„კმარა“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, ახლა უკვე ორგანიზაცია „კანვასი“ რევოლუციის სამსახურში. პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მიმდინარეობს წვრთვნა-გადამზადება, სადაც ქართველ ახალგაზრდებს რევოლუციური სცენარისთვის ამზადებენ. სუსის მტკიცებით, ამ მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში. მათ სტრატეგიაში შედის კარვების ქალაქი, ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
„კანვა საქართველოს“ დირექტორი, ილიაუნის ლექტორი გიორგი მელაძე ბრალდებას უარყოფს და აქტიური ადამიანების დაშინებად აღიქვამს. თუმცა გიორგი მელაძე აღიარებს, რომ სერბული ორგანიზაციის „ოტპორის“ წევრებს 2003 წლიდან იცნობს და მათთან ერთად 2005 წელს შექმნა ორგანიზაცია „კანვასი“, რომელიც არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე მუშაობს.
რამდენად ამართლებს დასახელება „არაძალადობრივი კამპანია“ თავის შინაარსს, ამის გამოცნობა რთული არაა, თუკი გავიხსენებთ რა გზა გაიარა 1998-2004 წლებში სერბეთში დაარსებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობა „ოტპორმა“. 2003 წელს მოძრაობა „კმარა“ სწორედ „ოტპორის“ გამოცდილებით დაფუძნდა და დიდი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში. უფრო მეტიც, 2008 წელს ეგვიპტეში „ოტპორის“ გამოცდილებით დაფუძნდა „6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“, რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და, რომლის უკანაც „ისლამური საძმო“ იდგა.
რას მიაღწევენ „ოტპორის“ ანალოგიით შექმნილი ორგანიზაციები საქართველოში?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე იხსენებს, რომ 2003 წელს საქართველოს მოსახლეობაში ნამდვილად იყო რეალური საპროტესტო მუხტი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გამწარებული იყო აღვირახსნილი მასობრივი კორუფციით. ეს შევარდნაძემაც იცოდა და გულწრფელად ამბობდა, „ან დავამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია დაგვამარცხებს არა მარტო ჩვენ-ხელისუფლებას, არამედ მთელ სახელმწიფოსაც“. თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერი გაკეთდა კორუფციის წინააღმდეგ.
„როდესაც საპროტესტო მუხტი არსებობს, მაშინ „კმარას“, „ოტპორსა“ და სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ მასების ორგანიზებაში, ამ მუხტის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ხოლო, როცა მუხტი არ არის და წლიდან წლამდე ისე მოვდივართ, ვხედავთ, რომ „ნაცები“ საერთოდ ვერ აგროვებენ ხალხს, მაშინ რევოლუცია ვერ მოხდება. ხალხი თუ საპროტესტოდ შეგროვდა, ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ალალად გამოვიდნენ ქუჩაში ევროპაში შესვლის მოთხოვნით, ეს იყო ევროპის მხარდამჭერი აქცია. საკმაოდ ბევრი ადამიანი მოტყუვდა, სტუდენტებიც ვიცი, პროფესურაც ვიცი, რომელთაც ეგონათ, რომ საქართველის ხელისუფლებას რუსული კანონი უნდა მიეღო. ამ ადამიანებმა როგორც კი დაინახეს ძალადობა, მაშინვე დატოვეს რუსთაველი და მაშინვე გაშიშვლდნენ „ნაცების“ ბოევიკები და ვერ გაბედეს უფრო წინ წასვლა. საკუთრივ „ნაცებს“ თავიანთ ღონისძიებაზე არ შეუძლიათ ხალხის შეგროვება, რადგან არ არის მოსახლეობაში ასეთი მუხტი“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, დიდი ალბათობით, საზოგადოების იგივე შემადგენლობა, რომელიც ალალად გამოდიოდა საპროტესტოდ ევროპაში შესვლის მოთხოვნით, კვლავაც შეიძლება გამოვიდეს რუსთაველზე. ღმერთმა ნუ ქნას, „ნაცებმა“ ამით ისარგებლონ და გვამებიც გამოაჩინონ თავიანთი განზრახვის შესაბამისად. ამიტომ, პეტრე მამრაძის აზრით, პრევენციული განცხადება, რომ „ნაცები“ გადატრიალებას გეგმავენ, უნდა იყოს გაფრთხილება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკეთესი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის.
პეტრე მამრაძის თქმით, მსოფლიოში ვერ ნახავთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც შემოქმედებითი ინტელიგენცია და მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურად არ იყოს განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ. ეს ადამიანები სკეპტიციზმს გამოხატავენ არჩევნებზე მისვლით და შესაბამისი ხმის მიცემით. ცხადია, საქართველოშიც არიან სკეპტიკურად განწყობილები ხელისუფლების მიმართ და უნდა იყვნენ კიდეც.
„მე რომ შევაგროვო ჩემი სტატიები და გამოსვლები, სადაც მძაფრად ვაკრიტიკებდი „ოცნებას“, ეს გაცილებით მეტია მოცულობით, ვიდრე ჩემი მხარდაჭერა „ოცნების“ მიმართ. თუმცა სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, არავითარი მესამე ძალა არ გამოჩნდა, რადგან საქართველოში ხმას აძლევენ პიროვნებას და არა პარტიას. არავითარი პიროვნება არ ჩანს, რადგან სოციუმისგან ასეთ პიროვნებაზე შეკვეთა არ არის. ხელისუფლების სწორი მოქმედების შემთხვევაში, მათ შორის, მოსახლეობის სწორი ინფორმირებით, „კანვასის“ მსგავსი ორგანიზაციები წარმატებას ვერ მიაღწევენ. მუხტის არარსებობის შემთხვევაში იმ მუხტს ვერ გააჩენს ვერავითარი „კმარა“, „ოტპორი“ და სხვა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე და იზიარებს მოსაზრებას, რომ „ნამდვილ რევოლუციებს აწყობენ ის მთავრობები, რომლებიც ვეღარ მართავენ სიტუაციას“.
მისივე აზრით, ლენინის კლასიკური ფრაზაც მართალია, რომ რევოლუცია იწყება მაშინ, როცა ქვედა ფენას აღარ უნდა ცხოვრება ისე, როგორც ადრე ცხოვრობდა, ზედა ფენას კი აღარ შეუძლია მართვა. ასე მოხდა 2003 წელს. დღეს ასეთი ვითარება სულაც არ არის, რომ რევოლუცია მოამზადონ იდეალისტებმა, განახორციელონ ფანატიკოსებმა, მისი შედეგები კი მოიმკან თაღლითებმა და ვიგინდარებმა.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ უკვირს ორგანიზაცია „კანვასის“ არსებობის, რადგან ამ ტიპის ორგანიზაცია შექმნეს 2003 წელს საქართველოში „კმარას“ სახით და ამით მოახდინეს რევოლუცია.
ნანა კაკაბაძის განმარტებით, საერთოდ, მსგავსი ორგანიზაციები სახელმწიფო გადატრიალებებისთვის არსებობს. როცა დასჭირდათ ამის ანალოგი, შექმნეს ორგანიზაცია „კმარა“, ახლა კი ლომჯარია შექმნეს ამისთვის.
„ზუსტად „კმარა“ დღეს არის ლომჯარია. ვფიქრობ, „კმარას“, „ოტპორის“, „კანვასის“ მსგავს ორგანიზაციებზე მეთვალყურეობა მარტო ხელისუფლების, შს სამინისტროს და სახელმწიფო უწყებების გასაკეთებელი საქმე არ არის, ეს საზოგადოების გასაკეთებელი საქმეა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს მზაობა იმისთვის, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე არ ვიცი, ხელისუფლება როგორ შეძლებს ზეწოლას ამ ტიპის ორგანიზაციებზე, ღმერთმა ქნას, ხელისუფლებამ ამას გაუძლოს და შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ რომ ვერ გაუძლოს, საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედოს საქართველოს კურსის შეცვლა. ოპოზიციამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი დგას ხელისუფლების გვერდით, ხელისუფლებამაც უნდა იგრძნოს, რომ ხალხი რევოლუციებს არ დაუშვებს, რომ ხალხს არ უნდა ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის შეცვლა. დღეს მთავარი როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც მსოფლიოსაც და ხელისუფლებასაც უნდა დაანახოს, ჩვენ რა გვინდა, რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.