სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში არეულობაა დაგეგმილი და ეს სცენარი უცხოეთიდან ფინანსდება, საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ზოგს სჯერა, ზოგს - არა. ეს არც არის გასაკვირი, ერთი მხრივ, ცოცხალი მოწმეები ვართ სამხედრო გადატრიალების თუ რევოლუციის, მეორე მხრივ, მშვიდობიანობის დროსაც ყველა ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს აშინებდა რევოლუციური სცენარებითა და დამხობა-გადმომხობის საფრთხით.
სუს-ის განცხადებაში სიახლე ის არის, რომ ადრე თუ ყველგან „კრემლის ხელი“ ფიგურირებდა, დღეს ის „ამერიკულმა ხელმა“ ჩაანაცვლა.
საქართველოში მომხდარ ყველა რევოლუციაში თუ გადატრიალებაში რამდენიმე კომპონენტი ემთხვეოდა ერთმანეთს: განხეთქილება ხელისუფლებაში; მმართველი ძალის არაადეკვატურობა და რუსული სპეცსამსახურების მუშაობა, რომ როგორმე ქართველებს რაც შეიძლება დიდხანს ეხოცათ ერთმანეთი.
„თბილისის ომი“ ამის ყველაზე ტრაგიკული და კლასიკური ნიმუშია. ჯერ განხეთქილება მოხდა ხელისუფლებაში (პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის სარდალი კიტოვანი აუმბოხდა, რასაც პრემიერი სიგუაც მიჰყვა), შემდეგ ისედაც გამოუცდელი პირველი ეროვნული ხელისუფლება კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა, მოხდა პირველი გასროლა და რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ როგორმე სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაწყებულიყო. ამ ყველაფერმა ქვეყანა 50 წლით უკან დაწია.
შევარდნაძეს ლომის წვლილი მიუძღვის გამსახურდიას დამხობაში. ასევე, როგორც კი გახდა ქვეყნის პირველი პირი, რეალურად რამდენჯერმე თავადაც დაემუქრა დამხობის საფრთხე. საკუთარმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ მოუწყო ტერაქტი 1995 წელს (რუსული სპეცსამსახურების ხელდასმით). 1998 წელს სენაკის ბატალიონი ამბოხდა აკაკი ელიავას მეთაურობით, შემდეგ კი მუხროვანის სატანკო ბატალიონის შედარებით მცირემასშტაბიანი ბუნტიც იყო.
თუმცა შედარებით მშვიდობიანობის პერიოდშიც კი, შევარდნაძის ხელისუფლება მუდმივად იყენებდა პროპაგანდისტულ ილეთს, რომ არიქა, სადღაც ვიღაცები რაღაცას ხლართავენ და თუ ეს მთავრობა არ იქნება, „მხედრიონის“ ეპოქა დაბრუნდებაო.
თუმცა შევარდნაძე მაინც დაამხეს, ოღონდ მშვიდობიანად - თავისმა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ (რუსეთიც წარმოდგენილი იყო იგორ ივანოვის სახით). აქვე უნდა აღინიშნოს - რომ არა ბოლო მომენტში შევარდნაძის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, სავარაუდოდ, მასშტაბურ სისხლისღვრას ვერ ავცდებოდით - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და ჯავშანტექნიკა თბილისისკენ უკვე მოდიოდა.
სააკაშვილს გადატრიალების რეალური საფრთხე (აგვისტოს ომი სხვა თემაა. ვგულისხმობთ შიდაპოლიტიკური ძალების მიერ მოწყობილ არეულობას), თუ ასევე მუხროვანის მინიამბოხს არ ჩავთვლით, არ დამუქრებია. თუმცა წინა ხელისუფლებას თავად უყვარდა ხოლმე ბუზისაგან სპილოს შექმნა. ჯერ იყო იგორ გიორგაძის მიერ ვერმოწყობილი გადატრიალება, შემდეგ - 2007 წლის აგენტომანია, პატარკაციშვილის „ჩაშლილი გეგმები“ (როდესაც ნახევარი ოპოზიცია რუსეთის აგენტებად გამოაცხადეს), შემდეგ ვნახეთ ლეგენდები „კრაზების რევოლუციაზე“ და გრუ-ს სპეცრაზმზე, რომელიც თბილისში ნინო ბურჯანაძის დასახმარებლად უნდა ჩამოსულიყო.
რევოლუციური სცენარებით გართობა ამ ხელისუფლებასაც უყვარს - ამის კლასიკური მაგალითი არშემდგარი „საბურავების რევოლუციაა“. სულ ბოლოს კი, აგერ სუს-ის მიერ დაანონსებული რევოლუციური სცენარი ვნახეთ.
რა თქმა უნდა, მოსახლეობა დაიღალა ათწლეულების მანძილზე, ერთი მხრივ, რეალური ბუნტებით და მეორე მხრივ, გამოგონილი „რევოლუციებით“, თუმცა სუს-ის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მაინც აქტუალურია კითხვა - არის თუ არა დღეს საქართველოში არეულობის საფრთხე?!
თუ მტრულ ძალას დასაყრდენი ჰყავს ჯარში, პოლიციაში და სპეცსამსახურებში და „იქსმომენტში“ ისინი განუდგებიან ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ცუდი ამბები მოხდება. თუ ხელისუფლებაში მოხდება სერიოზული განხეთქილება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებას უფრო ფანტასტიკის სფეროს მივაკუთვნებდით.
მთავარი - არანაირი რევოლუციური განწყობები საქართველოს მოსახლეობაში არ არის. ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს ქაოსისა და არეულობის სცენარს - განსაკუთრებით ისინი, ვისაც 90-იანები აქვთ გამოვლილი. შესაბამისად, თუ არ გაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ვერანაირ რევოლუციურ სიტუაციას ვერ შექმნი - მაქსიმუმ გამოიწვიო რყევები, რომლის შემდეგ „კარიერას“ ციხეში გააგრძელებ.
რაც ზემოთ ვთქვით, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე არ ფიქრობს გადატრიალება-დამხობის სცენარებზე. ზოგიერთს ძალიანაც უნდა, თუმცა ერთია, რომ გინდა და მეორეა, რომ შეგიძლია.
რაც შეეხება იმას, რომ „რევოლუციურ სცენარებში“ კრემლის ხელი რატომ ჩაანაცვლა ვაშინგტონის ხელმა, ეს ცალკე სტატიის თემაა.