„პრეზიდენტის გადაყენებაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა იმ თვალსაზრისით აწყობთ, რომ შექმნან განცდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჩამოშლილია“

„პრეზიდენტის გადაყენებაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა იმ თვალსაზრისით აწყობთ, რომ შექმნან განცდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჩამოშლილია“

შესაძლებელია თუ არა, რომ ენმ-მა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ქვეყანაში არეულობის ინსცენირებისთვის გამოიყენოს და როგორ? ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლებაც მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ, ფარსია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ენმ-მა მხარი დაუჭიროს. ბოლო დროს ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ენმ-ში პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა გადაიფიქრა, უკმაყოფილებაა და მსჯელობენ ხომ არ გამოიყენონ ეს მიზეზი იმისთვის, რომ მის იმპიჩმენტს ხმა მისცენ.

ხელისფლებას 88 გარანტირებული ხმა აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს, თუმცა 100 ხმისთვის, რომლითაც მისი გადაყენება შესაძლებელია 12 ხმა აკლდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვები, რომ ხელისუფლებას ენმ-ის გადაბირებაც არ უნდა. ისინი მხარს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს საკუთარი სურვილით დაუჭერენ. თუმცა ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რა პოლიტიკურ სარგებელს იღებს ამისგან „ნაციონალური მოძრაობა“ და რაში შეიძლება ეს აწყობდეს?

უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს: „რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი“.

„თავიდანვე ვთქვით, რომ „ქართული ოცნების“ ხმები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივიდეს. ამის მერე, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს ღია ეთერით პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი. რა მოლაპარაკებები იყო მათ შორის მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ჯერზე დაუჭიროს მხარი მმართველი გუნდის ინიციატივას და პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყოს.

ბუჩუკურის თქმით, ამას სალომე ზურაბიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის თავდასხმაც ადასტურებს.

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენო ბოლო პერიოდში არსებული პრეცედენტი, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის მხარდაჭერით „ოცნებამ“ აირჩია მურუსიძის სამეგობრო და გააძლიერე ე.წ. კლანი. ასევე, თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელებში „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს, როდესაც ისინი ძალიან აქტიურად ესხმიან თავს სალომე ზურაბიშვილს. ძალიან მარტივი სურათი შეიძლება მივიღოთ, შეიძლება გამოვიდნენ და თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა და მოდი, იმპიჩმენტს მოვუწყობთ და საბოლოო ჯამში, გათამაშდეს „ოცნებისთვის“ სასარგებლო თამაში“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური დღის წესრიგი ერთია, თუმცა ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მოხდა, მას, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია აღარ ენდობა.

„ნაციოანლური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი საკითხი, მიზეზი თუ საბაბი გამოიყენოს მორიგი არეულობის მოსაწყობად. დროში ემთხვევა სწორედ ის პროცესები, როცა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, სავარაუდოდ, საიმპიჩმენტო პროცესებიც დაიწყება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ზუსტად ამ დროს ემთხვევა. შესაბამისად, ახლა ნაციონალები და მასთან აფილირებული ოპოზიცია ნებისმიერი თემის გამოყენებას შეეცდებიან. სუს-მა ვნახეთ უკვე რომ გააფრთხილა ოპოზიცია და უთხრა, რომ იციან მათი ვერაგული ჩანაფიქრის შესახებ და ზუსტად ამ სტატუსთან დაკავშირებით არეულობას რომ გეგმავენ. სააკაშვილის გარემოცვიდან კონკრეტული პირებიც არიან დასახელებულები. ამიტომ, პრეზიდენტის გადაყენებაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა იმ თვალსაზრისით აწყობს, რომ შექმნან განცდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჩამოშლილია, პრეზიდენტი გადაყენებულია და ყველაფერი ერთად არეულობის მიზეზად უნდა გამოიყენონ. ენმ-ს სჭირდება ნებისმიერი პოლიტიკური ხავსი იმისთვის, რომ როგორც წყალწაღებულები მოეჭიდნონ. როგორც ჩანს, აქამდე ვერ ბედავდნენ, რომ ვითომ ქვეყნის ბედი, ანუ იმპიჩმენტის საკითხი, ერთი კაცისთვის, სააკაშვილისთვის დაეკავშირებინათ და ამით ევაჭრათ. ახლა პრეზიდენტზე გაბრაზებულებს, რომელმაც ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ამ მიზეზის კარგად გამოყენება შეუძლიათ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ 12 კაცი სწორედ ნაციონალებიდან იქნას მოძიებული“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, კენჭისყრა იქნება ფარული, შესაბამისად, ნაციონალებიდან იმპიჩმენტს მხარს ვინ დაუჭერს, უცნობი იქნება. ასევე საუბარი მათი მხრიდან იმაზე, რომ დარბაზში არ შევლენ, ფარსია, რადგან აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია უპრინციპობის ნათელი მაგალითია, რომელსაც ნებისმიერი გადაწყვეტილების წამებში შეცვლა შეუძლია.

„სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ახლა მათთვის მისაღები გახდა იმიტომ, რომ თემა ტივტივებს ზედაპირზე. სხვა თემაც რომ გამოჩნდეს, იმასაც გამოიყენებენ. შესაბამისად, არაფერია გამორიცხული. ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები. ვნახეთ დაღუპული ადამიანების ირგვლივ თუნდაც სარალიძის, ბაჩალეიშვილის, შაქარაშვილის საქმეები ავიღოთ, მის გამოყენებას როგორ ცდილობდნენ. ეს არის ძალა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი აინტერესებს. ეს ხალხი არც პროდასავლური ძალაა და არც ვინმეს უწევენ ანგარიშს თუკი დასჭირდებათ. ამიტომ ახლა მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ე.წ. რევოლუცია მოხდეს. ე.წ. მაიდანი ან მეორე ფრონტი გაიხსნას. ამისთვის ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და სალომე ზურაბიშვილს რაში დაინდობენ. ვნახეთ უკვე მას რეებსაც აბრალებენ და როგორ გამოიყვანეს გაყიდულად და ა.შ. ამიტომ სიუპრიზებს ნამდვილად არ გამოვრიცხავ“,-ამბობს აბაშიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ამაზე ჭორები ნამდვილად დადის და არ არის გამორიცხული ნაციოანლურმა მოძრაობამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ს ეს სჭირდება იმისთვის, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი არიონ.

„რა თქმა უნდა, ნაციონალებისგან არაფერია გასაკვირი. ისინი ეცდებიან თავიაანთი ჭკუით, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას. არაფერი გამოუვათ, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანაში არეულობა გამოუვათ. ამით თავად კი დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებენ და საკუთარ ამომრჩეველში ამ გადაწყვეტილების ახსნა გაუჭირდებათ, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალა ბევრ რამეზეა წამსვლელი. ამით მხოლოდ ნაცმოძრაობის დისკრედიტაცია მოხდება. თუ ეს მოხდება, ეს იქნება კატასტროფა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა ძალაა ნაციონალური მოძრაობა. ალბათ ენმ მოინდომებს , რომ თუ იმპიჩმენტი მოხდა ზურაბიშვილის, ახალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. მართალია ახლა კონსტიტუციის მიხედვით არჩევა 300 ხმოსანისგან მოხდება, მაგრამ ამით ხომ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან. ნაცმოძრაობას ალბათ იმედი აქვს, რომ პრეზიდენტობის არჩევნების კონტექსტში, წინასაარჩევნო პროპაგანდას ჩაატარებენ.

 ისევ ეცდებიან, რომ წინასაარჩევნო კამპანიით ოპოზიციის ლიდერები გახდნენ. ისაუბრებენ ისევ გაერთიანებაზე და ა.შ. ენმ-ი ამით შეეცდება ქვეყანაში დაძაბულობის, ქაოსის, დაპირისპირების დღის წესრიგი იყოს. იმის მაგივრად რომ ილაპარაკონ ხალხს თავად რას სთავაზობენ თუ ეს ხელისუფელბა აღარ იქნება, ილაპარაკებენ იმაზე, რომ ხელისუფლება ჩამოიშალა და საკუთარი პრეზიდენტი იმპიჩმენტით გაგადეს. თემების გადატანა ნაციონალურ მოძრაობასაც აწყბს. ენმ-ი არავის ეუბნება, რომ სასამართლოს რას უზამს, ხალხს ამ სიღარიბიდან როგორ ამოიყვანს. ომს ხომ მართლა არ დაიწყებს და ა.შ. ამაზე ლაპარაკის მაგივრად, აი ამ მაიმუნობას დაიწყებს. ამიტომ ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა აწყობთ და ამის გამოყენებას ეცდებიან. ახლა „ოცნებისთვის“ ერთი გამოსავალი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ს კარგ საშუალებას აძლევენ, რომ ქვეყანა არყიონ“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

trampi ბოლო ბოლო გათხოვდა ეს ქალიიიი??
მოკლედ მის გათხოვება--არ გათხოვებაზე ძალიან, ძალიან ვნერვიულობ.......
1 წლის უკან