„ანტიქართული საქციელია ასეთი მოწოდება, რადგან შემდეგ  აფხაზებს უჩნდებათ ისეთი გეგმები, რომელიც ძალიან დიდი ვნების მომტანი იქნება საქართველოსთვის“

„ანტიქართული საქციელია ასეთი მოწოდება, რადგან შემდეგ  აფხაზებს უჩნდებათ ისეთი გეგმები, რომელიც ძალიან დიდი ვნების მომტანი იქნება საქართველოსთვის“

„მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან. ნახეთ, რუსეთის მოკავშირეობა რა დაუჯდა სომხეთს?“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ძალით დაბრუნებისკენ მიგვანიშნებს.

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნებამ, ანუ ჩვენს რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირველმა პრეცედენტმა სანიკიძეს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა და მეორე ფრონტის გამოცხადება მოითხოვა ისე, რომ დაავიწყდა, ამ ბრძოლაში აზერბაიჯანი მარტო არ ყოფილა. თურქეთის, კონკრეტულად კი, ერდოღანის ჩართულობამ გააუვნებელყოფა რუსეთი და სომხების დაცვის სურვილი ჩაუკლა.

ამ განცხადების შემდეგ გუბაზ სანიკიძის გუნდის წევრები თავის მართლებას შეუდგნენ და ამტკიცებდნენ, რომ სანიკიძის განცხადების გზავნილი ტერიტორიების ძალით დაბრუნება არ ყოფილა და, საჭიროების შემთხვევაში, გუბაზი დააკონკრეტებდა, რას გულისხმობდა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მეორე ფრონტის გახსნის იდეა არსებობს და ამ თემით თავს აწონებენ გლობალური ომის პარტიის შინაურ და გარეულ ადამიანებს. გია ვოლსკის თქმით, ეს არის იდეა, რომლის ტრენდიც შეიქმნა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ჩვენ თავს ვირცხვენთ და ჯობია, ბომბები გვეცემოდეს თავში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ, რაც მხოლოდ საქართველოსადმი მტრული ძალების ინტერესშია.

„გირჩი“ სანიკიძის პოზიციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ, მართალია, გუბაზ სანიკიძე თავს ისე აიდენტიფიცირებს, თითქოს სააკაშვილის გამხმოვანებელია, მაგრამ დაკარგული ტერიტორიები ქვეყანამ მშვიდობიანად უნდა დაიბრუნოს.

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინელების სტრატეგიული წარმატების ფონზე აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის მომზადება მოგვიწევს ქართველებს, განსხვავებით, ალიევისგან, რომლის პოლიტიკური ამოცანაც თავიდანვე იყო სომხებისგან „გაწმენდილი“ ყარაბაღის დაბრუნება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას კატეგორიულად გამორიცხავს მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ფორმით მსჯელობა დაუშვებელია.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, გუბაზ სანიკიძე არ წარმოადგენს მთლიან „ნაცმოძრაობას“, გუბაზი არის „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი და, როგორც ერთი დეპუტატის განცხადება არ ნიშნავს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ისე გუბაზის ნათქვამი მხოლოდ მისი ნათქვამია და მორჩა.

„აფხაზებთან დიალოგი სხვაა და ომი სულ სხვაა. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ძალით შეჭრა კატასტროფა იქნება საქართველოსთვის, ჩვენთვის დაიკეტება ყოველგვარი ევროპა. აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, საქართველოს რა აქვს? ჩვენ გვაქვს დემოკრატია, სხვა არაფერი. ჩვენ ჩაგვეკეტება კარი ყველგან, შეჩერდება არაღიარების პოლიტიკა, ეს იქნება სრული უგუნურება, წინდაუხედაობა, ანტისახელმწიფოებრიობა. რუსეთის რეაქცია ამაზე ძალიან მკაცრი იქნება, შესაძლოა, რუსეთის ჯარები საკმარისი არ არის უკრაინაში, მაგრამ აფხაზური და ოსური საზოგადოების დასაცავად მზად იქნება რუსეთი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე შეფასებით, სომხების დაცვა რუსეთმა ვერ გაბედა, რადგან თურქეთის, ერდოღანის შეეშინდა. ჩვენ კი არ ვმეგობრობთ თურქეთთან იმ დონეზე, როგორც საჭიროა. არადა, საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გარანტი ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთია. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველებმა კეთილი უნდა ვინებოთ და თურქეთთან იმავე ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რასაც ხელი მოაწერა აზერბაიჯანმა. არა იმიტომ, რომ ჯარები შევიყვანოთ აფხაზეთში, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი გავაჩეროთ. ერთი ხელით უნდა ვითანამშრომლოთ თურქეთთან და მისი ჩართულობით რუსეთს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, მეორე ხელით ვიმუშაოთ ევროკავშირთან, რომ მშვიდობიანი გზებით მოვაგვაროთ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის დასაბრუნებლად მეორე ფრონტის გახსნის იდეა ამა თუ იმ სახით ტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში. ეს კი არა, ლოზუნგსაც მიაკრავენ ხოლმე, „ომით დაკარგულს უომრად ვერ დავიბრუნებთ“. სინამდვილეში, ისტორიული პრეცედენტი სხვა რამეს გვასწავლის, გერმანიამ უომრად დაიბრუნა თავისი ტერიტორიის ნაწილი, რადგან საერთაშორისო პირობების შეცვლამ ხელი შეუწყო გერმანიის ტერიტორიის აღდგენას. ანალოგიურად, თუკი საერთაშორისო პირობები შეიცვლება, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც.

„თავის დროზე საერთაშორისო პირობებმა, კერძოდ, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ რუსეთის, სომხეთის, ჩრდილო კავკასიის აგრესიულმა ძალებმა აფხაზეთის ომის დროს საქართველოს შეუტიეს და ხელი შეუწყეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას. თუკი იმ პერიოდში ტერიტორიების დაკარგვა იყო გარე ძალისხმევის შედეგი, რატომ არ შეიძლება დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახდეს საერთაშორისო ძალისხმევის შედეგი?! გარდა ამისა, აფხაზეთთან ურთიერთობაში დიდი როლი ითამაშა აფხაზების დამოკიდებულებამ ქართველების მიმართ. აფხაზეთის კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე აფხაზეთში ქართული ესმოდათ, ოღონდ თვითონ არ ლაპარაკობდნენ, ერჩივნათ, რუსულად ელაპარაკათ. ამან მოიტანა შემდეგ, რომ აფხაზებმა გადაწყვიტეს, რუსული ჯარისთვის კარი გაეხსნათ“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ ამ ისტორიას უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ ადამიანები არ უნდა გადაიმტერო, თორემ თუკი გადაიმტერებ, მერე მტრად მყოფი ადამიანი ეცდება, გადაგიხადოს სამაგიერო.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, ცალკეული ძალები დღესაც იძახიან, არიქა, შევუტიოთ აფხაზებს, ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზი ისევ დაფრთხება ქართველის მიმართ და ისევ ეცდება მფარველი ან რუსეთში, ან თურქეთში მონახოს, სადაც ცხოვრობენ მუჰაჯირების შთამომავლები. ამიტომ რამაზ საყვარელიძეს გამართლებულად არ მიაჩნია ეს ყიჟინა, რომ უნდა დავჩაგროთ აფხაზები.

„ამ შეძახილის ავტორებმა მანამდე უნდა გაიაზრონ, რა შეუძლია მეორე მხარეს. კი ბატონო, ცოტანი არიან აფხაზები, მაგრამ მათ ადრე მოახერხეს ისეთი ხალხის შეკრება თავის გარშემო, რომლებიც საქართველოს დამარცხებით დაინტერესებულები იყვნენ. ახლაც შეიძლება ეს სურათი განმეორდეს. მე მგონი, ანტიქართული საქციელია ახლა ასეთი მოწოდება. ამ მოწოდებებს აფხაზებიც კითხულობენ და შემდეგ უჩნდებათ ისეთი აზრები და გეგმები, რომელიც ძალიან დიდი ვნების მომტანი იქნება საქართველოსთვის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

რომანი აფხაზეთის კონფლიქტის დროინდელი პრესიდან ჩამრჩა მეხსიერებაში ციტატა სტატიიდან - ერთი სტადიონი ხალხია აფხაზებიო. სხვაგვარად, ცოტანი არიან და ერთ ლუკმად არ გვეყოფაო. ეს ღირსებისგან სრულიად დაცლილი მიდგომა, ერთის მხრივ, ბრმა, ბრიყვული და წინდაუხედავი და, მეორეს მხრივ, იმ უბედურების წინაპირობის შემქმნელი და განმსაზღვრავი, რომელიც შემდგომ განვითარდა აფხაზეთში, პოპულარული იყო მაშინ. ვერ დაინახეს იმ ერთი სტადიონის უკან ვინ და რა რაოდენობის ძალა იდგა. ხომ წაიკითხეთ რამოდენიმე დღის წინ ყაბარდოელი მონაწილის მონაყოლი თუ ვინ აიღო სოხუმის ბოლო ციტადელი და ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, რომელიც, მე პირადად, შევარდნაძის ჩამნაცვლებლად მეგულებოდა იმ იმედით, რომ ქვეყნის ახალ ეპოქაში გადასვლა ლოგიკურად, ნაკლები დანაკარგებით და კატაკლიზმების გარეშე მოხდებოდა. ჟვანია, ქვეყნისთვის, მორალური კატასტროფა იყო ყველა თანმდევი შედეგებით.
ახლაც იგივეს ვისმენთ, მართალია ღირსებააყრილ, მაგრამ პოლიტიკური ველის ჯერ კიდევ აქტიური მონაწილისგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალ რეალიებია, გადატანილი გვაქვს და გადაგვაქვს წინა კონფლიქტების დამანგრეველი შედეგები, არსებობს სხვა მრავალი საშიშროება. ყველამ ვიცით რა ეწოდება ამ საქციელს.
1 წლის უკან
ლაზი რას გენიოსობს ეს ზაქარეიშვილი. რა თურქეთთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე საუბრობს. აზერბაიჯანს ედრება?
ჩვენ რომ რუსებისაგან, თურქების მიერ, დაცვა დაგვჭირდეს და დაგვიცვას, ჩათვალეთ რომ იმ წუთიდან თურქეთის ვასალად ვიქცევით. ისეც დაპყრობილი აქვთ უკვე ბათუმი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სცენარისაგან, თორემ რუსეთი სანატრელი გაგვიხდება და მაშინ ნაღდად აგვიხდება ჟირინოვსკის წინასწარმეტყველება.
1 წლის უკან