რადიკალების სამიზნე ევროვნული ბანკი გახდა. ამ პროცესში ოპოზიციას მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“, რადგან თვლის, რომ საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს - ევროატლანტიკურ გზას.
რამდენიმე დღეა ქვეყნის მთავარი საფინანსო სისტემა პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას. იმ მოტივით, რომ ბანკი „რუსულ გადაწყვეტილებებს“ იღებს, უწყებას ტოვებენ თანამშრომლები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკში სიმშვიდეა და ყველა თავის მოვალეობას ასრულებს.
რადიკალების მთავარ სამიზნე უწყებაში - ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უფრო ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. მისი თქმით, განსაკუთრებით ახლა, გაფართოების შესახებ პირველი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და განსაკუთრებით ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებელი იყოს.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ მიმდინარე სიტუაციით... ჩვენ, როგორც ევროკავშირს გვსურს, რომ საქართველოს - იმედია, ჩვენს მომავალ წევრს - ჰყავდეს ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკმა.
როცა ეროვნულ ბანკზე თავდასხმა ხდება, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია, ამაზე რეაგირება ჰქონდეს. შალვა პაპუშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ბანკის იძულება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს.
„მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, პრეზიდენტის ქმედებები თუ ამის გამართლების მცდელობა. ეს ერთი მეორეზე უარესია. არსებული მდგომარეობა სამწუხაროა, ეს არის ეროვნულ ბანკზე თავდასხმა. პრეზიდენტის განცხადება ვნახეთ, რომელიც ეროვნული ბანკის ორ ახალ წევრს ეხებოდა, რომელთა მიმართაც პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა. ეს არის თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე.
როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის არც კონსტიტუციური ჩარჩო მოქმედებს და არც ადამიანური. ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, სადაც თავისი ქმედების გამართლებას ცდილობდა იმით, რომ ორ ადამიანს იყენებდა, რათა პარლამენტისთვის რაღაც დაემტკიცებინა. ჩვეულებრივი ღირსების შემლახავი დამოკიდებულებაა, როცა პრეზიდენტი ამბობს და არ ერიდება თქმას, რომ სხვა ადამიანებს იყენებს ინსტიტუციური ბრძოლებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე დგას ფინანსური სისტემა და შესაბამისად, საქართველოში უნდა დაიწყოს „საბანკო შარლ მიშელი“. მისი თქმით, სავალუტო ფონდის შუამავლობით, პრეზიდენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს საბჭოს 4, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური წევრი კონსენსუსით.
„ეროვნულ ბანკში ძალიან ცუდი პროცესები ვითარდება და ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხს აგებს ნათია თურნავა და „ქართული ოცნება“. გავრცელდა მედიაში პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული ბანკის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა წამყვანი სამმართველოს ხელმძღვანელი, ხოლო ნათია თურნავას დაუწყია კონტრსაპასუხო ხელმოწერები და რამდენიმე განყოფილების ინიცირებით, ერთ ხელმოწერას მეორეს უპირისპირებს და ეროვნულ ბანკში შეაქვს, ფაქტობრივად, განხეთქილება. ეროვნულ ბანკში არიან მაღალკვალიფიციური ადამიანები, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ რჩებიან მაღალპროფესიული კადრები.
თურნავას როგორც იმ განცხადების გაკეთება დაავალეს, ასევე დაავალეს, ვინ უნდა იყოს მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დღეს ის გახდა მარიონეტი. ქალბატონმა ნათიამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ნაგროვები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში დაანგრია. ზურაბიშვილს არ გაუვა პრეზიდენტობის ვადა და ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ეროვნული ბანკი იქნება ჩამოშლილი, უუფლებო და გადაქცეული მთავრობის კანცელარიის დანამატად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე პრეზიდენტი ჩართული იყო ისეთი სისტემის რყევაში, როგორიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, როდესაც აჭიანურებდა ელჩების დანიშვნას, ასევე ცდილობდა საბოტაჟის მოწყობას ცეესკოს თავმჯდომარის წარდგენასთან დაკავშირებით.
„ახლა, ეს ქალბატონი მიადგა ეროვნულ ბანკს. საუბარი მიდის თითქოსდა ამ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელმაც არც ერთხელ არ დაიცვა ეროვნული პოზიციები, არც შარშან, როდესაც უსამართლოდ მოგვექცა ევროკომისია, არც წელს. ახლა მიმდინარეობს მისი გაუგებარი ვოიაჟები საზღვარგარეთ, რასთან დაკავშირებით, რას გვიპირებს, რა საიდუმლო სერობებში იღებს მონაწილეობას, უცნობია.
დღეს, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ტარდება ლიეტუვაში, სადაც გადაუმოწმებელი ინფორმაციით, იმყოფებიან ჩვენი რადიკალები, მათ შორის ნიკა გვარამია, ანუ მიდის „მაიდანის“ წინა მოსამზადებელი შულავერის კომიტეტის გასვლითი სხდომა. ცდილობენ ყველანაირ ინსტიტუციას დაარტყან, ინსტიტუციას, რომელიც ამაგრებს ამ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ვითარება საშიშია და როგორც კი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაიწყო თავდასხმები, ლარის კურსი დაეცა, შეიქმნა პანიკა მოსახლეობაში და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე გასაყიდად გამოიტანა 60 მილიონზე მეტი, რომ ლარის კურსის ვარდნა შეეჩერებინათ.
„ჯერ კიდევ არ ვიცით ეს პროცესი როგორ დასრულდება. მეორეც, სალომე ზურაბიშვილმა მოქმედების მანერაში მიბაძა კელი დეგნანს, ტაქტიკაში და თუნდაც რიტორიკაში - როგორც დეგნანმა უწოდა უცხეთის გავლენის შესახებ კანონს რუსული კანონი მყისიერად, ისე, რომ, ალბათ, წაკითხულიც არ ექნებოდა, ზუსტად ასევე სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის დადგენილებას უწოდა რუსული და ამით ფაქტობრივად, შეაგულიანა ზუსტად ის ჯგუფები, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც 7-8 მარტს გამოვიდა აქციაზე ვითომ ევროპული ღირებულებების დასაცავად - აი, ხედავთ ჩვენ მივიღეთ მორიგი რუსული დადგენილება და აბა, ხალხნო, მოახდინეთ ამაზე რეაგირება!
ეს იყო მისი ამ სიტყვების და განცხადების ერთ-ერთი მიზეზი და მოტივი. ამით მან ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის რაღაცნაირად სოლიდარიზირებული არის ოპოზიციასთან და ცდილობს ასეთი წერტილოვანი დარტყმებით მოახდინოს „ქართული ოცნების“ პოზიციების შესუსტება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მის განცხადებას, გასაგებია, რომ კითხულობენ, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ეს არის ამ ყველაფრის ტექსტი, შედეგს, ალბათ, კიდევ ვნახავთ. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, ასე არაა, არ დამთავრებულა, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.