საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეში სერბეთის სამი მოქალაქე - ჯგუფ „კანვასის“ წევრები ფიგურირებენ. სამივე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის. სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკვე დაკითხა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, დეტალები არ ხმაურდება. სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა.
სუს-ში მისული ჯგუფ „კანვასის“ ერთ-ერთი წევრის განცხადებით, საქართველოში იმიტომ არის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „კანვასთან“ არ თანამშრომლობენ და არაფერი იციან იმის შესახებ, რომ მათ სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერებას „კანვასი“ უმაღლებს.
„უნივერსიტეტში მოხალისე ვარ. იქ ჩვეულებრივი სტუდენტები დადიან. შეგიძლიათ ვებგვერდზე შეამოწმოთ, იქ კურსის შესახებ წერია. ოფიციალურად ვარ მოწვეული. „კანვასის“ საქართველოს ოფისისგან არა. ეს კურსი სხვადასხვა უნივერსიტეტში არსებობს. შეგიძლიათ ჩვენი სახელები შეამოწმოთ. ამ კურსს სხვა ადგილებშიც ვასწავლით. სხვადასხვა თემას ვასწავლი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი. სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის ექს-პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება.
„კანვასი“- ის საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, რომელიც 2003 წელს ორგანიზაცია „კმარას“ წევრი იყო, აცხადებს, რომ უკვირს, რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კანვასს“.
„სადაც ვმუშაობ, ერთი და იგივე საქმიანობას ვეწევი. ეს არის ცოდნის გავრცელება და ადგილობრივი აქტივისტების დახმარება. ადგილობრივ აქტივისტებს ვეხმარებით, სტრატეგიულად გაიაზრონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მიიღონ გააზრებული, გონივრული გადაწყვეტილებები - როგორ იმოქმედონ ავტორიტარული ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმების წინააღმდეგ. მიმუშავია როგორც კონსერვატორიის სტუდენტთან, ისე პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტთან“, - აღნიშნა გიორგი მელაძემ.
როგორც ირკვევა „კანვასი“ ორი წელია აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიასთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოქალაქეებისთვის ტარდება ტრენინგები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველოში USAID-ის დემოკრატიული განყოფილების ხელმძღვანელის, ლისა კოვაკის განცხადებით, ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა დახმარებოდნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ პოზიციები.
„USAID ამაყობს, რომ თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. CANVAS ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა დახმარებოდნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ პოზიციები. ვამაყობთ, რომ მსგავს პროექტებს ვახორციელებთ“, - აცხადებს ლისა კოვაკი.
ექსპერტი უსფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლის, სალექციო კურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით - „სამეცნიერო ტექნიკური დაზვერვის“ მიმართულებით მიჰყავს. მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია და მათ შორის ვიდეო-დოკუმენტალური სახით, რომ უმაღლეს სასწავლებლები წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.
„ასე რომ, უმაღლეს სასწავლებლებში შეიძლება როგორც უცხო ქვეყნის მოქლაქეები, ასევე თვითონ კუთვნილების ქვეყნის მოქალაქეები და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურების ინტერესების გამტარებელ პირებს. ესენი შეიძლება იყვნენ არა მარტო პროპაგანდისტები, არამედ ესენი შეიძლება იყვნენ უშუალოდ გადამბირებლები, რომლებიც გარკვეულ გადაბირების პროცესს შეიძლება ახორციელებდნენ როგორც სტუდენტების, ისე პროფესორ-მასწავლებლების და შესაძლებელია კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდეთ“, - აღნიშნა კუხალაშვილმა.
საქამეში, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ბევრი ინფორმაცია საჯარო არ იქნება მანამ, სანამ გარკვეულ კონდიციამდე არ მივა საქმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სუს-მა აქტიური ქმედებები განახორციელა, არ გამორიცხავს, რომ გაფართოვდეს პირთა წრე.
„ეს არის ზუსტად ის, რაზეც არაერთხელ ვსაუბრობდით - აგენტურულ-ოპერატიული და ტექნიკური ღონისძიებების ჩატარება, კონკრეტული პირების გამოსავლენად. ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს საქმე, ალბათ, გადაიზრდება სისხლის სამართლის დევნაში. რაც შეეხება თვითონ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელს და მის ბეგრაუნდს, თუ გავიხსენებთ 2003 წელს, ეს იყო ჰიბრიდულად რამდენიმე სახელმწიფოს სადაზვერვო აქტივობებით განხორციელებული ქმედება. ასევე, ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია, რომ ანალოგიური პროცესების ორგანიზებისთვის გამოყენებული იქნან ის პირები, რომლებსაც გააჩნიათ ხავერდოვანი რევოლუციების მოწყობის კარგი გამოცდილება, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ასეთი მზადების პროცესში არა მარტო ხავერდოვან ოპერაციაზე იყოს საუბარი, არამედ ეს შეიძლება იყოს სისხლიანი გადატრიალება და ამის მაგალითი ჩვენ ღია წყაროებში გვაქვს.
მათ შორის სულ რამდენიმე ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ისევ სუს-მა გააჟღერა, რომ ასეთი ჯგუფების და მათ შორის სტუდენტების სამხედრო წვრთნა მიმდინარეობდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრებთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს სახელმწიფო არის უცხო ქვეყნების ზეგავლენის ობიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს სახელმწიფოთა ერთობა, რომელთათვისაც მიუღებელია როგორც არსებული ხელისუფლება, ისე საქართველოში მიმდინარე პროცესები.
მათი სურვილია ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი ქვეყნების ინტერესების გამტარებელი და ზოგადად, როგორც მოვლენები აჩვენებს, ნებისმიერი რევოლუციური პროცესები, საბოლოო ჯამში, ემსახურება უცხო ქვეყნების სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას და უმეტეს შემთხვევაში, მთავრდება დაზვერვის ობიექტი სახელმწიფოს საზიანოთაც. ჩვენ ამის მაგალითი თვითონ გავხდით არაერთხელ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკითხი აქტუალურია. საზოგადოებას მეტი გონიერება და სერიოზულობა სჭირდება იმისათვის, რომ მოვლენები სწორად აღიქვას და შეაფასოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
საერთოდ ეს უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობსთან რამდენად შესაბამისობაშია და რატომ სარგებლობს განსაკუთრებული დაუწერელი პრივილეგიებით. ეს რომ, რომელიმე სხვა უნივერსიტეტში მომხდარიყო, უკვე აკრედიტაცია ექნებოდა შეჩერებული.