ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი მესამედ დაბრუნდება პოლიტიკაში. ამის თქმის საფუძველს ოპოზიციონრებს აძლევს ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ მიძინებული ორგანიზაცია „მოქალაქე“ გააცოცხლა და საჯარო რეესტრმაც ივანიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კერძოდ, 2014 წელს დაფუძნებულ „მოქალაქეს“ ბიძინა ივანიშვილმა წესდება შეუცვალა, ამიერიდან ივანიშვილის ორგანიზაციას შესაძლებლობა ეძლევა, ფული მიიღოს უცხოეთიდან. ორგანიზაციისათვის ფულის მიცემა შეეძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან უცხოურ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, ახალი წესდებით, „მოქალაქე“ გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო წრეებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან. ივანიშვილის ორგანიზაცია იზრუნებს, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და გამოიყენოს უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცოდნა.
„მოქალაქის“ წესდების შეცვლამ ოპოზიცია დააფიქრა, ხომ არ ცდილობს ჩრდილში მყოფი ივანიშვილი მთავრობაზე მის გავლენას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნას და მესამე ვადით საჯარო სივრცეში დაბრუნდეს?!
პერიოდულად, როგორც კი ხმიანდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ ბრუნდება, ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს პროვოკაციულად შემოგდებული, რადგან არც ერთ შემთხვევაში მესამედ დაბრუნების ვარაუდი არ გამართლდა.
იმ პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილმა მეორედ დატოვა პოლიტიკა და განაცხადა, რომ უკან დაბრუნებას არ აპირებდა, ანალიტიკოსები ეჭვობდნენ, რომ ბიძინა გამოჩნდებოდა მაშინ, როცა მის პარტიას გაუჭირდებოდა და, ამ თვალსაზრისით, ივანიშვილი ქართული ზღაპრის - „წიქარას“ მთავარი გმირის საქციელს გაიმეორებდა. ცალკეული ექსპერტები იმთავითვე ირწმუნებოდნენ, რომ პოლიტიკაში მესამედ მობრუნება ბიძინასთვის უკვე კომიკური იქნებოდა.
ყველაზე კომიკური ის იყო, რომ წლების წინ პოლიტიკიდან მეორედ წასულ ივანიშვილს ოპოზიციონრები „გაეტირნენ“. გიგი უგულავა იხსენებდა, რომ იმ პერიოდში ოპოზიცია იმით იყო დაკავებული, ბიძინასთვის თავი მოეწონებინა, რათა ივანიშვილს მათში დაებანდებინა ფული.
რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი უკვე მესამედ პოლიტიკაში, იმ პოლიტიკაში, რომლისკენაც გახედვაც მისთვის კომფორტის ზონა არასდროს ყოფილა?!
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ინტერესდება, ბიძინა ივანიშვილი როგორ დაბრუნდება პოლიტიკაში, როცა მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით?! კერძოდ, არ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და, საერთოდ, ხმა არ ამოიღო.
„ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მაინც გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში. შესაძლოა, ისე გაუჭირდეს „ქართულ ოცნებას“, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საჭიროც გახდეს, თუკი არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ პრობლემები შეექმნება, მაგრამ საჯაროდ გამოჩენილ ბიძინას ყველა მოჰკითხავს, სად იყავი შოვის ტრაგედიის დროს? ბიძინას პოლიტიკაში ყოფნა საერთოდ არ აინტერესებს. ვფიქრობ, შეგნებულად არ მიუსამძიმრა შოვის ტრაგედიის მსხვერპლებს, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და ქართული პოლიტიკა. ეს იყო ნაბიჯი, რომ დამანებეთ თავი, მე არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკა, არც თქვენი ტრაგედია მაინტერესებს, არც თქვენი ბედნიერება. ამიტომაც გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ისე გამოდის, თითქოს ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს (და ასეთები ბევრია საქართველოში), ყველა აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. სინამდვილეში, ასე არაა და არასამთავრობო ორგანიზაციის ფლობა არ ნიშნავს პოლიტიკაში შემოსვლას.
„მე მგონი, ამ შემთხვევაშიც, ბიძინა ივანიშვილის ხსენების სიამოვნებას ვერ თმობს ოპოზიცია, თორემ რა შუაშია საზოგადოებრივი ორგანიზაციის აღდგენის ფაქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა-არშემოსვლასთან?! ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ერთხელ დაბრუნების შემდეგ განაცხადა, როცა გაუჭირდება ჩემს პარტიას, მე მისი დახმარებისთვის ნაბიჯებს გადავდგამო. მისი პარტიის რეიტინგი არ არის ახლა გასაჭირში. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხრიდან არ არის ისე დაჩაგრული და უპერსპექტივო მომავალ არჩევნებში, რომ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. ამიტომ გაუგებარია, რად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი?!“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.
მაშინ გამოდის რომ მეგობრები თავიაანთ ხალხს ძალით ანიშნინებენ