოს გამბედაობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და, ბრიუსელიდან ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს. ის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი აღარ არის, არამედ მას უკვე დაკარგული აქვს ხალხში ლეგიტიმურობა. თავის დროზე, როცა ხალხი შეიკრიბა ორბელიანების სასახლესთან სამართლიანი გულისწყრომით, ზურაბიშვილმა მათ მიმართა აგდებულად, რას მომივარდითო. ეს ნიშნავს, რომ ხალხის პრეზიდენტი აღარ არის, თორემ იურიდიულად პრეზიდენტია. მის ბიოგრაფიას, ისტორიას ეს შავ ლაქად დარჩება. რამდენად უღირს პრეზიდენტს ასეთი ჯიუტობით ექცეოდეს საქართველოს სახელმწიფოს?!“ - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, პრეზიდენტმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილოს არა მარტო იმით, რომ თავისი ქმედებით ხელი შეუწყო ქვეყანაში პოლარიზაციას და შიდა კინკლაობას, არამედ პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს იმის გამოც, რომ კონსტიტუცია დაარღვია, წავიდა ევროპულ ტურნეში და, თუკი აღმოჩნდება, რომ ჩვენ სტატუსი ვერ მივიღეთ, გამოდის, რომ პრეზიდენტმა ვერ იმუშავა სათანადოდ და ვერ დაარწმუნა ევროპელი კოლეგები, ევროპის ლიდერები სტატუსის მისაღებად. ან პირიქით, პრეზიდენტი მუშაობდა იმისთვის, რომ სტატუსის მინიჭების პროცესის ტორპედირება მოეხდინა.
„ცხადია, მარტო პრეზიდენტის მოგზაურობებზე არ არის დამოკიდებული სტატუსის მონიჭება, აქ სხვა მექანიზმებიცაა ჩართული. თუმცა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ჩათვალა, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს და უცხოეთში მისი ჩასვლაა საჭირო, რომ პროცესი ადგილიდან დაძრას. თუკი მეორედაც გვითხრეს უარი, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტმა ფიასკო განიცადა თავის მისიაში, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია თქვას, თქვენ როგორ გგონიათ, აბა, იმპიჩმენტი მომიწყეთ და ევროკავშირი საქართველოს სტატუსს მისცემდა? ასე რომ, ცხადია, პრეზიდენტს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, მაგრამ არა მგონია, მან პირადად ეს პასუხისმგებლობა გაინაწილოს, პირიქით, შეიძლება ხელისუფლებას იქით შემოუტრიალოს ბრალდებები“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ for.ge-სთან საუბარში.