„არსებობს ჯინ შარპის თეორია, „როგორ დავიწყოთ რევოლუცია“, სადაც ეტაპობრივადაა ყველაფერი გაწერილი, საქართველოშიც ეს სცენარი ხორციელდებოდა“

„არსებობს ჯინ შარპის თეორია, „როგორ დავიწყოთ რევოლუცია“, სადაც ეტაპობრივადაა ყველაფერი გაწერილი, საქართველოშიც ეს სცენარი ხორციელდებოდა“

რევოლუციური ინსპირაცია საქართველოში და იუსაიდის მიერ არეულობის მოსაწყობად მოწვეული სერბეთის მოქალაქეები. 1992 წლიდან დღემდე იუსაიდს (აშშ-ის განვითარების სააგენტოს) სულ სხვა გაცხადებული მიზნები ჰქონდა საქართველოში, ის ეხმარებოდა ხალხს სიღარიბესთან გამკლავებაში, დემოკრატიის განვითარებაში, მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობაში, რისთვისაც 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუს-მა ეს ორგანიზაცია საეჭვო პირების მოწვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში შავი დღე უწოდა შალვა პაპუაშვილმა ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი თანხის რევოლუციებისთვის გამოყენებას სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსაიდის მოწვევით საქართველოში ჩამოსული სერბები რევოლუციის მოსაწყობად ახალგაზრდებს ამზადებდნენ, ცალკეული ექსპერტები ალაპარაკდნენ, რომ საქართველოში უნდა აიკრძალოს ე.წ. კულტურის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება საეჭვო საქმიანობაში მხილებული ორგანიზაციების მიერ.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როდესაც უცხოეთიდან შემოდის გარკვეული თანხა, ის თანხა უნდა იყოს კონტროლირებადი. ფარას კანონიც სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ყველა ეს შემოსული ფინანსური ნაკადები გაკონტროლებიყო, რაში და როგორ იხარჯება, მაგრამ როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი, ყველამ ვიხილეთ. საეჭვო ადამიანების მხრიდან პირდაპირაა ჩამოწერილი, ეტაპობრივად როგორ უნდა განხორციელდეს რევოლუციური ქმედებები.

თამარ კიკნაძის აზრით, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას უქმნის, მით უფრო, რომ ჩვენ ამის კარგი თვითმხილველები ვართ, როგორ განხორციელდა ვარდების რევოლუცია, მთელი ეს ფერადი რევოლუციები.

„არსებობს ჯინ შარპის თეორია („როგორ დავიწყოთ რევოლუცია“), სადაც ეტაპობრივად დაგეგმილია რომელი ნაბიჯის შემდეგ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მიზანმიმართულად, ტექნოლოგიურად მიჰყავთ პროცესები რევოლუციური სცენარისკენ, გნებავთ, უმაღლეს სასწავლებლებში, იმავე „ფრანკლინის კლუბში“, გნებავთ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. დიდი მიხვედრა არ უნდა, რას ქადაგებენ ოპოზიციური ტელევიზიები, სრულიად სხვა სამყაროში გვამყოფებენ, გეგონება, საქართველოში კი არ ვცხოვრობთ, არამედ სრულიად სხვაგან, ყველაფერი ნეგატივზეა აწყობილი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე და გამორიცხავს, იუსაიდი შეუგნებლად მონაწილეობდეს ამ პროცესში და არ იცოდეს, ტრენინგებს ვის ატარებინებენ.

„არა მგონია, იუსაიდმა არაფერი იცოდეს, მეც მქონია გრანტები და თითოეული ცენტი აღრიცხვაზეა, რაში დაიხარჯა. ის კი არა, პროექტს რომ წერ, იმითაც ინტერესდებიან, რა მიზანი აქვს, სამიზნე ჯგუფი ვინ არის, რა შედეგი შეიძლება მიიღონ. ასე არ არის, რომ ვინმემ რამე არ იცოდეს“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს ამერიკელების ნათქვამს, 40-მდე ქვეყანაში გადატრიალება მოგვიწყვიაო.

„ამერიკელები გადატრიალების მოწყობას როცა ახსენებენ, სწორედ ამ ხერხს გულისხმობენ, არა შეიარაღებულ გადატრიალებას, არამედ ხავერდოვანი რევოლუციების ტიპის გადატრიალებებს. ბოლოს და ბოლოს, ხავერდოვანი რევოლუციები ამერიკელების ინსტრუმენტია, ჩვენთან 2003 წელს იყო ასეთი რევოლუცია და მაშინაც გვახსოვს, იმ გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა სერბების ზუსტად ეს ჯგუფი. ამ მეთოდმა გაცილებით გაითქვა სახელი ე.წ. არაბული გაზაფხულის პერიოდში, როცა რამდენიმე არაბული ქვეყანა აღმოჩნდა ხელისუფლებების ცვლილების ფაქტის წინაშე“, -  მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე და, შეკითხვის საპასუხოდ, უნდა აიკრძალოს თუ არა იუსაიდის ეგიდით მოწყობილი „კულტურის ასამაღლებელი ტრენინგები“, თუკი მათ რევოლუციური მიზნები აქვთ, განმარტავს, რომ საეჭვოა, სწორი და მიზანშეწონილი იყოს ასეთი მითითება, არიქა, აიკრძალოს მსგავსი ორგანიზაციები, რადგან კარგად ვნახეთ, რაც მოჰყვა ფარას კანონს. როცა საქართველომ დააპირა ფარას ტიპის კანონის მიღება, ლამის მთელმა დასავლეთმა, ამერიკის ჩათვლით, გამოაცხადა, ეს რუსული კანონიაო და ახალგაზრდების გამოსვლები დაიწყო საქართველოში.