"სინამდვილეში კოაბიტაცია გარიგებას მალავს"

"2 კილომეტრითაც რომ გადმოსწიონ, რეაგირება აღარც გვექნება"

"ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

"ხალხს ვერ გაუგია, რა ხდება, მაგრამ ხედავს ამ გარიგების ნიშნებს"

"საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური თუ ჩატარდება, ეს პროგრესი, წამალი იქნება... არჩევნები არ გაყალბდება, რადგან ამ შეჯიბრებიდან ჩემი გამოთიშვით გაყალბების მიზეზი მოხსნეს", - ამბობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი:

- პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის ლიდერის "წუხილი" არჩევნებს მიღმა ჩემი დარჩენის გამო ტიპური საბჭოთა მეთოდია. შევარდნაძეც ასე უცხადებდა სიყვარულს ადამიანებს, სანამ გაანადგურებდა. კანონი არ კრძალავს საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ "ოცნების" ყველა იურისტმა და შემდეგ უსუფაშვილმა თქვა, კანონში ცვლილებებია შესატანი, მაგრამ ამ არჩევნებისთვის არ მოესწრებაო.

ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პოლიტიკური ემიგრანტები აირჩიეს პრეზიდენტებად, რომელთაც ინაუგურაციამდე მოიხსნეს ორმაგი მოქალაქეობა. არავინ დაინტერესდა იმით, რომ საფრანგეთის საკონსულოში განცხადება მქონდა შეტანილი, როგორც კი ამირჩევდნენ პრეზიდენტად, იმ დღესვე მომხსნოდა საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ რამე სხვას გამოიგონებდნენ... ნუთუ არავითარი უხერხულობა არ იგრძნო პრემიერმა არჩევნებიდან ჩემი გამოთიშვის გამო, როდესაც სააკაშვილმა მას შარშან ზუსტად იგივე გაუკეთა? რატომ და რაში ვუშლიდი ხელს? როდესაც ცესკოს 23 პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული, იმაზე დემოკრატიული რა იქნებოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. იმ კანდიდატებიდან ცნობილი მხოლოდ 4-5-ია, დანარჩენები "გუგლშიც" კი არ იძებნებიან.

- რატომ უნდა ნდომოდა ხელისუფლებას თქვენი გამოთიშვა არჩევნებიდან?
- ალბათ, ჩემში რეალური კონკურენტი დაინახეს, რადგან შანსი მქონდა ან გამარჯვების, ან მეორე ადგილზე გასვლის. გამოდის, ხელისუფლებას არ უნდოდა ჩემი სახით მეორე ადგილზე გასულიყო ის ძალა, რომელიც ევროპული და დემოკრატიულია. ე. ი. ურჩევნია ბურჯანაძის პრორუსული ძალა. ჩემ გარდა მეორე ადგილის პრეტენდენტი მხოლოდ ბურჯანაძეა. როცა დავინახავ, რომ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ წავიდა და პროდასავლური ორიენტაცია რუსეთისკენ გადაიხარა, მე, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ჩემს სათქმელს ვიტყვი. "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილისთვის მათი კანდიდატი უალტერნატივოა, მიუღებელია დამოუკიდებელი კანდიდატი.

ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი არ ნიშნავს, რომ შეგიძლია მეგობრობის გამო დანიშნო პრეზიდენტი, პრემიერი. დემოკრატიულ სისტემაში პრემიერიც არჩეული უნდა იყოს. არადა, ძალაუფლება გაეზარდა პრემიერს, რომელიც არჩეული არ იქნება. ბიძინას წასვლის მერე ეს უმრავლესობა აღარ იქნება ხალხის მიერ არჩეული, რადგან ხალხმა ხმა ივანიშვილს მისცა. ბიძინა ტოვებს არალეგიტიმურ კოალიციას და არალეგიტიმური კოალიციის მიერ დანიშნულ პრემიერს. ამით დემოკრატია გაუფასურდება.

სააკაშვილმა დემოკრატია მოსპო ქვეყანაში, მაგრამ გარედან საქართველო დემოკრატიული ჩანდა. ივანიშვილი კი ახლა დემოკრატიულ ფორმასაც უკარგავს. ქვეყანაში არც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი აღარ არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოს დააბრალა, წინა ხელისუფლების სასამართლოაო და ამით ხელი დაიბანა, მაგრამ გამოძიების ჩატარება ხომ მაინც შეიძლებოდა? არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოუძიებიათ და ციხეებში პატიმრების წამების საქმეც მიივიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ვკითხე, თქვენგან რაიმე მითითება ხომ არ იყო, რომ ციხეებში წამებაზე არ ჩატარებულიყო გამოძიება-მეთქი. მიპასუხეს, პირიქით, ველოდებოდით, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით გამყარდებოდა და სასამართლო ჩატარდებოდაო. ხელისუფლება დასავლეთს აბრალებს, სასამართლოები კოაბიტაციის გამო არ ჩატარდაო და პასუხისმგებლობას იხსნის. რეალურად დასავლეთს კოაბიტაცია არ მოუთხოვია. სინამდვილეში კოაბიტაცია გარიგებას მალავს.

- გარიგება ვის შორისაა?
- დღევანდელ და წინა ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შორის. რა შუაშია აქ დასავლეთი? უპასუხოს ხელისუფლებამ საზოგადოებას, თქვას, გარიგებულია თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან". რაც უფრო აგვიანებს ამის ახსნას, მით უფრო ეწყობა ხელი ბურჯანაძის რადიკალურ ძალას. ხალხს ვერ გაუგია, რა ხდება, მაგრამ ხედავს ამ გარიგების ნიშნებს და ამბობს, ბარემ მივცემ ხმას ყველაზე რადიკალურ ძალასო.

- ხელისუფლებას მას შემდეგ აკრიტიკებთ, რაც კენჭისყრის საშუალება არ მოგეცათ?
- ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ რაღაც მეწყინა, მაგრამ ასე არ არის. მე ლაკმუსის ქაღალდი ვიყავი ხელისუფლებისთვის. რატომ არ უნდოდათ კენჭი მეყარა? ამ კითხვაზე პასუხი აჩენს იმ რეალობას, რასაც ადრე ვერ ვხედავდით. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისას გვერდით დაიყენა პროდასავლელი ალასანია, უსუფაშვილი და მეც ივანიშვილის ახლო წრეში მოვიაზრებოდი, ოღონდ კოალიციის გარეთ. მაგრამ ასეთ ვითარებაში არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა დასავლეთისკენ. პრემიერი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთშიც არ ყოფილა ვიზიტით. სტრასბურგში უფუნქციო ასამბლეაზე ჩასვლა არაფრის მომცემი იყო. ამან დაბადა გაურკვევლობა საქართველოს ორიენტაციისადმი. მერე დაემატა ევრაზიის კავშირში შესვლის შესახებ პრემიერის განცხადება. თუ ივანიშვილის პოლიტიკაში მოკლე ვადით მოსვლის მიზანი ის იყო, რომ ქართულ დემოკრატიას საბოლოოდ დაეკარგა ფორმა და საქართველო ევრაზიის კავშირისკენ მიბრუნებულიყო, მაშინ მან დიდი ჯილდო უნდა მიიღოს რუსეთისგან.

- რა იქნება ივანიშვილის წასვლის მერე?
- ჯერ იქნება არასტაბილურობა, რასაც გარდაუვალად მოჰყვება ვადამდე საპარლამენტო არჩევნები.
ივანიშვილმა პარტიები მოკლა, რამდენიმე პარტია კი თავის კოალიციაში შეიყვანა და იქ ჩაახრჩო. ვინც მეტ-ნაკლებად გადარჩნენ, ბურჯანაძის პარტია და "ნაციონალური მოძრაობაა".

- კოალიციის სუბიექტებს ვადამდე არჩევნების ხსენებაც არ უნდათ.
- შეიძლება არ უნდათ, მაგრამ რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია გაუმკლავდეს ხალხის მღელვარებას ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო? ვადამდე არჩევნებს ხალხი მოითხოვს და არა პარტიები. ამას მოჰყვება ან სრული ქაოსი, ან არჩევნების მოთხოვნა, რასაც პარლამენტიც დათანხმდება და პრეზიდენტიც, რადგან ხალხის დასაწყნარებლად სხვა ბერკეტი არ ექნებათ. ასეთი ვითარება ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელსაც ყოველდღიურად საზღვარი 200 მეტრით გადმოაქვს და ამას ისე მივეჩვიეთ, 2 კილომეტრითაც რომ გადმოსწიონ, რეაგირება აღარც გვექნება.

- ადგილობრივ არჩევნებში ხომ არ იყრით კენჭს თუნდაც თბილისის მერად?
- ჯერ გეგმებზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მე ბრძოლას გავაგრძელებ. საკუთარ თავთან ერთი პირობა მაქვს დადებული, - არ წავალ პოლიტიკიდან, სანამ არ დავრწმუნდები, რომ საქართველოში დამოუკიდებლობა და დემოკრატია დამყარდა.