პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკვე მერამდენედ აბრალებენ ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებას. ამჯერად აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით გამოითქვა ეს ვარაუდი ოპოზიციის მხრიდან და ერთ დროს ოპოზიციის ფავორიტად მიჩნეული პრეზიდენტი ზურაბიშვილი კვლავაც ოპოზიციონერთა ბრალდებების არეალში მოექცა.
ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ დაახარისხა პრეზიდენტის მოქმედებები - „ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტი მისი თეთრი მხარეა, ფარცხალაძის საკითხი- შავი“.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილის თამაშებში ჩართულად მოიხსენია პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც ფარცხალაძე დაინდო და პრივილეგიები მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით, ეს პრივილეგიები კი ფარცხალაძეს ევროკავშირის ქვეყნებშიც გამოადგება. ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მოქალაქების ჩამორთმევის საკითხში და შემდეგ ეს საკითხი მოქმედ პრეზიდენტს გააჩერებინა.
ფარცხალაძესთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პოლიტიკურ მოროდიორობაში“ დასდო ბრალი პრეზიდენტს და აღნიშნა, „ზურაბიშვილი ჩემთვის გამოცანაა. ეს ქალი ყოველთვის იწყებს და საბოლოოდ ბიძინას ერთგულებით ამთავრებს“.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებაში სდებენ ბრალს და ამტკიცებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ადამიანის - ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული, რომელმაც იგი პრეზიდენტის სავარძელში დასვა.
ასე მოხდა 2020 წელსაც, როცა ოპოზიციამ პარლამენტში წლიური მოხსენებით წარმდგარ პრეზიდენტს სიტყვა დაუწუნა და ბიძინას დავალების შემსრულებლად მოიხსენია, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე, მაგრამ „ვერ ახსენა პუტინი, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი კი არა, უცხო პლანეტიდან ჩამოსული იყო“.
ამჯერად პრეზიდენტი ზურაბიშვილი თვითშემოქმედებას ეწევა, თუ ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, როცა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას უნარჩუნებს?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იზიარებს ოპოზიციის თეორიას ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით, რადგან მისთვის გაუგებარია, ბიძინა ივანიშვილს რაში სჭირდება ფარცხალაძის მიმართ ასეთი შეყოვნება?!
„მართალია, ოპოზიცია ამტკიცებს, ამასობაში ფარცხალაძემ საქართველოდან ყველაფერი გაიტანაო, მაგრამ პრეზიდენტი თუკი მოუხსნიდა ფარცხალაძეს მოქალაქეობას, ფარცხალაძე მაინც გაიტანდა ჩვენი ქვეყნიდან თავის ქონებას, რადგან აღარ აღმოჩნდებოდა საქართველოს მხრიდან სანქციების ქვეშ. ასე რომ, ბიძინას ხსენება ამ კონტექსტში ერთი რამითაა ნაკარნახევი - ოპოზიციას სიამოვნებს ივანიშვილის ხშირად ხსენება, რაც ოპოზიციის გემოვნების საკითხია. ოპოზიციის მხრიდან ასეთი ჰედონისტური მისწრაფების გარდა ჩემთვის გაუგებარია, რითი უნდა აიხსნას ივანიშვილის ჩართვა ფარცხალაძის გარშემო ამტყდარ ალიაქოთში“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, ფარცხალაძის გადარჩენაზე ვინმე ფიქრობდეს, ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე. ამდენად, ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილთან, რომ ფარცხალაძეს შეუნარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პირიქით, ფარცხალაძემ ძალიან დააზიანა „ქართული ოცნების“ პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ თუ რამეზე დარდობს, ეს არის დანარჩენ ფარცხალაძეებზე დარდი, ვინც ქმნის „ქართული ოცნების“ საყრდენს და „ოცნების“ რეჟიმს ვინც იცავს. ამიტომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ძალიან ლოგიკურია და გაუგებარია, რატომ ვერ ხედავს ამ ლოგიკას ოპოზიცია.
„ჩემთვის მკაფიო ლოგიკაა, თუკი პრეზიდენტი ჩამოართმევს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას, მაშინ ფარცხალაძე ხდება მხოლოდ რუსეთის მოქალაქე და მასზე აღარ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო სისტემები ვეღარ მოსთხოვენ საქართველოს, განახორციელოს ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციები, რაც მას დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ანუ საქართველოს ხელში შერჩება უმსგავსო, უგვანი ცვლილებები კანონში, რომელიც შეიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა. აქედან გამომდინარე, ფარცხალაძე მოიცილებს პასუხისმგებლობას, დარჩება რუსეთის მოქალაქედ, კი ბატონო, უცხოეთში ვეღარ იმოგზაურებს, სამაგიეროდ, გადაარჩენს სხვა ფარცხალაძეებს. შესაბამისად, ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ლოგიკა ძალიან აწყობს „ქართულ ოცნებას“. ამით დაიცავდნენ სხვებს. ის, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას, რისი უპირობო უფლებაც აქვს სამი თვის განმავლობაში, ამით ის ეუბნება „ქართულ ოცნებას“, გამოიტანეთ იდიოტური კანონი, გააუქმეთ ბრძანებულება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ამით თქვენ გადაარჩენთ საქართველოს და მერე მე უკვე მოვუხსნი ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას. ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, მსოფლიო ფინანსური სისტემა რეგულარულად მოსთხოვს საქართველოს, განახორციელოს ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციები. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი კი არ იცავს „ქართულ ოცნებას“, არამედ ებრძვის მას, უფრო სწორად, პრეზიდენტი იბრძვის საქართველოს ფინანსური სისტემის დაცვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დაზიანდება საქართველოს ფინანსური სისტემა, შეიძლება ჩამოიშალოს კიდეც და ლარიდან გადაიქცეს კუპონად“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას და არ მოელის, რომ ჩვენი სასამართლო ფარცხალაძის დევნას დაიწყებს.