სექსმუშაკი: ვისაც ეშინია, პოლიციელებს უფასოდ ის ემსახურება

სექსმუშაკი: ვისაც ეშინია, პოლიციელებს უფასოდ ის ემსახურება

რესპონდენტი, რომელიც უზბეკეთის განათლების სფეროს შუალედურ რგოლში მუშაობდა, ახლა ბათუმში სექსმუშაკია. ის ამბობს, რომ აპრილში ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ "სუტინიორის ინსტიტუტი" გაქრა.

რესპონდენტი ჰყვება იმის შესახებ, როგორ აიძულებს ადგილობრივი პოლიცია უზბეკ გოგონებს უფასო მომსახურებას, როგორ გააუპატიურეს გონიოს პოლიციის ტუალეტში ერთ-ერთი მათგანი, როგორ ეჭრებიან საცხოვრებელ სახლებში და პასპორტებს სთხოვენ. რესპონდენტს პირობითად მაირა ჰქვია:

მაირა, როგორ აღმოჩნდით საქართველოში?

სამსახურის დაკარგვის შემდეგ ვცდილობდი ახალი სამსახურის შოვნას. ამას დაემთხვა კონფლიქტი მეუღლესთან და განქორწინება. ორი შვილით და დიდი პრობლემებით დავრჩი მარტო. უიმედოდ ვიყავი, როცა ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ თურქეთში მიდიოდა სამუშაოდ და მეც გავყოლოდი. დასაქმების პერსპექტივა ასეთი მქონდა: ბავშვის მოვლა, მაღაზიაში მუშაობა ან სახლის დალაგება - თვეში 1500 დოლარს დამპირდნენ. ბილეთის ყიდვის დროს გაირკვა, რომ სტამბულში ბაქოს გავლით უნდა გავფრენილიყავით. როცა ვკითხე, რატომ ბაქოს გავლით? - ამიხსნეს, რომ თურქეთში ისე არ შეგიშვებენ საზღვარზე, 2 ათასი დოლარი თუ არ გექნება თანო: "ვიშოვი-მეთქი ფულს". "შენ კი იშოვი, მაგრამ სხვებიც მოდიან და ისინი ვერ იშოვიანო". ასე ჩავფრინდით ბაქოში. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა თვითმფრინავით, მანამდე ჩემი მარშრუტი იყო _ სახლი-სამსახური და პირიქით.

ბაქოდან წამოვედით ავტობუსით და დილით ადრე უკვე სარფში ვიყავით. ორი გოგო, ვინც ჩვენთან ერთად წამოვიდა, თურქულმა მხარემ საზღვარზე არ გაატარა - მათ დეპორტი ჰქონდათ. მაშინ ზუსტად დეპორტის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი. მარტო ვეღარ გავბედე თურქეთში წასვლა. ეს 2012 წლის მაისში მოხდა. ვისთან ერთადაც ჩამოვედი, იმ ქალმა მითხრა, რომ ბათუმში ნაცნობი ჰყავდა და იქ დავრჩებოდით. სახლში ვიღაც კაცები, ქართველები, მუდმივად მოდიოდნენ და გეგმავდნენ არალეგალურად როგორ გაგვეღწია საზღვარზე. მე თანდათან ვხვდებოდი, სადაც 

აღმოვჩნდი. მეორე დღესვე ბათუმში დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე.

ერთ დღესაც, ორი უზბეკი გოგონა დავინახე ქუჩაში. მათთან მივირბინე (ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ აქ უზბეკი გოგოები მუშაობდნენ) და ვკითხე, ვინ იყვნენ, სად მუშაობდნენ. ერთმანეთს შეხედეს და არაფერი მითხრეს. მე ჩემი ისტორია მოვუყევი. მკითხეს, რომელი ქალაქიდან ვიყავი... მითხრეს, გონიოში შენი ქალაქიდან არიან გოგოები და თუ გინდა მათთან წაგიყვანთო. წამიყვანეს. გონიოში გოგოებმა ამიხსნეს, რომ მარტო დისკოში შევძლებდი მუშაობას. უარი ვუთხარი... ამასობაში, თანხა რაც მქონდა, დავხარჯე. ერთ დღესაც გოგოებმა მომცეს ტანსაცმელი, მაკიაჟის გაკეთება მასწავლეს... და აი, ასე დავიწყე პროსტიტუცია.

თავდაპირველად შოკში ვიყავი იმის გამო, რასაც ვხედავდი. სიგარეტი, ალკოჰოლი, ტაბლეტები... ეს ჩვენი ერის სირცხვილია. ყოველდღე ზღვაზე გადავდიოდი, ყელში მქონდა ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდი და იქ ტირილს ვახერხებდი. იქვე გავიცანი ერთი ქართველი, რომელიც დღემდე თავს არ მანებებს და მაშანტაჟებს. მისი სახელია გ.გ. ის 

ქუთაისში ცხოვრობს. ჩვენს გვერდით, მშენებლობაზე მუშაობდა. კარგი ურთიერთობა ავაწყვეთ.

როდესაც პოლიციამ გონიოდან გამოგვყარა, ბათუმში ერთად ვიქირავეთ ბინა და მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ მალე დაიწყო დალევა, ეჭვიანობა. ვეუბნებოდი, რომ მას ემუშავა და მე დავჯდებოდი სახლში. მეორედ როცა მცემა, სახლიდან გავაგდე. ამასობაში ჩემს შვილს ფული დასჭირდა სასწრაფოდ, ამ კაცმა ის გამიკეთა, რომ წავიდა და ბანკიდან 5 ათასი ლარი კრედიტი გამოიტანა. 2 ათასით თავისი ძველი კრედიტი დაფარა, 1000 დოლარი მე მომცა სახლში გასაგზავნად, დანარჩენი კი თვითონ დახარჯა. ყოველთვიურად 270 ლარს ვიხდიდი ბანკში. ასევე ვაძლევდი მამის წამლის ფულს... სამსახური ვერ ვნახეო და ჩემს ფულს ხარჯავდა. როცა გავაგდე, შანტაჟი დამიწყო. ეს რომ დამემთავრებინა, 3 ათასი ლარი მივეცი. მაგრამ მაინც არ მანებებს თავს - მითხრა, რომ ან მოვკვდები, ან მასთან ვიცხოვრებ. ვერ გავაგებინე, რომ მას ცოლი ჰყავს და თავი დამანებოს. ამის გამო პოლიციის განყოფილებაში მივედი ხოფაზე. პოლიციაში მითხრეს, რომ 

ის ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობისა და თაღლითობისთვის. სიმართლე გითხრათ, მეშინია ამ კაცის.

თქვენ აპრილში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობას უხდით პოლიციას. რატომ?

ეს იყო ყველაზე კარგი, რაც აპრილში მოხდა. ადრე ძალიან ბევრი გოგო იღებდა ტაბლეტებს. სპეცოპერაციის შემდეგ აღარ შემიმჩნევია არც ერთი ისეთი შემთხვევა, რომ გოგოები გაბრუებულან. არადა, ზოგიერთი მათგანი უკვე ნარკოტიკზეც გადადიოდა. ამიტომაც ვამბობ სპეცოპერაციისთვის მადლობას. გარდა ამისა, აღარ არსებობს სუტინიორი. ადრე, ძირითადად, 18-19 წლის გოგოებს სუტინიორები ყველაფერს სძალავდნენ, ზოგიერთი შვილისთვის წამლის ფულის გაგზავნასაც კი ვერ ახერხებდა, ისეთ დღეში ჰყავდათ ჩაყენებული. ახლა ყველა თავისთვის მუშაობს.

თქვენ ასევე ამბობთ, რომ პოლიციელები უქმნიან პრობლემებს უზბეკ გოგონებს. რა სახის ძალადობას აქვს ადგილი?

ზაფხულში სამი თუ ოთხი გოგო გონიოს პოლიციაში წაიყვანეს და იქ გააუპატიურეს, პოლიციის შენობის ტუალეტში. მე ამის შესახებ დეტალურად ერთ-ერთი დაზარალებული მომიყვა. როგორც ვიცი, ამ ფაქტზე გამოძიებაც უნდა მიდიოდეს, პროკურატურამ დაკითხა გოგოები. გრძელდება თუ არა ამ საქმის ძიება, არ ვიცი. გარდა ამისა, ვიცი არაერთი ისტორია, როცა პოლიციელები სახლებში აკითხავენ გოგოებს და დეპორტაციით ემუქრებიან. ერთი ასეთი შემთხვევა პირადად მეც მქონდა. დაკაკუნების შემდეგ კარები როცა გავაღე, პასპორტი მომთხოვეს. მერე პოლიციაში გაყოლას ითხოვდნენ. მე ვიცი, რომ არ აქვთ ამის უფლება, ამიტომ შემიძლია მათ ამაზე უარი ვუთხრა. მაგრამ არიან გოგონები, ვისაც წარმოდგენა არ აქვთ კანონზე, არ იციან ენა... როცა მათ დეპორტაციით ემუქრებიან, ისინი ყველაფერზე თანხმდებიან, 

მათ შორის უფასოდ მომსახურებაზეც.

არის ისეთი შემთხვევები, როცა პოლიციელს თავისი მეგობარი მოჰყავს და იმასაც უფასოდ უნდა მოემსახურო. ეს კატეგორია არც თუ ისე ცოტაა. გოგონებს, ზოგადად, ძალიან ეშინიათ პოლიციის. აი, მაგალითად, ზიხარ დისკოში, დაიძახებენ პოლიცია მოდისო და ყველა გარბის. ვუხსნი, რომ ამ ქვეყანაში პროსტიტუცია აკრძალული არ არის და თუ კანონს არ არღვევ, არავინ არაფერს დაგიშავებს, მაგრამ მაინც არ ესმით. აი, ვისაც ეშინია, უფასოდ იმათ ამუშავებენ.

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული პოლიციელები, ვინც გოგონებს უფასო მომსახურებას აიძულებს?

არა, არ შემიძლია, არ მინდა. ისე, სახეზე ყველას ვცნობ. მგონია არიან ისეთებიც, ვინც პოლიციის სახელით სარგებლობს. პირადად მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა. ერთ დღეს, როდესაც ბათუმელ ბიზნესმენთან ერთად ვიყავი, სახლში დაბრუნებულს დამხვდა ოთხი ქართველი. გვითხრეს, რომ თბილისის პროკურატურიდან იყვნენ. ერთ-ერთმა წამიყვანა ახალსოფლის სასტუმროში, მაგრამ ფული არ გადამიხადა. მერე გავიგე, რომ ეს უზარმაზაროქროსჯაჭვიანი კაცი არც პოლიციაში მუშაობს და არც პროკურატურაში. სადღაც აქ, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელია. ამიტომ არის, რომ ქართველებთან არავის უნდა ურთიერთობა - ერთხელ თუ გაყვები, მერე გაშანტაჟებენ, ფულს არ იხდიან, პოლიციას იძახებენ და ამბობენ, რომ გაქურდეს.

თქვენი დაკვირვებით, პოლიციელები ინდივიდუალურად ძალადობენ, თუ ამას სისტემური სახე აქვს?

ცხადია, ინდივიდუალურად. ზოგიერთს შეურაცხყოფის მოყენება სიამოვნებს. მაგალითად, ამას წინათ თურქ მეგობართან და კიდევ ორ კაცთან ერთად მოვდიოდი ბამბა დისკოდან, გაგვაჩერეს და პასპორტები მოგვთხოვეს. თურქებმა აჩვენეს პასპორტები. მე თან არ მქონდა... ვუთხარი, რომ სახლში მაქვს დატოვებული. დამიწყეს ყვირილი, რომ ნარკოტიკი მაქვს მიღებული და უნდა შემამოწმონ...

შეგიძლიათ მოყვეთ, როგორ მუშაობს ქსელი, რომელსაც გოგონები უზბეკეთიდან ბათუმში ჩამოჰყავს?

ჩვენს შემთხვევაში ასე ხდება. გოგოებს აძლევენ "ბალანსს", ეს არის სიტყვიერი შეთანხმება - მოგაწყობ სამსახურში, ბინას გიქირავებ და ასე შემდეგ და შენ უნდა გადაუხადო 5-6 ათასი დოლარი. გოგოები ამას თანხმდებიან. სუტინიორებს, ძირითადად, ჩამოჰყავთ მეზობლის გოგოები, ნაცნობები.ვინც სუსტია, იმას დაუსრულებლად სძალავენ, მაგალითად, ბინას ქირაობენ 400 დოლარად, სადაც 6 გოგო ცხოვრობს, მაგრამ თითოეულს 200 დოლარს ართმევენ. ასევე ართმევენ, ელექტროენერგიის, გაზის ფულს. ერთი გოგო ვიცი, სუტინიორი ყველაფერს ართმევდა. მე ვურჩიე, რომ პოლიციისთვის მიემართა და ასეც მოიქცა. ამის შემდეგ დაანება თავი იმ ქალმა. თუმცა, ეს ხდებოდა თავდაპირველად, ახლა ყველამ ისწავლა, როგორ იქირავოს ბინა, თანაც უკვე სამი თვეა სუტინიორები ვეღარ ჩამოდიან საქართველოში.

ამის წყალობით უზბეკი გოგონების რაოდენობა შემცირდა ბათუმში. მე, მაგალითად, ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ 5 700 გოგო მუშაობდა, მაგრამ ახლა ეს რიცხვი 2-3 ათასამდეა შემცირებული. ნაკადის შემცირება გამოიწვია იმანაც, რომ უზბეკ და ყირგიზ გოგონებს აღარ უშვებენ საქართველოში, პირდაპირ აეროპორტიდან აბრუნებენ უკან. მეც შემექმნა ცოტა ხნის წინ პრობლემა, სტამბულში ვიყავი წასული. იქ ჩემი და ჩამოვიდა და შვილისთვის საჩუქრები უნდა გამეგზავნა. ბათუმში რომ ჩამოვფრინდი, აეროპორტიდან უკან გამაბრუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა. მებაჟეებს ვეკითხებოდი, რატომ არ მიშვებთ, ადვოკატს გამოვიძახებ-მეთქი, მაგრამ ხმაც კი არ გამცეს, შემსვეს თვითმფრინავში და უკან დამაბრუნეს. მერე სარფის საბაჟოს გავლით დავბრუნდი. გარდა ამისა, როგორც გავიგე, უზბეკეთში 35 წლამდე ასაკის ქალებს უკვე საერთოდ აღარ აძლევენ ვიზას უცხო ქვეყანაში გასამგზავრებლად.

თქვენ დიდ თანხას ასახელებთ. ამდენის გამომუშავებას რეალურად ახერხებენ გოგონები?

რა თქმა უნდა. ახალგაზრდა და ლამაზი გოგონები ზოგჯერ თვეში 5-6 ათას დოლარსაც გამოიმუშავებენ. ზოგიერთმა ბინები იყიდა უზბეკეთში. ბევრს კიდევ ოჯახი, შვილები ჰყავს სარჩენი... მე, პირადად, არ ვაპირებ უზბეკეთში დაბრუნებას. მე აქაური ხალხი მომწონს, ბუნება, თავისუფლება და დემოკრატია, აქ არ არის კორუფცია, არ იღებენ ქრთამს. ამ მხრივ ჩვენთან საშინელება ხდება. ვფიქრობ, რომელიმე სამშენებლო კომპანიაში ერთოთახიანი ბინა ვიყიდო და შვილიც ჩამოვიყვანო. გარდა ამისა, მაღაზიის გახსნასაც ვფიქრობ, ბოლოს სტამბულში რომ ვიყავი, ტანსაცმელი გამოვიყოლე და სამ დღეში გავყიდე უზბეკ გოგონებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ უზბეკეთში არ დავბრუნდე. მინდა შვილებიც წამოვიყვანო. გოგო უნივერსიტეტში სწავლობს. მას გერმანიაში უნდა სწავლის გაგრძელება. ბიჭი მერვე კლასში მყავს, აქაურ სკოლაში ვაპირებ ბავშვის მიყვანას. თუ მოვახერხე, სკოლაში ვგეგმავ მუშაობის დაწყებას.

რა არის ის, რასაც ბათუმში მყოფი უზბეკი ქალები ამ ეტაპზე ყველაზე დიდ რისკად განიხილავთ?

ყველა საუბრობს იმაზე, რომ ახალი წლიდან დეპორტაცია იქნება. ამიტომ ბევრი გოგო ფიქრობს, რომ იყიდოს ბინა ბათუმში. თუ ისინი უზბეკეთში დაბრუნდებიან, ეს მათთვის დასასრული იქნება. უზბეკეთის კანონმდებლობით, ადრე სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის 700 დოლარი იყო გადასახდელი. ახლა, როგორც მითხრეს, კანონი გამკაცრებულა და 3-5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბათუმში მყოფი გოგონების დიდ ნაწილს თურქეთში აქვს დეპორტაცია მიღებული, ამიტომ მათ უზბეკეთში ჩასვლის შემთხვევაში, აეროპორტშივე დააკავებენ.

თქვენ ამბობთ, რომ უზბეკები ვეღარ ჩამოდიან საქართველოში, თუმცა დისკოკლუბების რაოდენობა ბათუმში მაინც იზრდება...

ახლა აზერბაიჯანელი გოგოების საკმაოდ დიდი ნაკადი გამოჩნდა.

P.S. "გადავამოწმეთ და ეს ინფორმაცია არის ცილისწამება", - აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში, თითქოსდა გონიოს პოლიციაში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით. უფლებადამცველი ნანა ნაზაროვა კი, სამართლებრივი პრობლემების მქონე უზბეკეთის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს.