უფლისციხის

უფლისციხის "ჯეობარელ" დირექტორთან პრეტენზიები აქვთ

"ის, რაც ხდება უფლისციხეში, ამას ჰქვია "უფლის ცეხი" და რითაც კულტურის სამინისტროა დაკავებული, ამას კი ჰქვია..." - წერდა ამ სამი თვის წინ "ალია".

რატომ ასე მწარედ? საქმე ისაა, რომ უფლისციხეში, რომელიც კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში შედის, ვინმე გაქანებულ "ნაციონალ" ზურაბ სადაღაშვილს "ფულის საჭრელი საამქრო" ჰქონდა გახსნილი და ყველაფრისგან ფულს აკეთებდა. უფლისციხე ერთადერთი კულტურის ძეგლია, რომელსაც იმდენი შემოსავალი აქვს, თავსაც რომ ინახავს და მოგებაზეც რომ მუშაობს, მაგრამ ეს მოგება მთლიანად ზურაბ სადაღაშვილის ჯიბეში მიდიოდა და საერთოდაც, სოფელში მთლიანად მიჰყავდა "პარადი". გარდა იმისა, რომ სადაღაშვილს მთლიანად ოჯახი ჰყავდა დასაქმებული უფლისციხის (უფალმა მაპატიოს) ბიზნესში, ასევე, ყიდდა გაუფორმებელ ბილეთებს და იქაურობა მთლიანად იღლიაში ჰქონდა ამოდებული.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენი რესპონდენტი იმდენად ზუსტ ფაქტებს ასახელებდა, ჯერ გაზეთის საღებავიც კი არ იყო გამშრალი, რომ, გავიხედოთ და, ზურაბ სადაღაშვილი მოხსნეს. რის შემდეგაც თავი მოვალედ ჩავთვალეთ, კულტურის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური დირექტორისთვის წერილობით მიგვემართა, სადაც მადლობას ვუხდიდით მყისიერი რეაგირებისთვის და ვწერდით, რომ "აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა პირველ ნაბიჯს სამარცხვინო კოჰაბიტაციისა (თანაცხოვრების) და "ნაციონალური" კლანური მმართველობის გზაზე და შემდეგი ნაბიჯი, ჩვენი აზრით, იქნებოდა გამჭვირვალე მუშაობა ამ საკონკურსო კომისიისა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო უფლისციხის ნაკრძალის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა და ვთხოვდით სამინისტრო-სააგენტოს, რომ მათთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიგვეღო ამ კომისიის მუშაობის ყველა ეტაპზე.

ჯერ სამადლობელო სიტყვები დასრულებული არ გვქონდა, რომ სააგენტომ სასწრაფო წესით გვიპასუხა, ესაო ძაან კარგი კომისიააო და გაღიმებულები დაგვტოვა. საინტერესოა, ვინ ეუბნებოდა, რომ კომისია ცუდია? ჩვენ ჟურნალისტების ჩართვას ვითხოვდით მონიტორინგში, მეტს არაფერს!

ახლა ჩვენს საქმეს მივყვეთ: მოკლედ, ასევე სასწრაფო წესით, სადაღაშვილის ადგილას უცბად დროებით მმართველად დაინიშნა ყოფილი "ჯეობარელი" ვლას ვაწაძე, რომელსაც ჯერ თავისი კიკინით გადაურევია ქვახვრელელები და მერე იმით, რომ ფეხზე დაიკიდა ცალკე სამსახური და ცალკე ეკლესია და, ფაქტობრივად, სამსახურში არ დადის. როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, ვაწაძე სხვა ტურისტულ სააგენტოშიც ეწევა საქმიანობას.

ამ დროს ხდება ისე, რომ უფლისციხის მუზეუმიდან ერთადერთ ისტორიკოსს ათავისუფლებენ, ესაა ნუკრი მირუაშვილი, რომელიც 20 წელია უფლისციხის ეკლესიაში მუშაობს. მირუაშვილი წლების მანძილზე ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს საიტმენეჯერად. თქვენ ეს თანამდებობა საიტის ხელმძღვანელი გგონიათ, ხომ? აპრუწუწუნ! სააგენტოსებურად, საიტმენეჯერი თურმე ნიშნავს "შინაური ცხოველებისგან და აბეზარი ტურისტებისგან ძეგლის დაცვას". შინაური ცხოველებისგან დაცვა რას ნიშნავს? ძროხები უნდა გადადენოს ისტორიკოსმა კაცმა? და აბეზარი ტურისტი კი რას ნიშნავს? მოიცალა კაცმა, დაირქვა ტურისტი და დასეირნობს... ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ იწყება კონფლიქტი მირუაშვილსა და ვაწაძეს შორის. ვინც ხშირად დადის უფლისციხეში, მათ იციან, რომ უმეტეს შემთხვევაში ტურისტულ სააგენტოებს თავისი გიდები ჰყავთ, რომლებიც ხშირად არ არიან კვალიფიციურნი და ამიტომ, ასევე ხშირად, ტურისტები გამოცდილ ადილობრივ გიდებს დამოუკიდებლად ეკონტაქტებიან. მირუაშვილი აცხადებს, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობით, მას უცხო ადამიანებთან დაკონტაქტება სასტიკად ეკრძალება, დანაშაულად ეთვლება და პრობლემა ექმნება: მას დირექცია ფულის აღებაში ადანაშაულებს.

კონკრეტულად, ვაწაძე მოსვლის შემდეგ სულ მალე თათბირს იწვევს და მირუაშვილს პირდაპირ ბრალს სდებს, შენაო, მუზეუმის გვერდის ავლით ექსკურსიამძღოლობას ეწევიო. ამის გამო მირუაშვილი სამინისტროში დაიბარეს და გაამათრახეს. მირუაშვილის თქმით, ვაწაძის ნახვა უნდოდა, მაგრამ ვლას ვაწაძე იშვიათად ჩნდება ხოლმე სამსახურში. შეეცადა, სანატრელი უფროსი თბილისში ენახა და ვერც იქ მოიხელთა. მაგრამ აქ უნდა დასვათ ლოგიკური კითხვა: ვაწაძის არყოფნაში ვინ "ხაზეინობს"და ვინ მართავს უფლისციხეს? "თვალი ამიხელია, ჩიტი გამიფრენია" - ზურაბ სადაღაშვილი! ანუ ის კაცი, რომელიც სააგენტომ მხილების შემდეგ სასწრაფო წესით დაითხოვა სამსახურიდან!

ვუკავშირდებით ნუკრი მირუაშვილს:

- კი, მაგრამ სადაღაშვილი რატომღა უფროსობს მანდ, ხომ განთავისუფლებულია სამსახურიდან, რაღა უნდა?
- ვაწაძეს გვერდით უზის ხოლმე. სააგენტო რომ მოვიდა პირველად და ვაწაძე დაასახელეს, იმის მერე სულ ერთად არიან. ვლასი ამბობს, რომ ეს კაცი, სადაღაშვილი, შეუცვლელია და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთო.

- სადაღაშვილს რამე ოფიციალური სტატუსი აქვს დღესაც?
- არა, ოფიციალური არაფერი, მაგრამ ადმინისტრაციულ საქმეებში ვაწაძეს ეხმარება.

- ანუ, ისევ ეგ სადაღაშვილია მანდ საქმის განმკარგავი? თქვენ რატომ არ გაძლევენ გასაქანს ეგ და ვაწაძე?
- იმიტომ, რომ ვაწაძე რატომღაც მე მომიაზრებს კონკურენტად.

- მოგიაზრებთ კარგია, ვაწაძე არის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი და დამტკიცდა უკვე? კონკურსი გამოცხადდა მაგ ადგილზე?
- კონკურსი არა, მაგრამ რასაც ვხედავ, ვაწაძე დარჩა ადგილზე. საინტერესო ეგაა, რომ ჩემზე აქვთ გართულება და ჩემს ექსკურსიამძღოლობაზე. ტურისტს რომ დაველაპარაკო, თურმე დანაშაულია.

- ვაწაძე ასე თავის ჭკუაზე რომ დასეირნობს, სააგენტომ ეგ ამბავი თუ იცის?
- იციან, ალბათ, აბა, სხვა როგორ?

- სააგენტოში რომ იყავით, რა გითხრეს?
- ისტორიკოსი ვარ და ეს ჩემი ისტორიკოსობა მექცა წყევლად. ჯერჯერობით დამტოვეს ჩემს ადგილზე და ვაკეთებ საქმეს. მე ტურისტებს არ ვეკარები, მაგრამ რამეს რომ მკითხავენ მომსვლელები, ვპასუხობ და რა ვქნა?

- თქვენ ამბობთ, რომ მმართველის გასაკეთებელს ისევ სადაღაშვილი აკეთებს და სოფელი რას ამბობს, უნდათ ისევ სადაღაშვილი?
- სოფელი აღშფოთებულია.

სოფელზე გამახსენდა. ეტყობა, ისე გადააჭამა თავი ზურაბ სადაღაშვილმა იმ სოფელს, რომ მისმა ნათესავმა სოფლის გამგებელმა გიორგი სადაღაშვილმა თურმე ხმამაღლა იხუმრა: ეგ ვლასი ვაწაძე და ეგ ჩვენი ზურაბა პუტინი-მედვედევივით არიან, ხან ერთია უფროსი და ხან მეორეო. ამბობენ, რომ ვაწაძეს მეცნიერის ხარისხი აქვს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორია. მე, პირადად, გაოცებული ვარ, როდის ასწრებს ეს პიროვნება, მეცნიერებით დაკავდეს, რადგანაც, როგორც ამბობენ, ვლას ვაწაძე რომელიღაც ჯგუფში უკრავს ინსტრუმენტზე, "რა? სად? როდის?" ინტელექტუალების წარმომადგენელია და "კავეენშიკია". პლუს ამას, თავისი ბიზნესიც ჰქონია და მოსწრება არ უნდა ყველაფერს? ისე საღოლ...

ვუკავშირდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩეველს რობერტ მაღლაკელიძეს.

- ჯერ კონკურსი არც გამოცხადებულა და არც ჩატარებულა მმართველის ადგილზე. ვლას ვაწაძე არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ეს კონკურსი ტარდება თვის ბოლოს და დარწმუნებით გეუბნებით, რომ დირექტორი მხოლოდ ამ გზით გამოვლინდება და დავამატებ, რომ ნებისმიერ პიროვნებას ექნება საშუალება, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

- რამდენი აქვს ხელფასი ვლას ვაწაძეს?
- დაახლოებით 700 ლარი.

- ამ ფულს იღებს ჩემი ჯიბიდან და რატომ არ ასრულებს თავის მოვალეობას? ანდა, ეგ სად წერია, რომ ჩინოვნიკი დანიშნულია უფლისციხის ნაკრძალის მმართველად და ამ დროს მას აქვს თავისი ბიზნესი და არ ცხადდება სამსახურში?
- ღონისძიებები ტარდება უფლისციხეში, მაგალითად, ჩატარდა უფლისციხობა.

- მაგას არ გეკითხებით, სხვა კითხვა დავსვი.
- ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი, რომ ის სამსახურში არ დადიოდა. თქვენს ინფორმაციას გადავამოწმებ და პირადად შევამოწმებ და თუ ეს დადასტურდა, პასუხს მოვთხოვ მას ამის გამო.

- ეს ინფორმაცია აქამდე უნდა გცოდნოდათ, ჩემო ბატონო. მე თუ დავინტერესდი და გავიგე, არც თქვენ გაგიჭირდებოდათ...
- პირობას გაძლევთ, რომ დავინტერესდები და თუნდაც ერთი კვირა ვივლი ადგილზე, რომ ფაქტები ვნახო და მაგ პრობლემას მოვხსნით.

- ვაწაძეს გვერდში ჰყავს მოხსნილი კადრი. სადაღაშვილი ჯერ კიდევ განკარგავს საქმეებს და რა ხდება?
- დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით ეკიდებით ამ საქმეს, გპირდებით, რომ ყველაფერს გავარკვევთ და გაცნობებთ.

და კიდევ, სანამ საფინალო სასტვენის ხმა გაისმოდეს, 30 სექტემბერს 15 ჯგუფი მისდგომია უფლისციხეს, იქ კი წყალი არ იყო და ტუალეტები არ მუშაობდა. აღშფოთებულ ტურისტებს დირექტორის ნახვა მოუთხოვიათ, დირექტორი ვლას ვაწაძე კი გასული ყოფილა მომსახურების ადგილიდან.