დროის ათვლა დაწყებულია - 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა ნიკა მელია ენმ-ს. ყოფილი თავმჯდომარე კარტებს ბოლომდე ჯერ ისევ არ ხსნის, თუმცა პარტიიდან წასვლას არ გამორიცხავს და აანონსებს, რომ ყველაფერს სწორედ 7-ში იტყვის.
ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მელიას ფლანგი დიდ შეკრებას გეგმავს. ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი მხარდამჭერებიც იტყვიან, მიდიან თუ ხაბეიშვილთან რჩებიან. მელიას ადგილს პარტიაში უკვე ვეღარ ხედავენ ყოფილი წევრები. ეს უკვე ხატია დეკანოიძემ თქვა. ამ განცხადების გამო კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილებსა და წასულებს შორის ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა.
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიიდან წასული ხატია დეკანოიძე და ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი ნიკა მელია ივანიშვილის მსგავსად ფსევდო თემებით, პარალელური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.
ბოკუჩავა ყოფილი და მოქმედი გუნდელების ქმედებას ყოვლად „გაუმართლებელს“ უწოდებს.
პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, მთავარი მიზნისგან გადახვევა არ შეიძლება - ასე პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას.
ხაბეიშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველასთან საუბრობს იმისთვის, რომ მაქსიმალური ერთობა იყოს.
„ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ერთობა უზრუნველვყოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამარჯვების პლატფორმა გვაქვს და ცხადია, კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge - ამბობს, რომ კარგია თუ ნიკა მელიამ პაარტიის დატოვება გადაწყვიტა, რადგან ის ენმ-ში რაც უფრო დიდ ხანს დარჩება, იმ მხარდაჭერასაც დაკარგავს, რაც პარტიაში და მის ელექტორატში აქვს. მისი პოლიტიკური აქტივობა მინელდება და დამოუკიდებლად პოლიტიკურ არსებობას ვერ შეძლებს.
„საინტერესო ის არის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში იბრუნებს იმ სახეებს, რომლის მეშვეობითაც 2012 წელს არჩევნები წააგო. ენმ-ის სათავეში ისევ მოექცნენ, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი პარტიას უბრუნდება, ასევე გიგი უგულავა და სხვა პარტიიდან წასული ხალხის დაბრუნებაზე ფიქრობენ. რებრენდიგის ნაცვლად, ძველი თაობის ხალხის რეანიმაცია ხდება. იყო ასეთი განცხადებაც, რომ უნდოდათ დიდი რაღაცა საბჭო შეექმნათ, სადაც სააკაშვილიც შევიდოდა, უგულავა, მელია და სხვები. თუმცა მიხვდნენ, რომ ეს შედეგის მომტანი არ იყო. ალბათ კეზერაშვილ-მერაბიშვილს ახლა სააკაშვილი კიდევ უფროსად, მელიასთან ერთად, ნამდვილად არ აწყობდათ და ამიტომ მელიას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ან პარტიაში ისევ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ან პარტია დაეტოვებინა. დღევანდელ ვითარებაში, პარტიის შიგნით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აღარ გამოდის, ამიტომ მელიამ გადაწყვეტილება მიიღო პარტია დატოვოს. არ მგონია მელიას და მის გუნდს საქმე ისე ცუდად ჰქონდეთ, რომ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გაუჭირდეთ. მელიას საკმაოდ დიდი გავლენები აქვს და რაც მთავარია, დღევანდელი ნაციონალების მენეჯმენტის და მმართველობის ფონზე, მელიას გუნდი, გაცილებით აკადემიური იქნება, როგორც პოლიტიკურად, ისე აკადემიურად, ვიდრე ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მელია ხაბეიშვილთან არც თუ მცირედი რაოდენობით დამარცხდა, მაგრამ სხვაობამ მათ შორის დიდი არ არის, ამიტომ მელიას წასვლა ენმ-ისთვის ასეთი უმტკივნეულო არ იქნება“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება როგორი იქნება, თუკი მელია პარტიას თანაგუნელებთან ერთად დატოვებს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ის ისევ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მან მელია დაგმოს და ხაბეიშვილის გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადოს, რათა მელიამ ნაცების ელექტორატის დიდი ნაწილის გადაბირება არ მოახერხოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზედა ფენაში და თავად პარტიაშიც ძალიან დიიდ დინება მიდის. ამ თამაშში კი, გარკვეულწილად, „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობს. რომ გითხრათ ხელისუფლებას აწყობს მელიას ცალკე გასვლა, არ იქნება სიმართლე, რადგან ენმ-ში შიდა რყევები და დაპირისპირება „ოცნებას“ აწყობს. თანაც მელია რა ძალას შექნის და ოპოზიციის გაერთიანებას მოახერხებს თუ არა, არ ვიცით და, შესაძლოა, ეს რისკიც არსებობდეს. ან რა ახალი კონფიგურაცია შესაძლოა გამოჩნდეს. ამიტომ რა გუნდი იქნება მელიას ირგვლივ ეს იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გვარამიას და მელიას ტანდემს, რა თქმა უნდა, ეს მელიასთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ გვარამია სააკაშვილის მეგობარია და ის, ალბათ, მაინც მის პოზიციას დაელოდება. გვარამია საინტერესო ფიურაა, თუმცა მელიას უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ენმ-ში ვიდრე მას. ის მაინც ძველი სისტემის პროკურორი კაცია და ეს დამღა მაინც აქვს“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ მელია ამდენი ხნის გნმავლობაში პარტიიდან იმიტომ არ მიდიოდა, რომ ის საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენდა. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ის პარტიის შიგნით მუშაობდა იმისთვის, რომ გუნდი შეეკრა. ალბათ, ამის დრო უკვე დადგა და მან გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა მიიღოს.
„ამის პირველი მერცხალი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან ფრაქციის წევრების დემონსტრაციულად ენმ-ის დატოვება იყო. ეს იყო ის ხალხი, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი მელიას დაუჭირა. შესაბამისად, როგორც ჩანს, მელიამ ეს პერიოდი თავისი მხარდამჭერების კონსოლიდაციას, შეკრებას და პოტენციური მოკავშირების მოძებნას დაუთმო. იმიტომაც გააკეთა თავისი ცალკე ოფისი, სადაც ამისთვის ემზდებოდა. როგორც ჩანს, ახლა მან ჩათვალა, რომ დრო დადგა, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, განაცხადოს დემონსტრაციულად პარტიიდან გასვლის შესახებ. ასეთი ვარაუდი მაქვს, რადგან მისი განცხადება სხვა ინტერპრეტაციის საშუალებას, უბრალოდ, არ იძლევა.
შემდეგ რას გააკეთებს ეს გამოჩნდება. შესაძლოა, ცალკე პოლიტიკური პარტია შექმნას, ან მისი მომხრეებით სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მივიდეს. ეს, ალბათ, 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ის ზიანი შეიძლება მიადგეს, რომ, ვინაიდან მელიასა და ხაბეიშვილს შორის არჩევნების დროს, დიდი სხვაობა არ იყო, გამოდის, პარტიაში მხარდამჭერების ნახევარს მელია უნდა. შესაბამისად, ეს არ იქნება მარტივი ამბავი. საქმე კი ისაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად აქვს იმიჯი დაზიანებული და იმდენად დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალაა, რომ მისგან კიდევ ერთი პარტიის გამოკვირტვა, არ მგონია ჩვენ პოლიტიკურ ველზე სერიოზული ცვლილების და ძვრების შემომტანი იყოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.