„საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი თავი სააკაშვილმა უკვე დაწერა არაჟნის კონტეინერში და შეიძლება აღმოჩნდეს სხვა პიროვნება, რომელიც ისტორიის თავს უტყუარად დაწერს“

„საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი თავი სააკაშვილმა უკვე დაწერა არაჟნის კონტეინერში და შეიძლება აღმოჩნდეს სხვა პიროვნება, რომელიც ისტორიის თავს უტყუარად დაწერს“

სააკაშვილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მომდევნო თავის დაწერას აპირებს და გვპირდება, რომ ქართული პოლიტიკა სამომავლოდ მის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.

„ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებსა და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს. მე ეს გამიკეთებია ადრე“,-აცხადებს ექსპრეზიდენტი, რომელიც, სავარაუდოდ, საავადმყოფოში ყოფნას უკვე ეჩვევა. თუმცა არ აკონკრეტებს, რა იქნება მისი აქტიური ქმედებები კლინიკიდან.

ცხადია, სააკაშვილი ეპოქალურ ცვლილებებს ვერ მოახდენს ნელსონ მანდელას მსგავსად, რომელმაც 27 წელი, ანუ 1/3 გაატარა ციხეში და გახდა სამხრეთ აფრიკის გარდაქმნის სიმბოლო, რადგან, მაჰათმა განდის მსგავსად, მორალური მაგალითის მიცემით შეცვალა თავისი ქვეყანა და არა ძალის გამოყენებით.

ვერც მერაბ კოსტავას გზას გაიმეორებს, რადგან ცნობილია, როგორ აპროტესტებდა ციხეში მყოფი მერაბ კოსტავა ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყის მიწებებას და უღირსი გზით თავისუფლების მოპოვება არ უნდოდა.

რა რესურსი დარჩა სააკაშვილს პატიმრობაში? ეპისტოლარული ჟანრი-მიწერ-მოწერა? რამდენად საინტერესო იქნება ამ ჟანრში ურთიერთობა საკუთარი მომხრეებისთვის?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საკუთარ გააქტიურებაში, ალბათ, ეპისტოლარულ ჟანრს გულისხმობს და ეს მიწერ-მოწერაც მცირე მოვლენა არ არის, თუკი პოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტს, მართოს პროცესები, მათ შორის, პატიმრობაში ყოფნისას. მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს იგივე პოლიტიკური ლიდერი-მიხეილ სააკაშვილი ციხეშიც კი არ იჯდა, ის იყო უკრაინაში, აქტიურად ერეოდა ქართულ პროცესებში, პირდაპირი ჩართვები ჰქონდა მიტინგებზე, იქადნებოდა, საქართველოში ჩამოვალო, მაგრამ, ამის მიუხედავად, დიდი არაფერი არ მოუხდენია.

„ამჟამად სააკაშვილის მხრიდან გაბუქების სურვილია ეს განცხადებები, რომ უნდა მართოს პოლიტიკური პროცესები, ვიდრე რაიმე რეალურის მოლოდინი. მით უფრო, ბოლო პერიოდში პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერი აქციებიც კი ვერ ჩატარდა, არ მოგროვდა ხალხი, მოწოდებები კი იყო, მაგრამ ხალხი არ შეიკრიბა. სხვათა შორის, მოწოდებებიც საკმაოდ მოკრძალებული იყო, რაც აჩენს მოსაზრებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლება-გაძლიერებაში არც მისი თანაპარტიელები არ არიან დაინტერესებულნი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება სააკაშვილის ფრაზას, საქართველოს ისტორიის მომდევნო თავი უნდა დავწეროო, რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი თავი სააკაშვილმა უკვე დაწერა არაჟნის კონტეინერში, ამიტომ გააჩნია, რა იქნება სააკაშვილის მიერ დასაწერი საქართველოს ისტორიის მომავალი თავის შინაარსი. თორემ შეიძლება აღმოჩნდეს სხვა პიროვნება, რომელიც ისტორიის თავს უტყუარად დაწერს.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე არ მალავს, რომ როდესაც სააკაშვილის ფიგურას უყურებს, ფიქრობს, ღმერთო ჩემო, 9 წელიწადი ვინ იყო ჩვენი პრეზიდენტი, როგორ დავისაჯეთ ამის გამო. ცოტა ხნის წინაც, სააკაშვილი რასაც აკეთებდა საავადმყოფოში, ამაზე მეტი დეგრადირება წარმოუდგენელია.

„მე ქალი ვარ და ასე არ მოვიქცეოდი, როგორც ეგ იქცევა. მის ქმედებებს ეტყობა, რომ არავითარი იდეისთვის ის არ იბრძოდა არასდროს, ის იბრძოდა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის. მისი საქციელი კაცის საქციელში არ ჯდება, ვითომ შიმშილი, ვითომ სიკვდილის პირას ყოფნა, ფეკალიების სროლა. ესაა ადამიანის დეგრადირება, რომელიც პრეზიდენტი იყო. რაც შეეხება სააკაშვილის გავლენას, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, აქეთ-იქით სხვადასხვა პარტიაში გადადიან და გადმოდიან, ეს ადამიანები პიროვნულად ძალიან დისკრედიტირებულნი არიან. სადაც არ უნდა წავიდნენ, კრილოვის იგავ-არაკის, ცნობილი კვარტეტის მსგავსად, ვერ მოიშორებენ წარსულში განხორციელებულ ქმედებებს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე ჩვენთან საუბრისას.

მისვე განმარტებით, გარკვეული სექტა შემორჩა მიშას, ანუ ადამიანები, რომლებიც მისი მიმდევრები არიან და რომელთა თვისებებიც ეჭვს იწვევს. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა ხვდება, რომ ახლანდელი ოპოზიცია ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რევოლუციური სცენარისკენ მიგვათრევენ, რაც ჩვენს სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

„მაგათ ტვინში ჩამახედა, რატომ იქცევიან ასე, გარეწრები უფრო არიან, თუ უტვინოები, შეიძლება ორივე ერთად. თითოეულმა ჩვენგანმა ანგარიში უნდა გაუწიოს, მის ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, ნებისმიერი რევოლუცია და არეულობა სახიფათოა საქართველოსთვის. ამიტომ საინფორმაციო მუშაობა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, რადგან, სამწუხაროდ, მათი ნაწილი ლექტორების, პროფესორების ცუდი მუშაობის გავლენის ქვეშ ხვდება. ახალგაზრდები ყველაზე უფრო პასიონარული ძალაა და სამიზნე ჯგუფი სწორედ ახალგაზრდები არიან“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.