"როცა ჩვენ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოვედით და მხარი დავუჭირეთ სააკაშვილს, ეს იყო უდიდესი შეცდომა - ის შევარდნაძის დანაშაულების თანამოზიარე, თანამონაწილეა და ამიტომ, ბუნებრივია, ამ სისტემას ვერ შეცვლიდა და ახლა მოხდა იგივე, ქართველმა ხალხმა უბრალოდ დაივიწყა, ან არ სურდა გაეხსენებინა, რომ 9 წლის მანძილზე როდესაც სააკაშვილმა ჩაიდინა ყველა ის დანაშაული, მას გვერდზე ედგა ბიძინა ივანიშვილი. დაწყებული 7 ნოემბრის დარბევით და გაგრძელებული 2008 წლის იანვრის არჩევნების გაყალბებით. ამ ყველაფერში მისი მთავარი დამხმარე, მრჩეველი და დამფინანსებელი იყო ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ არის, ის, რაც ახლა ხდება ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას სჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალა, ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება კორუმპირებული, რომელშიც არ იქნებიან შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის კორუმპირებული მინისტრები და მათი ელიტა და რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებებისგან ნებისმიერი სხვა მთვარობებისა თუ სპეცსამსახურების წინაშე", - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: საქართველოში პოლიტიკური მღელვარება გარდაუვალია" / რატომ ამბობს ივანიშვილი დამნაშავეების დასჯაზე უარს.
"სამართლიანობის აღდგენა არ ვიცი როგორ ესმის "ქართული ოცნების" კორუმპირებულ ელიტას, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს სამართალი, არსებობს მარტივი პრინციპი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და უდანაშაულო არ უნდა დაისაჯოს. ივანიშვილის მთელი გამოსვლა ექსპერტებთან იყო იმის ახსნა, თუ რატომ არ უნდა არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე და რატომ უნდა დარჩნენ დასჯილი უდანაშაულოები. ეს სამართლიანობა არ არის, ეს არის კოზა-ნოსტრას წესები, რომელსაც ქართველი საზოგადოება, იმედი მაქვს, არ მიიღებს", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას და შეკითხვას - "უკვე ისეთი აღრევა მოხდა, რომ ძნელი გასარკვევია, ვინ ოცნების წარმომადგენელია, ვინ ყოფილი ნაციონალი და ვინ ახლანდელი... ახლა საუბარია, რომ შესაძლოა გიგი უგულავაც "ქართულ ოცნებას" შეუერთდესო..." - პასუხობს:
"არც ერთი იყო ნაციონალური მოძრაობა და არც მეორე ქართული ოცნება - ორივენი მოქალაქეთა კავშირის ღვიძლი შვილები არიან! ეს ერთი ელიტაა. ეს არის 90-იანი წლების ელიტა, რომლებმაც საქართველოს სიმდიდრეები ჩაიგდეს ხელში მხედრიონის და აი, იმ უბედურების დროს, ძარცვა-გლეჯის შედეგად. მერე ზოგი ერთ პარტიაში შევიდა და ზოგიც მეორეში, მაგრამ არსებითად, ეს არის ერთი კორუმპირებული ელიტა. აქ თქვენ ვერ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც თავისი განათლებით, პატრიოტიზმით, ნიჭით, სამშობლოსადმი სიყვარულით არიან ამ საქმეში მოსული - ყველა მოსულია იმ მიზნით, როგორ წაართვან სახელმწიფოს ქონება და შემდეგ როგორ მოახდინონ ამ ყველაფრის ლეგალიზაცია. აი, ეს არის მათი მოტივი".
"მე ბოლო პერიოდში ვხვდები ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურად არიან განწყობილნი ივანიშვილის მიმართ იმის გამო, რომ შეპირებული კრედიტები არის სუფთა წლის ფიქცია და ვერანაირი კრედიტებით ქართველი მეწარმეები ვერ სარგებლობენ. იგივე შემიძლია გითხრათ საზოგადოების ღარიბი ფენების შესახებ, საშუალო ფენების შესახებ, რომლების ტარიფების კლებას ელოდნენ. ასევე იცით, საწვავიც დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს, ისედაც ბევრი არ დაუკლია, 5 თეთრით გააიაფეს ზრდილობის გულისთვის. ანუ რომელიმე სფერო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რამე არსებითი პროგრესია, ალბათ ძალიან გაჭირდება ასეთი სფეროს დასახელება. საერთოდ ვერც ერთ შეკითხვაზე ჩვენ ამ ხელისუფლებისგან პასუხს ვერ ვიღებთ, მათ შეეყარათ ის სენი, რომელიც შეეყარა თავის დროზე სააკაშვილს - გახსოვთ, როდესაც მისი 22-23 წლის მინისტრები გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი ყველაზე უკეთესად ვიცით და საზოგადოების აზრი არც გვაინტერესებსო. იგივე ვითარებაა დღესაც - ოცნების ლიდერები იძახიან, ჩვენ ყველაფერი ვიცით და თქვენი აზრი არ გვაინტერესებსო", - დასძენს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი
"მაგალითად, ვერაფრით გავიგე, რატომ არ უბრუნებენ ჩამორთმეულ ქონებას კანონიერ მესაკუთრეებს, რა არგუმენტები არსებობს ამისთვის? მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე. ასევე ვერ მივიღე არგუმენტი იმაზე, თუ რატომ არ ხდება საერთაშორისო ტრიბუნალიდან რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი პრინციპში სამსახურში არ დადის და საკუთარ სახლში ხვდება ექსპერტებსაც, დიპლომატებსაც, უმრავლესობის წევრებსაც. რეალურად ქვეყანას მთავრობა არა ჰყავს გახსოვთ, რომ ზაფხულში მთელი სამი თვე ურეკში ცხოვრობდა პრემიერი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კრიზისში მყოფი ქვეყნის მეთაური სამ თვეს ისვენებდეს ურეკში. მე არ ვიცი, ეს რა დონის უპასუხისმგებლობაა", - მიიჩნევს კახა კუკავა.