“მერიის მიერ ჩვენს მოთხოვნაზე გამოგზავნილი საპასუხო წერილი ნათელი მაგალითია ქალაქის მთავრობის მხრიდან საკრებულოსადმი უპასუხისმგებლო და ზერელე დამოკიდებულებისა, რადგან წერილში მითითებულია მხოლოდ ციფრი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საჭიროებებზე იქნა გახარჯული აღნიშნული თანხა. ეს გვავარაუდებინებს, რომ ღონისძიებებისათვის გაცილებით მეტია დახარჯული, ვიდრე წერილშია მოცემული”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.
მისი აზრით, იმ ფონზე, როდესაც თბილისში ასეულობით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიღმა დარჩენილი მოქალაქეა, ასეთი რაოდენობის თანხების ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებებისათვის გაღება გაუმართლებელი და უპასუხიმგებლო ქმედებაა.
ბოლო პერიოდში გამოჩეკილმა ნაციონალმა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა კოკი იონათამიშვილმა ოპოზიციისთვის ეჭვების გაქარწყლება სცადა. მისი თქმით, მერიამ ახალი წლის მთელი რიგი ღონისძიებების რესურსი ჯერ კიდევ გასულ წლებში შეიძინა - ყველა ილუმინაცია, ნაძვის ხე, ყინული, საახალწლო სახლები.
“გარდა ამისა, კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსარულებლები, რათა ისინი წაგვეხალისებინა. დანახარჯები აბსოლუტურად შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რომელიც უნდა გააჩნდეს ისეთ ქალაქს, როგორიც თბილისია. დედაქალაქში, რომელსაც აქვს განვითარების ამბიცია, ასეთი ღონისძიებები უნდა იმართებოდეს”, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
შესაძლოა, თბილისში ახალი წლის ღონისძიებაზე მეტი მართლაც არ დახარჯულიყო, რადგან 31 დეკემბრის ღამეს არც არაფერი გამართულა. თუკი 2010 წლის დადგომა დედაქალქის მთავრობამ ეგზომ პომპეზურად იზეიმა, 2011 წელს მოკრძალებულად შეხვდა. მართალია, რუსთაველის გამზირი ტრადიციულად გადაკეტილი იყო, მაგრამ საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე კონცერტის გარდა, არაფერი გამართულა. ასე რომ, თუკი მერიას ყველაფერი წინა წლებში შეძენილი უკვე ჰქონდა და თითქმის ნახევარი მილიონი ლარი მარტო კონცერტს დაახარჯა (სადაც მხოლოდ ქართველი მომღერლები გამოდიოდნენ), ფული საკმაოდ გაუფლანგავს.
სამაგიეროდ, დედაქალაქისგან განსხვავებით, მთავრობამ ძალიანაც მოილხინა ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. მათ შორის ანდრეა ბოჩელის ჰონორარმა 2 მილიონი ევრო შეადგინა.
საქართველოს ხელისუფლებას ახალი წლის ღამეს ბათუმში გამართული გრანდიოზული კონცერტი, მთლიანობაში 40 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
მაგალითად, საქართველოს კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1,683 მილიონი ლარი დაუჯდა, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი - 737,5 ათასი ლარი, მერაია ქერის შოუ-კონცერტი კი 371,3 ათასი ლარი. აქედან გამოდინარე, გამორიცხული მართლაც არ არის, რომ ბოჩელის მოღერებულმა ყელმა ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარი შთანთქა.
“ეროვნული ფორუმის” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ეს ციფრები ოფიციალურად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯულ მონაცემებშია დაფიქსირებული.
“ე.წ. უფასო კონცერტები რეალურად სულაც არ არის უფასო - მათ ხარჯებს ხელისუფლება ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის სისხლითა და ოფლით შევსებული ბიუჯეტიდან, ჩვენგან დაუკითხავად და ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ათასი უპასუხისმგებლო ახალგაზრდის წუთიერი სიამოვნებისათვის აფინანსებს. მარტო კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1,683 მილიონი ლარი დაუჯდა ამ ორ ფონდს, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი კი - 737,5 ათასი ლარი”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილმა მაგალითად ავსტრალია მოიყვანა და აღნიშნა, რომ ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი შოუ-კონცერტის 5 მლნ დოლარით დაფინანსებას მოსახლეობამ საპროტესტო აქციებით უპასუხა.
“ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით დააფინანსა ერთ-ერთი შოუ-კონცერტი, რამაც საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსას თითქმის 80-ჯერ აღემატება”, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.