ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობა და ნებართვა უნდა, ეს სიახლე არ არის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთთან არავითარი, რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება, მით უმეტეს, მთავრობის სახელით, არ გამართულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, როდესაც დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ და სავიზო რეჟიმი გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ მაისში, როდესაც ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ვლდიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. რატომ დასჭირდა 3 თვის შემდეგ რუს დიპლომატს საპირისპირო განცხადების გაკეთება, ოფიციალური თბილისისთვის უცნობია.
მთავრობის მეთაური არ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მით უმეტეს, მსგავსი მოლაპარაკება მთავრობის სახელით არ გამართულა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ღარიბაშვილი პასუხობს:
„დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის.
კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, ლავროვი აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო.
რუსი დიპლომატის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ ლავროვის განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.
სარჯველაძემ დეკანოიძეს გამოსვლა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ განსახილველ საკითხთან მიმართებით მისი კითხვა უადგილოა, რაზეც დეკანოიძემ უპასუხა: „კითხვა იმიტომ შემაწყვეტინა, რომ ლავროვის განცხადება არ მოეწონა“. დეკანოიძის ამ რეპლიკას უპასუხა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ 80-ვე დეპუტატი დაიგინება, რომ ოპოზიცია აკეთებდა რუსულ საქმეს.
პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ ე.წ. ოპოზიცია ეძებს პროცესების არანორმალიზაციას. როდესაც კოლექტიურ საგიჟეთში როგორადაც ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტი, განუწყვეტლივ დღის წესრიგში არის ასეთი თემები, რომლის ლოგიკური გამოვლინებები არ არსებობს.
„რას ამბობს ოპოზიცია - არანაირი ურთიერთობა რუსეთთან არ უნდა გვქონდეს, უნდა შევუერთდეთ სანქციებს, უნდა გაგვეგზავნა მოხალისეები უკრაინაში და რცხვენიათ იმისა, რომ უკრაინაში გმირულად იბრძვიან და საქართველოც ასე რომ არ იბრძვის და ა.შ. აქედან გამომდინარე, ისინი ამბობენ, რომ ვინც ამას არ აკეთებს, არის სამშობლოს და ამ შემთხვევევაში არა საქართველოს, არამედ ამერიკის და უკრაინის მოღალატე.
ამათ სამშობლო არ აქვთ! დღე და ღამე გინებაში ხდებათ სული, სადაც ასწრებენ იქ აგიენებენ საკუთარ ქვეყანას. ამათი პატრიოტიზმი პირდაპირპროპორციულია გრანტების რაოდენობისა და მიმართულია გრანტის გამცემისკენ, რომელიც ეგულებთან დასავლეთში. აი, ამათ რომ შეხედავს ადამიანი, როგორ შეიძლება იფიქრო იმაზე, რომ რამე სიკეთის მომტანი არიან?!“, - აცხადებს მანჯავიძე.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის საკუთარი ქვეყნის მოძულე ხალხი, რომელიც მთელი სიცოცხლე ფინანსდება იმისთვის, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა. ამ დანგრევის უნივერსალური საშუალება გამოუჩნდათ - ჩვენი ნებით და შინაგანი რწმენით წავიდეთ ესკალაციაზე რუსეთის ფედერაციასთან.
„ესენი ქმნიან განუწყვეტლივ დღის წესრიგს და, როგორც წესი, ლავროვის განცხადებები მაშინ ხდება ხოლმე ესენი რომ მინავლდებიან და რევოლუციური ჟინი აღარ აქვთ ხოლმე. აი, ზუსტად მაშინ გამოვარდება ლავროვის უწყება. სულ ასე იყო. სააკაშვილის რეჟიმს რომ გაუჭირდებოდა და პროცესი გადავიდოდა მძიმე სტადიაში, მაგ დროს გამოვიდოდა ხოლმე ლავროვი და აკეთებდა სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებას, რაც აძლევდა სააკაშვილს იმის ლეგიტიმაციას, ეთქვა, რომ აი, მე მიპირისპირდება რუსეთი, ეს ცნობილი კანონზომიერებაა და ახლაც ეს გააკეთა ლავროვმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, მისთვის უცნობია ლავროვის როლი პოზიტიურია, თუ ნეგატიურია, რადგან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისა და განვითარების საქმეში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
„როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ გააჟღერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, მეორე დღეს, ლავროვი გამოვიდა და თქვა, რომ პანკისი ხეობაში ტერორისტები დავინახე მე პირადადო. დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა ახლაც. ამიტომ, ლავროვის მოტივაცია რთული შესაფსებელია და გეთანხმებით, ხშირად კრიზისულ მომენტებში გამოდიოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა ეს არც არის გასაკვირი.
ქალბატონი ელენე ხოშტარია მგიმოს კურსდამთავრებულია, ფულად ჯამაგირს იღებს რუსეთის მხრიდან ჰონორარის სახით და არა მარტო ის. იგივე გრიგოლ ვაშაძე და საერთოდ, გერეუს პოლკოვნიკი თავის წიგნში წერდა, რომ დიდი თეატრის ბალერინები ჩვენი აგენტურა იყოო. ის, ფაქტი, რომ აღდგა ფრენები და უვიზი რეჟიმი გაუქმდა, რომელიც 2001 წელს შემოიღო რუსეთმა ქართველების წინააღმდეგ, ეს დადებითია. ეს რიგით ქართველს წაადგება და ფაქტია ისიც, რომ რუსული ბაზარი შეუცვლელია ქართველი ფერმერისთვის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.