"ადეიშვილი სულ რამდენიმე თვეში გაირყვნა: "აუ, ბიჭო, ეს "ვლასტი" რა კაიფი ყოფილა!" - მისი ეს ფრაზა არასოდეს დამავიწყდება!

"სააკაშვილმა თავისი გამოსვლით მაქსიმალურად გააღიზიანა რუსეთის მთავრობა, ეს კავკასიას კარგს არაფერს მოუტანს. ამაყად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველომ ცნო ჩერქეზ ხალხთა გენოციდი. შეგახსენებთ, ეს არ გაუკეთებია არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს და არც სხვებს. ამით კიდევ უფრო გააღიზიანა რუსეთი. რაც შეეხება იმას, რომ სომხეთი იძულებული იყო ხელი მოეწერა საბაჟო კავშირისთვის რუსეთთან, ეს იყო სიმართლე, მაგრამ მხოლოდ აღიზიანებს რუსეთს და აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას. სააკაშვილის გაეროში გამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანის მეჯლისის წევრებმა შეაფასეს მისი გამოსვლა, როგორც პროვოკაცია, როცა მოუწოდებდა აზერბაიჯანელ პარლამენტარებს ერთად ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ", - აცხადებს ექსპერტი, კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "აუ, ბიჭო ეს "ვლასტი" რა კაიფი ყოფილა!" ანუ რატომ შეაქო ივანიშვილმა ადეიშვილი.

"მთავარს ახლა გეტყვით - ყველა იზიარებს ლინკოლნ მიტჩელისა და სხვა დასავლელი ექსპერტების აზრს, რომ სააკაშვილი სიტყვითა და საქმით ემსახურება პუტინის რეჟიმს, რომ რუსულ საქმეს კავკასიაში სწორედ სააკაშვილი აკეთებს თავისი ხელით და არავინ ტყუვდება იმით, რომ სააკაშვილი ზოგჯერ ასე ლანძღავს რუსეთის მთავრობას, პირადად პუტინს და ამხელს მას იმპერიულ ამბიციებში. ასე რომ, სააკაშვილმა თავისი გამოსვლით კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი ჩვენს ქვეყანას და კავკასიელ ხალხებსაც. მისი გამოსვლების რიგი პასაჟები იყო სრული სიმართლე და ზუსტი განმეორება იმისა, რასაც დიდი ხანია ამბობენ და წერენ იგივე დასავლეთში ცნობილი ექსპერტები, პოლიტოლოგები. ამერიკის ცნობილმა პოლიტოლოგმა დაგბენ დოუმ, წლების წინათ სააკაშვილს მისი გამოსვლების გამო "იდიოტი ბავშვი" შეარქვა და ამ იდიოტმა ბავშვმა გაეროს ტრიბუნიდან სიმართლესთან ერთად ტყუილებიც ბევრი ილაპარაკა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

"მაგალითად ის, თუ როგორ იბრძოდა მისი ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის, თურმე როგორ ქმნიდა თანამედროვე ქვეყანას, ეს მაშინ, როცა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მაიკიანომ ჯერ კიდევ შარშან იანვარში თბილისში ყოფნის დროს წარმოადგინა მისი ანგარიში საქართველოზე, სადაც ეწერა ციხეებში წამების შესახებ და ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ადამიანები მზად არიან, დაიბრალონ ნებისმიერი აბსურდული ბრალდება, თუნდაც სამშობლოს ღალატი, ხელი მოაწერონ საპროცესო გარიგებას და მთელი თავისი ქონება თუ ბიზნესი, ყველაფერი დათმონ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ ციხეს, სადაც არის სასტიკი მოპყრობა და მათ იციან, რომ წამება არ ასცდებათ. ეს იცის ყველამ გაეროში, ასევე ევროსაბჭოში წლების მანძილზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ჰამარბერგმა, რომელიც ეხმარება ჩვენს მთავრობას. აბა, ნახეთ ჰამარბერგის ანგარიშები სააკაშვილის მმართველობაზე, წამებაზე, სასტიკ მოპყრობასა და ათას უბედურებაზე - ასეთ ანგარიშებს დასავლეთში ყურადღებით ეცნობიან. ასე რომ სააკაშვილის გამოსვლის ეს ნაწილი იყო სრული მარაზმი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დიახ, მან შეცდომებზეც ისაუბრა, მაგრამ ასობით მილიონი დოლარი რომ მიისაკუთრა ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად და დანაშაულებრივად დახარჯა მან და მისმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფული, ეს არის ის, რაც მან გაეროში ილაპარაკა ქვეყნის აღმშენებლობაზე? დაცვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყიდულობდა ეს დამნაშავე სამკაულებს ფავორიტი ქალებისთვის, გაიკეთა ბოტოქსი, ორივე ვაჟიშვილს დაუფარა ძვირადღირებული სწავლა კერძო სკოლებში. კანონით მას მრავალწლიანი ციხე ეკუთვნის ბიუჯეტის ასეთი ფლანგვისთვის. ეს ადამიანი გაეროში კარგი კაცივით ლაპარაკობდა რეფორმებსა და ქვეყნის აღმშენებლობაზე - კი მაგრამ, ამდენ სისხლის სამართლის დანაშაულს რომ ჩაიდენ, ჯამში უვადობა პატიმრობა რომ არ უნდა აგცდეს, ბოდიში შველის ამ საქმეს? აეროპორტში დახვედრა იყო საცოდაობა - სააკაშვილის ოპერატორებმაც კი ვერ შეძლეს ხალხის მასების დიდი ოდენობით წარმოჩენა. საცოდაობა იყო დამხვედრ ადამიანთა წამოძახილები. სააკაშვილის მმართველობის დროს შეიქმნა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ვინც იხეირა, გამდიდრდა და ჯამში ეს არის მოსახლეობის დაახლოებით 10%. არ გამიკვირდება, დავით ბაქრაძემ ხმათა 10%- მიიღოს მოსახლეობის ამ ფენისგან", - ამბობს პეტრე მამრაძე.

"სინამდვილეში კრემლის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან მთლიანად მანიპულირებულმა სააკაშვილმა, განახორციელა რა 2008 წელს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, ლანგარზე მიართვა პუტინს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საშუალება, ბოლოს კი, როცა სარკოზი ჩამოვიდა, ბონუსის სახთ აჩუქა ეს პუტინს, როცა ამოუშალა მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაში ის პუნქტი, რომელიც იცავდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს იმისგან, რომ რუსებს ეცნოთ მათი დამოუკიდებლობა. ეს მან თავის ხელით გააკეთა - სწორედ ამის შემდეგ ცნო მათი დამოუკიდებლობა რუსეთმა..." - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "პოლიტიკური კარტები იმდენად აიჭრა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, ვინ რა გზით "უბერავს", აი თუნდაც პრემიერის ნათქვამი ადეიშვილზე კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩება" - პასუხობს:

"ივანიშვილი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს. დავადასტურებ, რომ ადეიშვილი საწყის ეტაპზე სულაც არ იყო კორუმპირებული, იყო შესანიშნავი ორგანიზატორი. იმასაც დავადასტურებ, რომ ეკონომიკაშიც ძალიან კარგად გაერკვა - იმდენად კარგად, რომ სავალუტო ფოდის მაშინდელი წარმომადგენელი მეუბნებოდა - ველაპარაკე ქვეყნის ეკონომოკურ პრობლემებზე და მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის სამინისტრო ჩაიბაროსო. როცა მინისტრად დანიშნეს პირველ თვეებში ადეიშვილი ვიწრო წრეებში ღიად ლაპარაკობდა - მე აქ რა მინდოდა, უარი ვერ ვთქვი, მიშამ დამავალა, იურისტი ვარ, შევქმნიდი საკონსულტაციო ფირმას, ბევრ საქმესაც გავაკეთებდი და ფულიც მექნებოდაო. ჟვანია ეძახდა, ჩემი მიკი-მაუსია, საღამოს რასაც გინდა დაავალებ და დილით დაწერილს მოგიტანსო. ამ სიტყვებიდან სულ რამდენიმე თვეში, იგივე ვიწრო წრეში ადეიშვილი აცხადებს - "აუ, ბიჭო, ეს "ვლასტი" რა კაიფი ყოფილა!" - მისი ეს ფრაზა არასოდეს დამავიწყდება, სულ რამდენიმე თვეში გაირყვნა. შემდეგ მას ჩააბარეს ეკონომიკური ბლოკის მართვის დიდი ნაწილი. მე ვარ მოწმე, უგულავას წარმომადგენელი კვირაში ერთხელ დადიოდა ადეიშვილთან და დაწვრილებით აბარებდა ანგარიშს მერიის ფინანსურ საქმიანობაზე. ადეიშვილი აძლევდა უგულავას დავალებებს, თავად ხელს არაფერზე აწერდა და როცა მოუნდებოდა, აამუშავებდა ამ საქმეს უგულავას წინააღმდეფგ. ფაქტობრივად, ხელისუფლების ჩინოვნიკებს ადეიშვილი "ავერბოვკებდა" და მათზე კომპრომატებს ქმნიდა. როცა ივანიშვილი ადეიშვილზე ლაპარაკობს, ის საუბრობს მასზე არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ ის ლაპარაკობს ადეიშვილზე სიმართლეს. ხალხს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ადეიშვილი აქო - სინამდვილეში მან ახსნა, როგორ აფუჭებს სისტემა ადამიანებს", - განმარტავს პეტრე მამრაძე.